"ზუგდიდი" რომან ფიფიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" გაზეთ "ლელოს" 10 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ რომან ფიფიას ინტერვიუს გამოეხმაურა.

გაზეთ "ლელოს" რედაქციას!!!
თქვენი გამოცემის, მიმდინარე წლის 10 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ექსკლუზიური ინტერვიუ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტთან, ბატონ რომან ფიფიასთან, სადაც ის გარიგებული მატჩების ერთ-ერთ ავტორად ს.კ. "ზუგდიდს" ასახელებს და მას კონკრეტული ფაქტიც მოჰყავს ამასთან დაკავშირებით.

კერძოდ, ის თვლის, რომ საქართველოს 24-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩი "დილა"-"ზუგდიდს" შორის, რომელიც გორელთა მოგებით, 6:0 დასრულდა, ზუგდიდელთა მხრიდან ეს შეხვედრა "გამაზული" იყო.

გთავაზობთ ამონარიდს რომან ფიფიას ინტერვიუდან, რომლის ბრალდებასაც
ს.კ. "ზუგდიდის" დირექტორი მალხაზ ჭეჟია პასუხობს:

რომან ფიფია (თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი):
"დინამო" ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევარს ოთხი ქულით ვუსწრებთ, მაგრამ ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას. პირდაპირ ვიტყვი, რომ აქ დიდი სიბინძურე ტრიალებს. თუნდაც "ზუგდიდის" მაგალითი ავიღოთ, რომელიც "ზესტაფონთან" თავს იკლავს, "დინამოს" და "ტორპედოს" შეაკვდება და გორის "დილასთან" დიდი ანგარიშით აგებს. თუ ფეხბურთის ფედერაციამ ეს არ ან ვერ აღკვეთა, თუ ფეხბურთის ფედერაციამ, რომელიც ჩემპიონატს ატარებს, სამართლიანი თამაშის პრინციპები ვერ დაიცვა, "დინამო" რადიკალურ ნაბიჯს გადადგამს" (იხ."ლელო", 10 აპრილი, ოთხშაბათი, 2013).

ყოველივე აქედან გამომდინარე, ს.კ. "ზუგდიდის " დირექტორი მალხაზ ჭეჟია თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას ბრალდებას ასე პასუხობს.

მალხაზ ჭეჟია (ს.კ."ზუგდიდი", დირექტორი):
"ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რომან ფიფიას ბრალდება და საერთოდ, მისი ცინიკური დამოკიდებულება ზოგადად ს.კ. "ზუგდიდის" მიმართ. ფიფიამ ეს ბრალდება ჯერ კიდევ 10 დღის წინ სფფ-ის თორმეტთა შეკრებაზე დასვა და მაშინ ჩემგან მან საკადრისი პასუხი მიიღო, თუმცა ეტყობა, სახელოვანი კლუბის პრეზიდენტი არ კმაყოფილდება ამით და ხელს ისევ "ზუგდიდისკენ" იშვერს.

გორის "დილასთან" ჩვენი გუნდის მატჩისას იგივე კითხვა გაჟღერდა "დილას" ხელმძღვანელების მხრიდან, როცა ზუგდიდი 2:0-ს აგებდა, თითქოს ჩვენ დავკარგეთ თბილისის "დინამოსგან" შეპირებული პრემიალური თანხები, რაზეც გორის სტადიონზე შელაპარაკება მოგვიხდა "დილას" წარმომადგენელთან და ამის მომსწრეები ჟურნალისტებიც იყვნენ.

ხსენებულ თორმეტთა შეკრებაზე, როცა რომან ფიფიამ ეჭვქვეშ დააყენა "დილა"-"ზუგდიდის" მატჩის სამართლიანობა, ამავე შეხვედრაზე ეს თემა წამოვწიე და პირდაპირ მოვახსენე "დინამოს" პრეზიდენტს, რომ "დილას" მესვეურები სწორედ მისკენ იშვერდნენ ხელს, თითქოს "ზუგდიდმა" გორში წაგებით, "დინამოსგან" ბოძებული პრემიალური თანხები დაკარგა და კითხვაც დავუსვი მაშინ ფიფიას - მისცა თუ არა პირობა მან "ზუგდიდს" პრემიალურ თანხებზე?

ამაზე "დილას" წარმომადგენლებმა სხდომაზევე ბოდიში მოგვიხადეს, რომ მათ გაარკვიეს ყველაფერი და შეცდომაში იყვნენ შეყვანილ
ი.

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ფიფიას მოჰყავს, თითქოს ზუგდიდურ გუნდს დღეისათვის "გამყიდველები" ჰყავს - მას ასე ვუპასუხებდი: იმ ფეხბურთელების მიმართ, ვისაც ფიფია ასახელებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თავის დროზე დაა
წესა სანქციები და იმავე ფეხბურთის ფედერაციამ მათ მიმართ სანქციები გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხსნა.

თუ ძალიან დიდი სურვილი აქვს რომან ფიფიას წესიერებაზე და პატიოსნებაზე, საზოგადოებას ღიად ესაუბროს, თანახმა ვარ მასთან დებატებზე ნებისმიერ სატელევიზიო ეთერში.

მე, მალხაზ ჭეჟია, ს.კ. "ზუგდიდის" დირექტორი, კატეგორიულად მოვითხოვ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასგან, ხსენებულ ბრალდებას ჩვენი კლუბის მიმართ მისცეს ოფიციალური სახე ან ბოდიში მოუხადოს ს.კ. "ზუგდიდს" ყოვლად დაუსაბუთებელი ბრალდების გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე ს.კ. "ზუგდიდი" თავად მიმართავს კანონით დადგენილ ზომებს".


ს.კ. ზუგდიდი
(სტილი დაცულია)

ასევე იხილეთ:
რომან ფიფია: პირდაპირ ვიტყვი - აქ დიდი სიბინძურე ტრიალებს!
გორის "დილა" "ლელოში" დაბეჭდილ სტატიას გამოეხმაურა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული