მარტვილის "მერანის" გულშემატკივარი მსაჯობით უკმაყოფილო იყო, თუმცა სტუმარმა ბევრი რამ საკუთარ თავსაც უნდა დააბრალოს - მეორე ტაიმში რამდენიმე საგოლე მომენტი გაფლანგა.
"სიონმა" ამ გამარჯვებით სატურნირო მდგომარეობა გამოიკეთა და ქვედა ექვსეულში ვითარება კიდევ უფრო ჩაიხლართა.
ბოლნისელებს დისკვალიფიკაციის გამო კვლავ არ ჰყავდათ ლადო ახალაია. "სიონი" ერთი გამოკვეთილი ფორვარდით გავიდა მოედანზე, კოკა მიკუჩაძეს ფლანგებიდან ირაკლი კლიმიაშვილი და ზაალ ელიავა ეხმარებოდნენ.
კლიმიაშვილი მართლაც სასარგებლოდ ირჯებოდა, მარჯვენა
"მერანი" ფრთხილად თამაშობდა, უფრო გრძელი გადაცემებით ცდილობთა საკუთარი შეტევების გამწვავებას და ეს არცთუ ურიგოდ გამოსდიოდა.
კლიმიაშვილმა მარჯვნიდან კარგად დააგორა კარის გასწვრივ. გიორგი ჩივაძეს ჩინებული შანსი ჰქონდა, ერთი შეხებით შეეცადა გოლის გატანას, მაგრამ მიზანი კარგად ვერ გაისწორა - ეს იყო პირველი სახიფათო მომენტი ამ შეხვედრაში და მეორე საგოლე შესაძლებლობაც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მას - ისევ კლიმიაშვილმა შეასრულა გადაცემა და ისევ ჩივაძემ ააცილა კარს.
ამის მერე სტუმართა ჯერიც დადგა. გრძელი გადაცემის შემდეგ "სიონის" დაცვის ცენტრი ჩაფლავდა. საბა ლომია მინდია ბობღიაშვილთან პირისპირ დარჩა, დარტყმას მეკარის მოტყუება არჩია, რაც არ გამოუვიდა და საგოლე შანსიც გაანიავა.
"მერანმა" ისევ გრძელი გადაცემებით სცადა მოწინააღმდეგის დაცვის მორღვევა და ისევ გაუმართლა ამ ხერხმა - ლაშა კუჭუხიძემ რევაზ ქემოკლიძესთან ორთაბრძოლაში 11-მეტრიანი მოიპოვა და ლომიამაც დარტყმა უზადოდ შეასრულა - 0:1.
ანგარიშის გაზრდა მალევე შეეძლო კიჭი მელიავას. მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ იყო გასული, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება დაახანა და ხიფათიც გაქრა.
"სიონი" ანგარიშის გათანაბრებას ცხოვლად ცდილობდა. პაველ ჰაიდუჩეკის შორეული დარტყმა ჯონი შეროზიამ კუთხურზე მოიგერია, კლიმიაშვილის ჯარიმაც "სიონის" მეკარემ არ შეუშვა კარში - "მერანის" დაცვაში ბზარები აშკარად ჩანდა.
ბოლნისელებმა საგოლე შეტევა მარჯვენა ფლანგიდან წამოიწყეს, მრავალსვლიანი კომბინაცია კი კოკა მიკუჩაძემ დაასრულა ახლოდან დარტყმით.
ტაიმის დასრულებამდე მიკუჩაძეს კიდევ შეეძლო გატანა, კლიმიაშვილის ჩაწოდებულს აკრობატული დარტყმა მიაყოლა - "მერანი" შეროზიამ იხსნა.
შესვენების შემდეგ პირველი მწვავე ეპიზოდი "მერანმა" შექმნა - ვლადიმერ უგრეხელიძემ რისკიანად გადააწოდა ბურთი ბობღიაშვილს, ვისთანაც ლომია გაჩნდა, თუმცა ოდენ კუთხურს გამორჩა.
მეორე ტაიმში "სიონმა" განლაგება შეცვალა: შეცვლაზე შესულმა გიორგი ბიბილეიშვილმა მარჯვენა ფლანგზე დაიკავა ადგილი, კლიმიაშვილი მარცხნივ გადავიდა, ხოლო ელიავამ მარცხენა მცველად დაიწია.
კლიმიაშვილმა სწორედ მარცხნიდან გადააწოდა ბურთი გიორგი მანწკავას, რომელიც მოცელეს და გიორგი ვადაჭკორიამაც პენალტი დანიშნა - მიკუჩაძემ ისევ უნაკლოდ შეასრულა დარტყმა.
ამის შემდეგ სტუმრებს ორჯერ შეეძლოთ გოლის გატანა: ლევან გეგეჭკორის სოლო-რეიდს ძელს გარტყმული ბურთი მოჰყვა, ლომია კი ერთხელაც აღმოჩნდა ბობღიაშვილთან პირისპირ, მაგრამ უხეიროდ ითამაშა და მხოლოდ კუთხური მოინაგრა.
მატჩის ბოლო 11-მეტრიანი ბიბილეიშვილმა მოიპოვა. 3:1-ის შემდეგ შეხვედრამ ინტრიგა დაკარგა. "სიონს" ანგარიშის გაზრდაც შეეძლო, თუმცა ვაჟა ნემსაძის ძლიერი დარტყმა შეროზიამ გაუვნებელყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"