ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 0:0 - დაკარგული შანსების მატჩი

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯია" გამორჩეული გუნდი იყო მას შემდეგ, რაც ის გურამ რუხაძემ შეიძინა. მთელი ათი წელი "ვეტერინარები" ჩემპიონატის ლიდერებში იყვნენ, ორჯერ ოქროს მედალს დაეუფლნენ, ერთხელ - თასსა და სუპერთასს, ასაკობრივ ნაკრებებსაც საკმაოდ კარგი მოთამაშეებით ამარაგებდნენ.

მაგრამ ბოლო წლებში გუნდი მადააღძრულმა კონკურენტებმა გვერდზე ჩააჩოჩეს და ახლა ის სავალალო რეალობის წინაშე დადგა: არსებობის ისტორიაში პირველად, "ვიტ ჯორჯიას" უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე ემუქრება.

ვიტელებმა საკუთარ "მცხეთა პარკზე" კი ითამაშეს, მაგრამ ფოთელებთან ცალსახა ფავორიტად მაინც ვერ ჩაითვლებოდნენ, რადგან აუტსაიდერმა "კოლხეთმა" ბოლო ტურებში ლიგაში დასარჩენად ღონიერი
ნაბიჯები გადადგა.

Sportall.Geმიუხედავად უგოლო ფრისა, საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი ვიხილეთ. სტუმრები უფრო ფრთხილად მოქმედებდნენ და კონტრშეტევების იმედად იყვნენ. "ვიტ ჯორჯია" ნელ-ნელა უპირატესობას დაეუფლა.

განსაკუთრებით სასარგებლოდ მარჯვენაფლანგელი გიორგი კორიფაძე თამაშობდა. მან სამჯერ კარის წინ მარტო დარჩენილ თანაგუნდელებს ანგარიშის გახსნის შანსი მისცა, მაგრამ ლევან კუხალეიშვილმა (ორჯერ) და გიორგი ვასაძემ რეალური მომენტებით ვერ ისარგებლეს.

ტაიმის მიწურულს ფოთელები გიორგი ჯანელიძემ აანერვიულა: მისი საჯარიმოს შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა. 39-ე წუთზე კი კუხალეიშვილი ფოთელთა საჯარიმოში გია ჩადუნელთან ბრძოლაში წაიქცა - მასპინძელთა აზრით, მცველმა ვიტელთა კაპიტანი წააქცია, თუმცა მთავარმა არბიტრმა ლაშა სილაგავამ თამაში გააგრძელა, რითაც ვიტელთა გულისწყრომა დაიმსახურა. ერთი შეხედვით, პრეტენზია საფუძვლიანი ჩანდა.

არბიტრთან პრეტენზია ფოთელებსაც ჰქონდათ: 47-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კარში თემურ ფარულავამ გააგზავნა, მაგრამ ლაშა სილაგავამ წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

პირველ ნახევარში კი "კოლხეთიდან" ომარ გოგონაიას შორეულ ძლიერ დარტყმას აღვნიშნავთ, რომელიც კარს მცირე მანძილით ასცდა.

სტუმრებს მეტი მომენტი არ შეუქმნიათ, გარდა იმისა, რაზეც ბოლოს გეტყვით. ვეტერინარებმა კიდევ ბევრჯერ სცადეს ანგარიშის გახსნა, თუმცა გურამ ადამაძემ, ჯანელიძემ, გურამ გურეშიძემ და ელგუჯა ლობჯანიძემ ხელსაყრელი მომენტებით ვერ ისარგებლეს; "კოლხეთის" მეკარე მიხეილ ხარშილაძეც საიმედოდ გამოიყურებოდა.

მატჩის დასრულებამდე წამები რჩებოდა, როდესაც ფოთელთა თავდამსხმელი ნიკა სიჭინავა მეკარესთან პირისპირ გავიდა და შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეეძლო, მაგრამ ბურთი კარს ააცილა და მსაჯის სასტვენმა 0:0 დააფიქსირა.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული