ცამეტს ნურაფერს დააბრალებთ!

AutoSharing Option
ამ ბოლო დროს ჩვენ ჩემპიონატს უამრავი "უცნაურობა" ახასიათებს: პირველმა წრემ ისე ჩაიარა, არც ერთი მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი არ გვინახავს (არადა, ყოველივე ეს სულაც არ ყოფილა საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგისა და "პირველი არხის " ბრალი); თითქმის ყოველ ტურში სხვადასხვა "მასშტაბის" სკანდალი ხდება; აღარაფერს ვამბობთ ჩვენი მსაჯების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე თუ კიდევ უარესზე - არბიტრების მიმართ გაჩენილ სერიოზულ ეჭვზე (ამა თუ იმ გუნდის სასარგებლოდ თუ საწინააღმდგეოდ... შეგნებულად ცდებიანო),
გუშინ "შეთქმულების თეორიაც" რომ ვუწოდეთ.

ჰო, "უცნაურობა", მართლაც არ აკლია ჩვენ ჩემპიონატს; სამაგიეროდ, გულშემატკივართა
რაოდენობა უკვე... გეომეტრიული პროგრესიით კლებულობს და ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სტადიონებს ვგულისხმობთ. 500, 400, 300, 200, 100 - აი, დაახლოებით ამ რაოდენობის ქომაგი ესწრება-ხოლმე "დინამოს", "ოლიმპისა" და "ვიტ ჯორჯიას" საშინაო შეხვედრებს; არადა, სხვა თუ არაფერი, სამივე ეს დასახელებული გუნდი ბოლო წლების ყველაზე წარმატებულ კლუბებად მიიჩნევა, მაგრამ თბილისშიც და რუსთავშიც ეროვნული ჩემპიონატის მატჩები, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ ტარდება.

კიდევ კარგი, ლიხს იქით მაინც არის აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია და ვიმედოვნებთ, ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, ზუგდიდისა და ფოთის სტადიონებზე დასწრების პრობლემა არც არასდროს იქნება. თუმცა, ჯობს ისევ ზემოთნახსენებ "უცნაურობებს" დავუბრუნდეთ, წინა სეზონებისგან განსხვავებით, მეტისმეტად... ადრე რომ დაიწყო! ეგ კი არა, ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ყველაფერი ეს "მოთელვაა", ანუ, "წავარჯიშება გადამწყვეტი ეტაპისათვის"; ჰოდა, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ან როგორ იქნება იმ მართლაც "გადამწყვეტ ეტაპზე", როცა მესამე და მეოთხე წრის მატჩები უნდა ჩატარდეს. მით უფრო, რომ სწორედ გაზაფხულის შემოსვლას "უკავშირდება" ჩვენთან "უცნაური" შედეგით დასრულებული მატჩების მომრავლებაც, ჩემპიონატსა და თასის გათამაშებას შორის პრიორიტეტის არჩევაც, ორი-სამი გუნდის ერთ "ბლოკში" გაერთიანებაც, და ასე შემდეგ. აღარაფერს ვამბობთ "განსაკუთრებულ უცნაურობაზე", პირდაპირ კავშირში რომ არის თითოეული მწვრთნელისა თუ ფეხბურთელის... ხასიათთან; ანუ, "უემოციო შეხვედრებს" ვგულისხმობთ: რამდენჯერ გვინახავს ისეთი ეპიზოდი, როცა მეტოქის კარში გადამწყვეტი გოლის ავტორმა, სიხარულის გამოხატვის ნაცვლად ლამის არის... ბოდიში მოუხადოს მოწინააღმდეგის მცველებსა თუ მეკარეს!..

გაზაფხულამდე დიდი დროა დარჩენილი, - ბოლოს და ბოლოს, "ქართული სატრანსფერო ზღაპრებით" დახუნძლული ზამთარი გველოდება; უფრო მეტიც: ჯერ შემოდგომა არ გაგვიცილებია და ღვინობისთვის ბოლო დღეს დანიშნულ ტურის წინათქმაზეც ვისაუბროთ. თან, არ დაგავიწგყდეთ: XIII ტურია; ჰოდა, ნურავის გაუკვირდება, ამა თუ იმ გუნდის წარმომადგენელმა წარუმატებლობა... ცამეტ რიცხვს რომ "გადააბრალოს"...


სპარტაკი-ზესტაფონი
სატურნირო ცხრილში საპირისპირო "პოლუსზე" მყოფ გუნდების დაპირისპირებას, ერთი შეხედვით, ინტრიგა არ უნდა ახლდეს; ანუ, ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის სტატუსიდან გამომდინარე, "ზესტაფონი" ამ წყვილში უპირობო ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ. თანაც, ურთიერთდაპირისპირებათა სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აშკარა უპირატესობა გია გეგუჩაძის გუნდის მხარეს არის: "სპარტაკმა" ერთადერთხელ შეძლო "ზესტაფონის" დამარცხება. თუმცა, სტატისტიკა ამ შემთხვევაში აშკარად მეორეხარისხოვანია: თავის ხვალინდელი მეტოქისგან განსხვავებით, "ზესტაფონმა" მოსამზადებელი პერიოდიც ნაყოფიერად გამოიყენა და შემადგენლობაც, ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე, მართლაც სოლიდური ჰყავს. ახლა მთავარია, რამდენად შეძლებს ჩემპიონობის ერთ-ერთი რეალური ფავორიტი გუნდი ოთხმატჩიანი "გასვლითი სერიის" მინიმალურად უდანაკარგოდ გავლას - "ზესტაფონმა" წინა ტურის შეხვედრა ზუგდიდში ჩაატარა, ხვალ გორში თამაშობს და ამის შემდეგ რუსთავსა და ფოთში უწევს შეხვედრები.

"სპარტაკის" ბოლოდროინდელი ასპარეზობა აშკარად დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს - ახალი მთავარი მწვრთნელის, ბადრი კვარაცხელიას მოსვლის შემდეგ გუნდის ძირითად შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები მოხდა და ყოველივე ეს თამაშის ხარისხსაც დაეტყო. სამწუხაროდ, ეს სასიკეთო გარდაქმნა... ქულებში არ აისახა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო მატჩებში "სპარტაკს" მუდამ ლიდერებთან უწევდა დაპირისპირება.


ვიტ ჯორჯია-კოლხეთი
ნებისმიერ უსიამოვნო სერიას დასასრული უნდა ჰქონოდა და სწორედ ასე მოხდა "ვიტ ჯორჯიას" შემთხვევაში: ზედიზედ 4 წაგებული მატჩის შემდეგ მერაბ კოჭლაშვილის ახალგაზრდულმა გუნდმა წინა ტურში ასე საჭირო 3 ქულა მოიპოვა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქულა "საჭიროა", მაგრამ იმ ოთხმატჩიანმა მოუგებელმა სერიამ "ვეტერინარების" სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა და გუნდი სახიფათო ზონის სიახლოვესაც აღმოჩნდა. არც ის იყო უმნიშვნელო ფაქტი, რომ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები, ფაქტობრივად, ერთი თვის განმავლობაში მეტოქეთა კარში გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. სხვათა შორის, "ვეტერინართა" დაღმასვლა VII ტურის შემდეგ დაიწყო, როცა რუსთავში ამბიციურ "ტორპედოს" სძლიეს. სწორედ იმ ტურში მოხდა ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაციაც: უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა "კოლხეთმა" ქვეყნის ჩემპიონი "ოლიმპი" დიდი ანგარიშით (5:1) დაამარცხა. სამწუხაროდ. ამის შემდეგ ბესიკ შეროზიას გუნდს, თუკი რაიმე პრობლემა (საფეხბურთოც და არასაფეხბურთოც) არსებობს, ყველაფერი მოეძალა და ყოველივე ეს სატურნირო ცხრილშიც აისახა. განსაკუთრებით მტკივნეული კი, რაღა თქმა უნდა, ბოლო ტურში "დინამოსთან" ხუთბურთიანი სხვაობით წაგება იყო; არადა, იმ შეხვედრამდე უმაღლეს ლიგაში ყველაზე ნაკლები გოლი სწორედ "დინამოსა" და "კოლხეთს" ჰქონდა გაშვებული (შვიდ-შვიდი), მაგრამ ფოთელთა ერთობ არასახარბიელო ფინანსურმა მდგომარეობამ გუნდის ასპარეზობაზეც მეტად ნეგატიურად იმოქმედა.


სიონი-სამტრედია
XIII ტურის წინათქმის შესავალში ამ ჩემპიონატის უამრავ "უცნაურობაზე" ვსაუბრობდით და, ალბათ, უპრიანი იქნებოდა, კონკრეტული გუნდებიც გვეხსენებინა. აი, თუნდაც ბოლნისის "სიონი": დებიუტანტი მწვრთნელის გიორგი ყიფიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდს ორად ორი საშინაო გამარჯვება აქვს და ისიც... ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტებთან "ოლიმპთან" და "დინამოსთან"! ანუ, ბოლნისური გუნდი თავისზე ბევრად ძლიერ მეტოქეებთან, ეტყობა, მოტივაციის ნაკლებობას არ განიცდის, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით სხვა მოწინააღმდეგეებთან პაექრობებზე.

