დავით კვირკველია პრინციპული მატჩის წინ: შესაძლოა, ჭკუიდან გადახვიდე

AutoSharing Option
27 აპრილამდე დიდი დრო აღარ დარჩა, გორის "დილამ" "დინამო თბილისი" უნდა ისტუმროს. თუ ვერ მოუგო, ძნელად წარმოსადგენია, რომ უმცროსი დუშან უჰრინის გუნდს ვინმე შეეცილოს ჩემპიონობაში - "დინამო" "დილას" ოთხი ქულით უსწრებს, ჩემპიონატის დასრულებას კი ოთხი ტური უკლია.

"დილაში" არაერთი ყოფილი დინამოელია, მათ შორის, 32 წლის დავით კვირკველია, ვინც საფეხბურთო გზა ლანჩხუთიდან დაიწყო, ფოთში გააგრძელა და ასე მოხვდა "დინამო თბილისში".

უკრაინა, რუსეთი, საბერძნეთი და კვიპროსი - კვირკველიამ შვიდი წელიწადი საზღვარგარეთ ითამაშა, შარშან კი საქართველოში დაბრუნდა და "დილას" მაისურა მოირგო.

კვირკველიამ გვითხრა,
რომ:

"ისეთ მეტოქესთან თამაში, როგორიც "დინამოა", ყოველთვის რთულია. ჩისკო ამ გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა, მაგრამ მისი არყოფნით "დინამო" მაინც არ დასუსტდება, რადგან კარგი რესურსი აქვს.

იმედი მაქვს, რომ 27 აპრილს საინტერესო, სანახაობრივი თამაში იქნება".


ჩისკო 23 აპრილს ვერ დაეხმარა თავის გუნდს, "დინამომ" თასზე რუსთავში წააგო (იხილეთ ვრცლად). კვირკველია ვინძლო გულწრფელად საუბრობს იმაზე, რომ ესპანელი ვერც 27 აპრილს დაეხმარება "დინამოს", მაგრამ ვერავინ უარყოფს იმას, რომ ჩისკოს სამმატჩიანმა დისკვალიფიკაციამ "დინამოს" საქმე გაურთულა.

27 აპრილს ისეთი მნიშვნელობის მატჩია, რომ მწვრთნელი ალბათ რამდენიმე დღე ფიქრობს ტაქტიკა-სტრატეგიაზე, საკუთარი გუნდის ყველანაირად მომზადებაზე.

"ისეთი თამაში გველის, რომ არცერთ მწვრთნელს დასჭირდებოდა იმაზე ფიქრი, ფეხბურთელებს მოტივაცია როგორ გავუღვივოო.

ამ მატჩისთვის ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად მომზადება ნამდვილად არ გვჭირდება. თერთმეტი ფეხბურთელი და ტაქტიკის შერჩევა - მუშაობა ახლა ამაზე მიდის",
- ამბობს "დილას" კაპიტანი.

მიმდინარე სეზონში "დილამ" შინ კი მოახერხა "დინამოს" დამარცხება 2:0 (იხილეთ ვრცლად), ოღონდ სტუმრად 0:3 წააგო (იხილეთ ვრცლად). სეზონის მეორე ეტაპზე "დილამ" უჰრინის გუნდთან სტუმრად 0:0 ითამაშა. ეს იყო ისეთი ფრე, რომელიც უფრო "დინამოს" აძლევდა ხელს (იხილეთ ვრცლად).

"თუ არ ვცდები, მიმდინარე სეზონში "დინამოს" შინ ჯერ არ წაუგია, ფრე მხოლოდ ერთხელ ითამაშა და ისიც ჩვენთან.

27 აპრილის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი კი იქნება, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ამით არ დასრულდება ყველაფერი. ჩემპიონატი 18 მაისს მთავრდება და ვფიქრობ, ბოლო ტურამდე მაგარი ბრძოლა იქნება",
- ასე მიაჩნია "დილას" მარცხენაფლანგელს.

როგორც უნდა იყოს, გორელები იძულებულნი იქნებიან, შეუტიონ და გოლი გაიტანონ. "დილა" "დინამოს" მდევარია და გამარჯვების გარდა, ვერანაირი შედეგი ვერ დააკმაყოფილებს.

"რა თქმა უნდა, ფრე ჩვენთვის ხელსაყრელი არ იქნება, სხვაობა ისევ ოთხი ქულა დარჩება, წარმატების მიღწევა კი სხვადასხვა ტაქტიკით არის შესაძლებელი, რაც უკვე მწვრთნელის კომპეტენციაა.

შევუტევთ ან დაცვიდან ვითამაშებთ - მწვრთნელი გადაწყვეტს, თუ როგორ მივიდეთ წარმატებამდე",
- განმარტავს კვირკველია.

სეზონის პირველი ეტაპის შემდეგ "დილა" რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა და მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამაც. "დილას" ახლა ლიტველი ვალდას ივანაუსკასი წვრთნის და კვირკველიას მასზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა.

"ყველა მწვრთნელს საკუთარი სტილი აქვს. დარასელიას ხელში ზედიზედ 11 მატჩი მოვიგეთ, ივანაუსკასის ხელმძღვანელობითაც კარგად მივდივართ, მხოლოდ ერთხელ წავაგეთ, ქუთაისის "ტორპედოსთან".

ივანაუსკასს გერმანული სტილი მოსწონს. ამის დეტალურად ახსნა ცოტა რთულია, თუმცა ვისაც ფეხბურთი ესმის, კარგად მოეხსენება, თუ რას ნიშნავს გერმანული სტილი და შეუპოვრობა".


კვირკველიამ ისიც გვითხრა, რომ 27 აპრილს გორში სტადიონი, ალბათ, გაივსება.

"ამ მატჩზე, "დილას" გარდა, "დინამოს" გულშემატკივარიც ბევრი მოვა და ყველაფერი ეს კარგი საფეხბურთო ატმოსფეროს შექმნას შეუწყობს ხელს.

მარტო ჩემი მეგობრები იმდენნ
ი იქნებიან სტადიონზე, რომ ერთი ტრიბუნა მათ დასჭირდებათ.

დიდ აჟიოტაჟს ველოდებით. ფაქტია, რომ ჩემპიონობისთვის მხოლოდ ეს ორი გუნდი იბრძვის".


ჩემპიონობისთვის ბრძოლა კი მხოლოდ მოედნებზე არ მიმდინარეობს. მასმედიაში ამ გუნდების მესვეურებმა ერთმანეთს კარგად "უჩხვლიტეს". კამათი და ბრალდებები სოციალურ ქსელშიც მიდის.

"ყველამ საკუთარ თავს მიხედოს. რაც საქართველოში დავბრუნდი, სულ "დილას" მიმართ მესმის ბრალდებები; არადა, შედეგი კარგი გვქონდა სეზონის პირველ ეტაპზე და არც ახლა მიგვდის საქმე ურიგოდ.

ბოლოს "ჩიხურასთან" მატჩზე დაიწყეს მითქმა-მოთქმა; არადა, ძლივს მოვიგეთ 2:1. გაგვიმართლა, როცა ანგარიში 1:1 იყო, "ჩიხურას" სამი საგოლე მომენტი ჰქონდა.

ჩვენი წარმატებების გამო ვიღაცას ერთი ადგილი ეწვის, რადგან გამოჩნდა, რომ "დილა" კარგი გუნდია და ჩემპიონობაც შეუძლია.

რა გაეწყობა, ყველას აზრი რომ მოისმინო და გულთან ახლოს მიიტანო, შესაძლოა, ჭკუიდან გადახვიდე",
- გვითხრა კვირკველიამ.

გამოცდილ დავით კვირკველიას თემურ ქეცბაია ისევ ათამაშებს ეროვნულ ნაკრებში. კვირკველია საფრანგეთთან ამასწინანდელ შეხვედრაში ჩვენი გუნდის სასტარტოშიც იყო. ცხადია, მას ნაკრებზეც ვკითხეთ.

"რატომ ვერ ეღირსა საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვანი წინსვლა? რა გითხრათ, ნაკრებში 2004 წლიდან ვთამაშობ და ამის ზუსტი მიზეზი მართლა არ ვიცი. მე კი არა, ვისაც ჩემზე ბევრად უკეთესი სანაკრებო კარიერა ჰქონდა და ვისაც ჩემზე მეტი ფეხბურთი უთამაშია, ისიც ვერ ამბობს ამის მიზეზს.

თავიანთ გუნდებში სათამაშო პრაქტიკას მოკლებული ლეგიონერები - ეს მწვავე საკითხია ჩვენი ნაკრებისთვის, თუმცა ბოლოს მაინც ეროვნული ჩემპიონატისკენ მივდივართ - ჩემი აზრით, თუ საქართველოს ჩემპიონატი მნიშვნელოვნად მომძლავრდება, ჩვენს ნაკრებსაც უკეთესად წაუვა საქმე".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავით კვირკველია: საქართველოს ნაკრებში მცირე, მაგრამ პროგრესი იგრძნობა
მკითხველის კომენტარები / 4 /
კვირკველ შენ გაიხარე შენს ოჯახთან ერთად ძმაო, მე პირადად არ გიცნობთ მაგრამ დიდ პატივს გცემთ. რაც შეეხება დილას მართლაც რომ ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა და ღირსია ქვეყნის ჩემპიონობისთვის.
bibo
16:54 24-04-2013
0
დილა ჩემპიონ
vako
20:03 24-04-2013
0

სიახლეები პოპულარული