ტორპედო-ზესტაფონი 1:0 - ქუთათურთა ვერცხლის პერსპექტივა [VIDEO]

AutoSharing Option
"ტორპედოსა" და "ზესტაფონს" შორის ისეთი ლაზათიანი დაპირისპირებები გვაქვს ნანახი, რომ მათთან შედარებით შაბათის დერბი ძალიან უსახურად მოგვეჩვენა: მოსაწყენ თამაშში ტემპი საშუალოზე დაბალი იყო და საგოლე მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა.

სტუმრებისგან განსხვავებით, გია გეგუჩაძის გუნდისთვის შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, ქუთათურები საპრიზო ადგილებისთვის იბრძვიან და "დინამოს" მიერ "დილას" დამარცხების შემდეგ ვერცხლის მედლების მოპოვების შანსიც გაუჩნდათ.

რაც შეეხება "ზესტაფონს", მისი ერთადერთი მოტივაცია ზედა ექვსეულში პირველი გამარჯვების მოპოვება გახლდათ, თუმცა, მოქმედი ჩემპიონი ისევ დამარცხდა, თანაც, ფეროელებს ბოლო ექვსი შეხვედრაა (540 წუთი), გოლიც არ გაუტანიათ!

Sportall.Geზესტაფონელთა
მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ წინა ტურში "დილასთან" განცდილი მარცხის შემდეგ (0:3) ძირითადში რადიკალური ცვლილებები განახორციელა და იმ შემადგენლობიდან 7 ფეხბურთელი შეცვალა.

გია გეგუჩაძე კი ნაცად შემადგენლობას დაეყრდნო; ერთი ეგაა, გიორგი ონიანის დაშავების შემდეგ დაცვაში მოუხდა კორექტივების შეტანა: ზაზა ჭელიძის გვერდით ცენტრალურ მცველად გიორგი გურული მოგვევლინა, განაპირა მცველებად კი დავით რიგვავამ და ვაჟა ტაბატაძემ იასპარეზეს.

ქუთაისელებმა ამ მატჩში ნიკა საბანაძეც მოისაკლისეს და ამის გამო თავდასხმაში გიორგი ბერიაშვილი ეულად ირჯებოდა, რომელსაც სიღრმიდან გიორგი კუხიანიძე და ელგუჯა გრიგალაშვილი ეხმარებოდნენ. მასპინძელთაგან ყველაზე აქტიურად სწორედ ეს ტრიო ირჯებოდა.

შეხვედრა საშუალო ტემპში დაიწყო. გუნდებმა ერთმანეთის "დაზვერვას" დიდი დრო მოანდომეს, საწყისი 15 წუთის მანძილზე კარის მიმართულებითაც არ დაურტყამთ.

პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს, თორნიკე აფციაურმა ჯარიმიდან ბურთი მეკარისგან ახლო კუთხეში "მოჭრა" და რომ არა მეკარე ომარ მიგინეიშვილის დამაჯერებელი თამაში, ანგარიშიც გაიხსნებოდა.

თანდათან მასპინძლებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ კარში დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა. თანდათან ტორპედოელთა შეტევები უფრო და უფრო მწვავდებოდა. ელგუჯა გრიგალაშვილის დარტყმის შემდეგ ბერიაშვილმა ბურთს ფეხი დაუხვედრა და როინ კვასხვაძის კარშიც მოათავსა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

ტაიმის ბოლო წუთებზე მეტოქეებმა ორ-ორი მომენტი გაცვალეს: შოთა ბაბუნაშვილის შორეულ დარტყმას მიგინეიშვილი აუღელვებლად დაუხვდა. სანაცვლოდ, ელგუჯა გრიგალაშვილმა ჯარიმიდან ზესტაფონელთა კარის ძელი შეაზანზარა. ამას ლოსანოს არაზუსტი თავური მოჰყვა, ბოლოს კი კვლავ ქუთაისელებმა ანერვიულეს მეტოქე - გრიგალაშვილის ჯარიმიდან ჩაწოდებულ ბურთს ბერიაშვილმა ნახტომში თავით შეუცვალა მიმართულება, მაგრამ სამიზნეს ააცილა.

მატჩის მეორე ნახევარი ქუთაისელთა აქტიურობით დაიწყო. ელგუჯა გრიგალაშვილი მარჯვნიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ მცველთან ჭიდილში დაეცა, რის გამოც ქუთაისელები პენალტს ითხოვდნენ. ამ ეპიზოდში მატჩის არბიტრ თორნიკე გვანცელაძეს სტუმრები არ დაუსჯია, მაგრამ "ზესტაფონი" მოგვიანებით პენალტს მაინც ვერ გადაურჩა; კვასხვაძესთან პირისპირ გასული ბერიაშვილი სტუმართა კიპერმა წესების დარღვევით შეაჩერა და კუხიანიძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით მასპინძლები დააწინაურა -1:0.

იხილეთ ვიდეო:
Sportall.Ge

მალევე გრიგალაშვილმა და ბერიაშვილმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს. ამ უკანასკნელმა მეკარის ბაქანთან გამჭოლი გადაცემა გააკეთა, მაგრამ კუხიანიძემ ბურთს ვერ მიუსწრო.

ტაიმის შუაწელიდან ზესტაფონელები გააქტიურდნენ, თემურ ღონღაძის ფლანგურ ჩაწოდებას შეცვლაზე შესული ბოტი გოა დემელი თავური დარტყმით აგვირგვინებდა, მაგრამ მიგინეიშვილი ბურთს ადგილზე დაუხვდა.

მატჩის დასრულებამდე ზესტაფონელებმა კიდევ სამჯერ "გაისროლეს" ქუთაისელთა კარისკენ, მაგრამ შარიქაძის, დემელისა და იელიჩის დარტყმები მიზანს ასცდა და ანგარიში აღარ შეცვლილა.

"ტორპედომ" საჭირო სამი ქულა მოიპოვა, უმოტივაციოდ დარჩენილი "ზესტაფონი" კი ზედა ექვსეულში კვლავაც პირველი მოგების მოლოდინშია.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული