მიკუჩაძე "სიონში" მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპისთვის მივიდა და გუნდს ყველანაირად გამოადგა - "სიონი" თასის ნახევარფინალში რომ გავიდა, იქაც დაიდო წილი და გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენაშიც რიგიანიად ეხმარება.
კოკა "სიონამდე" ისრაელის ქვედა ლიგაში თამაშობდა, ებრაელებთან სამი სეზონი ითამაშა და ცხადია, გამოცდილებაც შეიძინა, თუმცა მიკუჩაძე ისეთი იყო, მისგან ყველა მეტს რომ ელოდა.
რა თქმა უნდა, ის ერთადერთი არ არის, ვინც იმაზე უფრო პერსპექტიულად
ცამეტი წლის წინათ მიკუჩაძე თბილისის "დინამოში" მიიწვიეს, თანაც არ იკითხავთ, საიდან? წნორის "მილანიდან". ეს ის დროა, როცა "დინამო" ერთი ხელიდან მეორეში გადავიდა, კლუბი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაიბარა, თუმცა სანამ ეს მოხდებოდა, "დინამოში" არეულობა იყო და გუნდი ძალიან ბევრმა გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა. ასეთმა "დინამომ" მოახერხა და ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა - იმ გუნდისთვის ეს დადებითი შედეგი იყო.
მიკუჩაძე რბილი მანერით მოთამაშე შემტევი გახლდათ, უფრო თავდამსხმელის უკან მოქმედებდა, ტექნიკა და ნათელი გონება არაორდინარული გადაწყვეტილებების უნარს უძლიერებდა. წნორის "მილანიდან" ამხელა კლუბში მისულმა ფეხბურთელმა მყის დაამტკიცა, რომ ფეხბურთის თამაში მართლაც მარჯვედ შეეძლო.
მოკლედ, 2001 წელს "დინამო" სამეულში მოხვდა და უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა. "დინამოში" ამასობაში მწვრთნელი შეიცვალა, კარგად მომუშავე გოჩა ტყებუჩავას ადგილი გამოცდილმა გივი ნოდიამ დაიკავა. წილისყრამ მაინცდამაინც არ გაუმართლა "დინამოს" და პირველივე ეტაპზე ბორისოვის ბატე არგუნა. სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო ბატეს აღმავლობა. ეს კლუბი უკვე ხელისუფლების ფავორიტი იყო ბელორუსში.
ფოტოზე: კოკა მიკუჩაძე თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ მატჩში
პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართა, პირველი გოლი უმცროსმა ვიტალი დარასელიამ გაიტანა 11-მეტრიანით, უპირატესობა კი შეცვლაზე შესულმა მიკუჩაძემ გაზარდა 86-ე წუთზე თავსხმა წვიმაში - კოკა ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა, მეათედ წამში მიიღო გადაწყვეტილება და გარე ტერფით, მოჭრილი დარტყმით გადაგზავნა ბურთი კარში.
ეს არ იყო ერთი კარგი, ჩვეულებრივი გოლი, რადგან ასეთ სიტუაციაში ზოგი გამოცდილი თავდამსხმელიც კი ძალაზე ურტყამს და არა - შესრულებაზე. მიკუჩაძემ კი შესრულებაზე დაარტყა, ერთხელაც დაგვანახვა, რომ ოსტატი იყო და არა მძლეოსანი.
ბატეს კი მაშინ ვიტალი კუტუზოვი ჰყავდა, ძალიან ნიჭიერი, იმ დროისთვის უკვე საყოველთაოდ აღიარებული ფორვარდი. ბელორუსებმაც მისი ჩაუქობის შემდეგ გაათანაბრეს ანგარიში. საგოლე დარტყმა კი არტემ გონჩარიკმა 89-ე წუთზე შეასრულა.
მოკლედ, მიკუჩაძის გოლი იმ შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა და ერთმა გაზეთმა მატჩის რეპორტაჟს ასეთი სათაურიც უძღვნა: კოკამ წყალი წვიმაშიც მოიტანა!
საპასუხო შეხვედრაში "დინამომ" 0:4 წააგო. კუტუზოვი იტალიურმა გრანდმა, "მილანმა" წაიყვანა, კოკა კი "დინამოში" დარჩა, თუმცა ცოტა ხნით - დიღმის ბაზაზე ხორვატი ივო შუშაკი მივიდა, ერთი პერიოდი აკვირდებოდა მიკუჩაძეს, მერე კი თქვა, ნიჭიერია, მაგრამ ჯერ უნდა დაკაცდესო. "დინამოს" და კოკას გზებიც გაიყარა.
* * *
ახლანდელი "სიონის" შეტევას, მიკუჩაძის გარდა, ლადო ახალაიაც აძლიერებს. ახალაიას ამბავი სულ სხვანაირია და სხვა დროსაც იქნება მოსაყოლი.
ამ "სიონის" გენერალური დირექტორი კი ლადო ბურდული გახლავთ, ახალაიას და მიკუჩაძის ყოფილი თანაგუნდელი ტყებუჩავას, ნოდიას და შუშაკის "დინამოში".
ცოტა არ იყოს, მისტიკას უფრო ჰგავს ეს ყველაფერი, ვიდრე უბრალო დამთხვევას.
მიკუჩაძე ისრაელში წასვლამდე არაერთ ქართულ გუნდში თამაშობდა, მაგრამ თითქოს არსად იყო მისი ადგილი, ვერსად მოერგო ისე სიტუაციას, რომ აღმა წასულიყო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი. XXVII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
სიონი-მერანი 3:1 - ჰეთ თრიკი და სამი პენალტი