ერთი შეხედვით, თამაშის ორგანიზაციის მხრივ, "სიონს" არაფერი დაეწუნება; თუმცა, შეტევის ხაზში გარკვეული პრობლემები ნამდვილად შეინიშნება, - საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალ პროცენტს ვგულისხმობთ, ამ სეზონში "სიონის" საწვრთნელო შტაბის თავსატეხად რომ იქცა. სხვათა შორის, "სიონს" ერთადერთი გასვლითი მოგება აქვს და ისიც, ხვალინდელ მეტოქესთან - ამ გუნდების I წრის შეხვედრაში ყველაფერი მატჩის ბოლოს, გიგი დიდავას შორეული დარტყმის მერე გადაწყდა, როცა მასპინძელთა კარში გოლი რიკოშეტით გავიდა. ამის შემდგომ "სამტრედიას" აშკარად არაერთგვაროვანი პერიოდი ჰქონდა: მეტ-ნაკლებად წარმატებულ მატჩებს მარცხი მოჰყვებოდა-ხოლმე; აღარაფებს ვამბობთ იმ მართლაც ყბადაღებულ თემაზე, ასევე ახალგაზრდა მწვრთნელის გელა სანაიას გუნდს სეზონის დასაწყისიდანვე რომ თან სდევს - "სამტრედია" ნამდვილად ვერ დაიკვეხნის სტაბილური ფინანსური კეთილდღეობით. ამის მიუხედავად, გუნდის ბოლოდროინდელ ასპარეზობას მხოლოდ და მხოლოდ წარმატებული უნდა დავარქვათ: ბოლო სამ შეხვედრაში "სამტრედიამ" 7 ქულა მოაგროვა!


ტორპედო-ბაია
ზემოთ, რამდენიმე გუნდის წარუმატებელი სერიების დასასრულზე ვსაუბრობდით, თუმცა გარკვეული "სინდრომი" ყველას როდი მოეხსნა. აბა, სხვა რა სახელი შეიძლება ეწოდოს იმ ფაქტს, როცა გუნდი, ფაქტობრივად, ყოველ მეორე შეხვედრას ფრედ ასრულებს? ჰოდა, ამიტომაც არის ხვალინდელი ეს წყვილი "უცნაური": "ტორპედოს" საკუთარ მოედანზე 5 ფრე აქვს ნათამაშები, მეტოქე "ბაიას" კი - სტუმრად არც ერთი! ანუ, უცბად, წარმოვიდგინოთ კონკრეული სიტუაცია: გუნდის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელის, დისკვალიფიცირებული კაპიტნის როინ ონიანის გარეშე მოასპარეზე "ბაიას" მიზანი ხვალინდელ მატჩში ხომ ქუთაისიდან 1 ქულის წამოღება უნდა იყოს; არადა, მასპინძლებმა რომ კვლავაც ფრედ დაასრულონ ხვალინდელი შეხვედრა, ეს უკვე, ალბათ, მეტისმეტი იქნება და, იმედია, მეცამეტე ტურს არ დაბრალდება.

მოკლედ, მასპინძელთა მწვრთნელ-ფეხბურთელები რაც უფრო მალე განთავისუფლდებიან ამ მართლაც, "საყაიმო სინდრომიდან", მით უკეთესი - არა გვგონია, ამ გუნდის ერთგულ და მრავალრიცხოვან ქომაგებს სიამოვნებდეთ "ტორპედოს" ხილვა აუტსაიდერთა შორის. გასაგებია, რომ გარკვეული პროგრესი შეინიშნება (გუნდს უკვე 5 მატჩია არ წაუგია), მაგრამ მოგებების დროც დადგა და... გოლების გატანისაც: უმაღლეს ლიგაში ყველაზე დაბალშედეგიანი გუნდი ხომ სწორედ "ტორპედოა" (6 გოლი). აი, სტუმრებზე კი ენა ვის უნდა მოუბრუნდეს: ფინანსური პრობლემების გამო გუნდიდან ლამის ორი ათეული (!) გამოცდილ ფეხბურთელის წასვლის შემდეგ, "ბაიამ"... უფრო უკეთესი შედეგის ჩვენება დაიწყო!


დინამო-ოლიმპი
ტურის ცენტრალური მატჩის სტატუსიც უნდა გაამართლოს და მართლაც მშვენებად უნდა იქცეს ამ ჩემპიონატის და, საერთოდ, ბოლო წლების ფავორიტთა დაპირისპირება. ბოლო წლებიც შემთხვევით არ გვიხსენებია: უკანასკნელი 4 სეზონის განმავლობაში სამჯერ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ხომ სწორედ "დინამო" და "ოლიმპი" ინაწილებდნენ. ამ ხნის განმავლობაში ჩატარებულ მატჩებში მცირე უპირატესობა "დინამოს" მხარეს არის: 5 გამარჯვება, 3 ფრე და 4 წაგება. თუმცა, რუსთავის გუნდს, ალბათ, ის ექნება საამაყო, რომ თავისი ორივე ტიტული სწორედ "დინამოსთან" დაპირისპირების შემდეგ მოიპოვა. ისე, მართლაც უცნაური დამთხვევა იყო: ორივეჯერ - 5 მაისი იყო, ორივეჯერ - ჩემპიონატის დამთავრებამდე 4 ტური რჩებოდა და ორივეჯერ, "ოლიმპს" ქულა ჰყოფნიდა სანუკვარ მიზნამდე...

"დინამოსა" და "ოლიმპის" შეხვედრებში, წყვილის ფავორიტზე საუბარი, ალბათ უაზრობა იქნება: წარმატების მისაღწევად ორივე ამ გამორჩეულ (მწვრთნელებიან-ფეხბურთელებიანად) გუნდს აბსოლუტურად თანაბარი შანსები უნდა ჰქონდეს. ასეთ შემთხვევებში კი, გადმწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, თუ რომელი გუნდი უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებს; თორემ, მოტივაციის მხრივ, არც ერთს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს: "დინამოც" და "ოლიმპიც" საჩემპიონო რბოლაში აქტიურად არიან ჩართული და "ზესტაფონს" მშვიდად ყოფნის საშუალებასაც არ აძლევენ.

მეტოქესთან შედარებით ამ ბოლო დროს "დინამო" ბევრად უფრო სტაბილურად ასპარეზობს და ამის გამოც არის, ერთპიროვნულ ლიდერს მხოლოდ დამატებით მაჩვენებლით ჩამორჩება. თან, ნუ დაგვავიწყდება არცთუ უმნიშვნელო ფაქტიც: კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამო" ერთადერთი გუნდია, საკუთარ მოედანზე ქულათა მაქსიმუმი რომ აქვს მოპოვებული. ამ ტენდენციის გაგრძელებას "დინამო" ხვალაც შეეცდება, მით უფრო, გუნდს ხომ რევანშიც აქვს ასაღები პირველ წრეში განცდილი მარცხის გამო.

სხვათა შორის, 22 აგვისტოს ჩატარებული ის შეხვედრა ბევრი რამით დაგვამახსოვრდა: "ფოლადის" სტადიონზე ანშლაგი რომ... არ იყო; პროჟექტორები... რომ კარგად ვერ ანათებდნენ, და, რაღა თქმა უნდა, მსაჯობისადმი პრეტენზიებით! არადა, სანახაობრივი თვალსაზრისით მართლაც არცთუ ურიგო მატჩი გამოდგა. მაგრამ დინამოელთა აზრით, მსაჯებმა რამდენიმე ეპიზოდში ერთობ საკამათო გადაწყვეტილებები მიიღეს. სხვათა შორის, მატჩის დასრულების შემდეგ კახა კაჭარავა რომ აღშფოთებული იყო, მსგავსი არასდროს გვინახავს...

დაბოლოს, ხვალინდელი ცენტრალური მატჩის კიდევ ერთ ინტრიგაზეც: გარკვეული პაუზის შემდეგ "დინამოს" წინააღმდეგ მოუწევს ამჯერად უკვე "ოლიმპის" დამოძღვრა რამაზ მუმლაძეს; მწვრთნელს, რომელსაც "ვიტ ჯორჯიაში" ოთხწლიანი მოღვაწეობის დროს, "დინამოსთან" დაპირისპირებებში მეტ-ნაკლებად დადებითი ბალანსი ჰქონდა: 3 მოგება, 5 ფრე და 4 წაგება...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 2 /
http://www.youtube.com/watch?v=41AjLcNTjyY
vaxo
18:40 30-10-2010
0
http://www.youtube.com/watch?v=qQDsMHdy370&feature=related
vaxo
18:41 30-10-2010
0

სიახლეები პოპულარული