ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ) 3:2 - ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვება

AutoSharing Option
უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და დაძაბულობა პიკს აღწევს. გუნდები მოსაგებად თავს არ ზოგავენ.

"ვიტ ჯორჯიასა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრა ამის მაგალითად გამოდგება - გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებამდე უცნობი იყო.

საქართველოს ჩემპიონატში იშვიათად იხილავთ ასეთ შედეგიან, სწრაფ, ლამაზ და დამაინტრიგებელ სანახაობას.

ბოლნისში მოგებული პრინციპული შეხვედრის შემდეგ "ვიტ ჯორჯია" მადაზე მოვიდა. ზურაბ ბერიძის გაწვრთნილებმა თამაში სწრაფად დაიწყეს. რგოლები, ფლანგებისა და ცენტრის ფეხბურთელები ერთმანეთთან კარგად ურთიერთქმედებდნენ. ბათუმელებმა კი საწყის წუთებში მეტოქეს ალღო ვერ აუღეს.

ვიტელებს იღბალმა მალე გაუღიმა: კუთხურიდან
გიორგი კორიფაძის
მოწოდებულ ბურთს თავით ლევან კუხალეიშვილი შესწვდა და ანგარიში გახსნა - 1:0.

Sportall.Geბათუმელები შოკიდან გამოსულები არ იყვნენ, როდესაც მეორე გოლიც მიიღეს: ვაჟა ქორიძემ საჯარიმოში დავით ხურცილავა მოცელა, პენალტი კი გიორგი ჯანელიძემ გოლად აქცია - 2:0.

მალე ბათუმელთა კარი მესამედაც შეირხა: მე-15 წუთზე ლაშა კასრაძემ საჯარიმო დარტყმა ზუსტი თავურით დააგვირგვინა, მაგრამ არბიტრმა წესის დარღვევა დააფიქსირა.

ბათუმელები მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ, 23-ე წუთზე კი სხვაობა შეამცირეს: კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ბესიკ ჩიმაკაძემ კარში ზუსტად გაგზავნა, თუმცა დარტყმამდე წააქციეს. მსაჯმა იჩქარა და პენალტი დანიშნა, რომელიც სანდრო გურულმა გამოიყენა - 2:1.

ამის შემდეგ მატჩი პინგ-პონგს დაემსგავსა, ბურთი მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა და ორივე კართან მრავალი მომენტი შეიქმნა.

24-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ კუხალეიშვილი გადიოდა, მაგრამ ლაინსმენმა ივანე მაჩიტიძემ თამაშგარე დააფიქსირა. ამან "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტი გურამ რუხაძე განარისხა. ჯერ ლოჟიდან დაუყვირა, "მაჩიტიძე, შე ნაგავო, მსაჯობას დაგამთავრებინებ!" მერე ლაინსმენს ტრიბუნის დამცავი მოაჯირიდან მიუახლოვდა და არ ცხრებოდა.

მსაჯთა დამკვირვებელ მერაბ მალაღურაძესაც მიაძახა, მერაბ, შენი ჩამოსვლისას სულ ასე რატომ ხდებაო.

მსაჯობაზე პრეტენზიები ლამის ყველა გუნდისგან ისმის და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, ვის რა პრეტენზია აქვს და რამდენად საფუძვლიანია ეს ბრალდებები?! იმიტომაც, რომ გავიგოთ, რუხაძე და კიდევ ბევრი გუნდის წარმომადგენელი წყობილებიდან რას თუ ვის გამოჰყავს.

...ტაიმის მიწურულს ტემპი ოდნავ დაეცა, თუმცა მომენტები კვლავაც იქმნებოდა. ვიტელებიდან შანსებით გურამ ადამაძემ და ჯანელიძემ ვერ ისარგებლეს, ბათუმელთაგან კი - ნოდარ კიკნაველიძემ (რომელიც ძალიან აქტიური გახლდათ). მარჯვენა ფლანგიდან მირზა ფარტენაძეს ჩაწოდებული ბურთი კი კარისკენ აიჭრა და რომ არა მეკარე ნიკა დაუშვილის მშვენიერი რეაქცია, ანგარიში პირველ ტაიმშივე გათანაბრდებოდა.

მომენტებით დახუნძლული იყო მეორე ნახევარიც. ბათუმელებმა ანგარიში 69-ე წუთზე გაათანაბრეს: ამირან მუჯირის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გიგა ჟვანია კარგად გაიხსნა და ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ბადე შეარხია - 2:2.

გოლმა ბათუმელებს ფრთები შეასხა და დაწინაურების შანსიც მიეცათ: მარცხენა ფლანგიდან კიკნაველიძე საჯარიმოში ისეთი სისწრაფით შეიჭრა, რომ არა დამცავი ბადე, მცხეთის სალობიეში შევარდებოდა. მანამდე კი კარში დარტყმა მოასწრო - თუმცა მიზანს მცირე მანძილით ააცილა.

79-ე წუთზე ელგუჯა ლობჯანიძის გადაცემა კართან ახლოს მყოფმა გურამ გურეშიძემ ვერ შეიფერა.

უფრო რეალური საგოლე მომენტი 82-ე წუთზე ბათუმელთა შემტევ გურულს ჰქონდა: მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებით ის კიკნაველიძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ბურთს ქუსლი ცუდად წაჰკრა და დაუშვილმა თავისიანები კიდევ ერთხელ გადაარჩინა.

მომენტების გაფლანგვისთვის ბათუმელები მწარედ დაისაჯნენ. სწრაფი კონტრშეტევა მარჯვენა ფლანგიდან კორიფაძემ ჩინებულად გააგრძელა და მეკარესთან პირისპირ ლობჯანიძე დატოვა, რომელმაც სტუმრებს გადამწყვეტი ბურთი გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული