საბედნიეროდ და სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ სწორედ ეს ერთგვარი უმოტივაციობა აქციეს მეორე ტაიმში კომბინაციური, ლაღი, შეუბორკავი თამაშის მოტივაციად, რითაც მაყურებელიც ანერვიულეს და სიმპათიებიც დაიმსახურეს, თუმცა წარმატების მცდელობა არც პირველ ტაიმში აკლდათ.
"ჩიხურას" სათამაშო სტრატეგიას კი სულ სხვა მოტივები განსაზღვრავდა: მას საპრიზო ადგილზე
პირველი ამოცანა გუნდმა, ასე თუ ისე, შეასრულა, მეორე კი ვერა, რადგან გაძევებული ედიკ საჯაია დიდი დანაკლისი აღმოჩნდა მისთვის.
მიზნის მისაღწევად დასაწყისშივე შეუტიეს მრავალსვლიანი კომბინაციებით დავით კირკიტაძემ, ვაჟა ლომაშვილმა, ბესიკ დეკანოიძემ და რევაზ გოცირიძემ.
მე-7 წუთზე დავით ბოლქვაძეს ეუხეშნენ. დაზარალებულის მიერ დარტყმული ჯარიმიდან მცველების გამოტანილი ბურთი ლომაშვილმა არა მარტო საჯარიმოში ჩააბრუნა, არამედ ზედ ფეხზე დაუსვა გოცირიძეს, რომელმაც მცირე მანევრის შემდეგ აუღებელი დაარტყა - 1:0.
მე-12 წუთზე კი გოლის გამტანმა თვითონ იკისრა ასისტენტობა, უზუსტესი პასით მეკარეს შეატოვა კირკიტაძე, რომელმაც ჩინებულად შეირგო მომენტი.
მე-15 წუთზე სტუმრებმაც სცადეს გატანა, მაგრამ აკაკი ფარჯიკიას დარტყმას მედგრად დაუხვდა "ზუგდიდის" ყოფილი მეკარე გიორგი სომხიშვილი.
23-ე წუთზე ანგარიში გაიზრდებოდა, დეკანოიძის დარტყმა ოდნავ ძლიერი რომ ყოფილიყო, ხოლო 26-ე წუთზე მოხდა ის, რისთვისაც მაყურებელს უყვარს ფეხბურთი: დავით ოდიკაძემ ზუსტად უპასა კარგ მდგომარეობაში მყოფ კირიტაძეს. ამ უკანასკნელის მაღალი ტრაექტორიით ჩაწოდებული ბურთი მკერდიდან ფეხზე მოირგო დეკანოიძემ, ოსტატურად გადაუგდო მცველს თავზე და შეუჩერებლად, ყუმბარისებურად დაარტყა.
გოლის მოლოდინში ფეხზე წამომდგარი მაყურებელი არჩილ მაქაცარიამ გააწბილა - უიმედო მდგომარეობა განმუხტა ბრწყინვალე ნახტომით "ცხრიანში" წასული ბურთის კუთხურზე მოგერიებით.
28-ე წუთზე უკვე ეხვაიას მართებდა გატანა, მაგრამ ააცილა; 30-ე წუთზე ბოლქვაძემ გააცუდა მომენტი; 35-ე წუთზე ლომაიას ნაჯარიმალი მუშტებით გამოიტანა სომხიშვილმა; 39-ე წუთზე შოთა ლომიასა და ირაკლი ეხვაიას გაუფუჭდათ "სამიზნეები", ხოლო მე-40 წუთზე დეკანოიძეს ორჯერ დაასწრო ზუგდიდელმა გოლკიპერმა.
მეორე ტაიმში "ჩიხურამ" საქმე გაკეთებულად ჩათვალა და ძალთა დაზოგვით, მხოლოდ შიგადაშიგ "იჩხვლიტებოდა" მწარედ. სტუმრები კი გაცილებით ენერგიულები გახდნენ.
56-ე წუთზე მაქაცარიამ კიდევ ერთი გარდაუვალი საგოლე დუელი მოუგო დეკანოიძეს, მერე ოდიკაძესაც არ დაანება გატანა, ხოლო 63-ე წუთზე, ბოლქვაძის თითქმის ორმოცმეტრიანი დიდებული რეიდის შემდეგ მეკარის მოქმედების შეფასება მხოლოდ ერთადერთი სიტყვით შეიძლება - ყოჩაღ!
მანამდე, მე-6 წუთზე, ეხვაია-გაბედავას შეტევა ძლივს განმუხტეს საჩხერელმა მცველებმა.
70-ე წუთზე ზუგდიდელთა მიზანსწრაფვას მაინც მოჰყვა გოლი: სიხარულია-კობერიძის მწვავე კომბინაცია გიორგი გაბედავას ზუსტი დარტყმით დასრულდა და - 2:1.
დარჩენილ დროში, მით უმეტეს, 75-ე წუთის შემდეგ, როცა საჯაია გააძევეს საჯარიმო მოედნის გარეთ (მისი უხეშობა მსაჯმა "უკანასკნელი იმედის" ჯარიმად შეაფასა), "ჩიხურა", უმეტესწილად, ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნავდა, სტუმართა მხრიდან კი ანგარიშის გაქვითვისთვის რამდენიმე თავგამოდებულ მცდელობას შედეგი აღარ მოჰყოლია.
მატჩის შემდეგ
ელგუჯა ქომეთიანი:
"ყოველთვის არ გამოგვდის ჩანაფიქრი, რასაც ახალი გუნდის მშენებლობის პროცესში ვახორციელებთ, მაგრამ იმედისმომცემი წინსვლა მაინც შეინიშნება და ეს აზრი ამ შეხვედრამაც განამტკიცა. მეორე ტაიმში ბიჭებს ვთხოვე, უბრალოდ, უკეთესი ფეხბურთი ეთამაშათ. მათაც თხოვნა შეასრულეს. ანგარიშის გათანაბრებაც შეგვეძლო და თამაშის მთლიანად შემოტრიალებაც, თუმცა "ჩიხურამ" მაინც დამსახურებულად გაიმარჯვა. ვულოცავ და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ".
სოსო ფრუიძე:
"აუტსაიდერობის მიუხედავად, "ზუგდიდი" სულაც არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. ერთგვარად შეგვბოჭა მისმა პოტენციურმა ძალამ. 2:0-ის შემდეგ საგრძნობლად მოვდუნდით, მაგრამ მთავარი დასახული ამოცანა მაინც შევასრულეთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"