დინამო (ბთ)-მერანი 6:0 - ქობულეთური კომპლექ(ვ)სი [VIDEO]

AutoSharing Option
უკვე მეორედ, ქობულეთური ჰაერი მარტვილის "მერანმა" ცუდად დასცადა - მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილმა გუნდმა "ჩელე-არენაზე" ამ სეზონში ორივე შეხვედრა დიდი ანგარიშით წააგო, თანაც ისე, რომ ერთხელაც ვერ გაუტანეს ფორმალურ მასპინძლებს, ხოლო საკუთარ კარში ჯამურად 10 გოლი მიიღეს.

თუ წინა წაგებისას (0:4) მარტვილელების უიღბლობაზე შეიძლებოდა გველაპარაკა, რადგან შედეგი თამაშის მიმდინარეობას ზუსტად ნამდვილად ვერ ასახავდა, ამჯერად სტუმრებმა ყველაფერი თავიანთ თავს უნდა დააბრალონ.

პრინციპში, "მერანს" შეტევაში ზურგი ახლაც აქცია იღბალმა და უფრო მეტად, ივან პიტსანის უშეცდომო თამაშმა, მაგრამ რას აკეთებდნენ სტუმარი მცველები გაშვებული გოლებისას,
ძნელი სათქმელია.

ფაქტია, ასე გარღვეული და იოლად დასაჩაგრი "მერანის" უკანა ხაზი აქამდე არ გვენახა. ამ წაგებით სტუმრებმა მდგომარეობაც გაირთულეს და გამანადგურებელი ანგარიში ფსიქოლოგიურად რამდენად გატეხს ამ სიმპათიურ გუნდს, დარჩენილ მატჩებში გამოჩნდება.

რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათ ამ სეზონში, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშეს და თუნდაც სტუმართა დაცვა ასე არ გარღვეულიყო, გამარჯვებას უთუოდ გია გურულის შეგირდები იმსახურებდნენ, რომლებმაც კონკურენტზე იოლი გამარჯვებით განწყობა აშკარად გამოიკეთეს.

მატჩის დასაწყისი ისეთი იყო, სტუმრებს ცუდს არაფერს უქადდა, მით უფრო - ასეთ განადგურებას, მაგრამ სამწუთიან მონაკვეთში "მერანის" მცველების "ჩაძინება" ბათუმელებმა ორ გოლად აქციეს - ჯერ ბესიკ ჩიმაკაძემ ქუსლით კარგად დაუტოვა ალეკო კოშკაძეს, ხოლო ძირითადში გამწესებულმა ნოდარ კიკნაველიძემ (მან მწვრთნელს იმედები გაუმართლა და შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ) მარცხენა ფლანგზე აიწყვიტა და მარჯვნიდან შემორბენილი სანდრო გურულიც კარგად "მოძებნა" - შედეგად, მე-14 წუთისთვის უკვე 2:0 იყო.

ამან სტუმრები დააბნია, მათ ხეირიანი შეტევაც ვერ განახორციელეს. "მერანის" თავკაცმა მარცხენა მცველი შეცვალა, მაგრამ ახლა უკვე მისი გუნდის მარჯვენა ფრთა ააწიოკა კიკნაველიძემ ჯემალ გაბუნიასთან ერთად, თუმცა აქედან დინამოელებმა სარგებელი ვერ ნახეს.

სამაგიეროდ, მათ ისევ სტუმრები "დაეხმარნენ" - დაცვის მორიგი მიუტევებელი შეცდომა ჩიმაკაძემ შეირგო და ანგარიშს სოლიდური სახე მისცა, 3:0.

მეორე ტაიმის დასაწყისი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მარტვილელები სწრაფი გოლის გატანას შეეცადნენ, თუმცა ვერ მოახერხეს.

ამის ყველაზე კარგი შანსი საბა ლომიას ორჯერ მიეცა - პირველ შემთხვევაში, იგი ერთბაშად რამდენიმე მცველს გასცდა და მეკარესთან პირისპირ შეყრილმა პიტსანს ვეღარ აჯობა, როგორც ორი წუთის შემდეგ, როცა თავით სახიფათოდ ურტყამდა. იქვე ბათუმელთა მეკარემ კიდევ ორი საშიშროება განმუხტა.

ამ დროში უფრო ფასეული "დინამომ" შექმნა, როცა ჩიმაკაძე მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა და დარტყმა იჩქარა, თუმცა ბათუმელთა ფორვარდმა დუბლი მალევე შეასრულა - გაბუნიას ჩაწოდებული მეკარეს ბრძოლაში თავით მოუგო და ცარიელ კარში გატანა აღარ გასჭირვებია, 4:0.

ამის მერე "მერანი" მთლიანად მოიშალა და მის განადგურებას საბოლოო სახე ვაჟა ქორიძემ და ამირან მუჯირმა მისცეს - პირველმა მოედანზე შესვლიდან წამებში უფროს გურულს ნდობა, ხოლო სანდროს კარგი გადაცემა დაუფასა; ბათუმელთა კაპიტანმა კი მისთვის ჩვეული ულამაზესი გოლი გაიტანა.

VideoSportall.Ge
19.04.13. დინამო (ბთ) - მერანი 6:0


19.04. ქობულეთი. "ჩელე-არენა". 500 მაყურებელი
დინამო (ბთ)-მერანი 6:0
1:0 კოშკაძე (11. ჩიმაკაძის პასით), 2:0 გურული (14. კიკნაველიძის პასით), 3:0 ჩიმაკაძე (30), 4:0 ჩიმაკაძე (65. გაბუნიას პასით), 5:0 ქორიძე (72. გურულის პასით), 6:0 მუჯირი (89)
არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი
გაფრთხილება: მახარაძე (83)

დინამო (ბთ) : პიტსანი, ფარტენაძე, გ. ჟვანია, ზ. ლობჟანიძე, გაბუნია, მახარაძე, ა. გურული, მუჯირი, კოშკაძე, კიკნაველიძე, ჩიმაკაძე
მწვრთნელი: გ. გურული

შეცვლები: გაბუნია - ქორიძე (71), ჩიმაკაძე - აბუსელიძე (77), გურული - ბერიძე (77)
სათადარიგოები: ტაკიძე, გოგიტიძე, დიასამიძე, მაკარიანი

მერანი: შეროზია, გეგეჭკორი, იობაშვილი, ლ. ღონღაძე, მელიავა, დიდავა, ბუკია,ფონიავა, ხუბუა, კუჭუხიძე, ს. ლომია
მწვრთნელი: მ. ჟვანია

შეცვლები: მელიავა - ზაქრაძე (26), ფონიავა - შარვაძე (46), კუჭუხიძე - ტორონჯაძე (55)
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, ქარქუზაშვილი, გუგუნაშვილი, ბანება

* * *

19.04.13. ფოთი. ფაზისი

კოლხეთი-მეტალურგი 0:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
საღოლ ბათუმი გოლებიც ამას ერქვა ეს ბათუმია თუ ბარსა
0
კიკნაველიძე ნამდვილი აღმოჩენაა
giorgi
14:36 21-04-2013
0

სიახლეები პოპულარული