მერანი-მეტალურგი 1:0 - მერანის მარტვილობა დასრულდა

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგს", სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, არავითარი ამბიცია არ გააჩნია. თუმცა, ამის მიუხედავად, უმოტივაციოდ დარჩენილი ქვემოქართლელები არავის არაფერს ჩუქნიან და ბოლომდე "სამართლიანი თამაშის" პრინციპებს იცავენ.

ასე მოხდა მარტვილშიც: მათ მთელი 90 წუთის განმავლობაში ფარ-ხმალი არ დაუყრიათ, ბოლომდე იბრძოლეს და გვარიანად ანერვიულეს ადგილობრივი გულშემატკივრები.

რა შეიძლება ითქვას "მერანზე"? ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში მეორე სეზონს ატარებს. ამ ხნის მანძილზე მარტვილელებს არც შინ და არც სტუმრად რუსთაველებისთვის არასოდეს მოეგოთ.

და აი, ფინიშის სწორზე ურთიერთშეხვედრებში პირველი სამი ქულა ჩაიწერეს. პრინციპულ მეტოქესთან მოპოვებული გამარჯვებით ისინი გასავარდნ
ზონას დასცილდნენ და ამჟამად თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობენ.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ამ გამარჯვებაში ლომის წილი ვალერი იობაშვილს მიუძღვის, რომელმაც 35-ე წუთზე ცოტნე ბუკიას მოზომილი გადაცემით ისარგებლა და ვარდნაში შესრულებული დარტყმით თავისიანებს სასიცოცხლო მნიშვნელობის მატჩი მოაგებინა.

Sportall.Geმივყვეთ თანმიმდევრულად: შეხვედრა საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს - დენის დობროვოლსკის ჩამოწოდებულ ბურთს ალექსანდრე ინწკირველი გამოეხმაურა, თუმცა მიზანმა უმტყუნა.

რამდენიმე წუთში ანალოგიური მომენტი შეიქმნა უკვე საპირისპირო კართან: ცოტნე ბუკიას დიაგონალურ გადაცემას გივი ქარქუზაშვილმა შეაგება თავი, თუმცა უშედეგოდ. იქვე კრისი ბანებას მიეცა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, თუმცა მიხეილ ალავიძემ ახლო კუთხეში წასული ბურთი ხელთ იგდო. ცოტა ხანში ზედიზედ ორჯერ შეეძლო გატანა რომან ახალკაცს, თუმცა პირველ ეპიზოდში ბურთი ბადეს გარედან შეეხო, მეორედ კი ჯონი შეროზიამ ივარგა.

მარტვილელები ნელ-ნელა ქვედა ექვსეულის ლიდერს გაუთამამდნენ: აღსანიშნავია გივი ქარქუზაშვილის ყუმბარისებური დარტყმა, მეკარემ ძლივს რომ მოიგერია და კრისის მეტოქის საჯარიმოში მორიგი უხეირო თამაში.

თითქოს ამის ლოგიკური გაგრძელება იყო ვალერი იობაშვილის გოლი, რომელმაც მასპინძლებს ფრთები შეასხა და აღაფრთოვანა.

ტაიმის დასრულებამდე მათ კიდევ არაერთი ბურთის გატანის შანსი მიეცათ. დასამახსოვრებელია საბა ლომიას ჩაწოდება, რომელსაც "მერანის" ლეგიონერი კრისი კი გამოეხმაურა, თუმცა დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოუვიდა.

შესვენების შემდეგ მოედანზე მდგომარეობა რადიკალურად არ შეცვლილა, კვლავ გარდამავალი უპირატესობა და ნაკლები საგოლე მომენტი. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "მერანის" თითოეული ფეხბურთელი ბევრს დარბოდა, ცდილობდა, მაქსიმუმი დაედო, რათა გუნდის გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეეტანა.

მატჩის განახლებისთანავე გუნდებმა მომენტები გაცვალეს: ჯერ ღონღაძემ გაისროლა შორი მანძილიდან, შემდეგ კი ფიფიამ.

ამის შემდეგ თამაში, ძირითადად, მოედნის ცენტრის სიახლოვეს მომდინარეობდა. რუსთაველები მარცხს არ ეგუებოდნენ. გიორგი ყიფიანმა შეხვედრის გადასარჩენად ცვლილებებს მიმართა, შედარებით ინერტული ქავთარაძის, სუხიაშვილისა და დობროვოლსკის ნაცვლად საჯაია, გეწაძე და ხაბელაშვილი გამოიყვანა.

ვერ ვიტყვით, ამ ფეხბურთელებმა ციდან ვარსკვლავები მოკრიფესო, თუმცა თამაში მაინც გაამწვავეს. ძირითადად, მათი უპირატესობა ბურთზე კონტროლსა და დიდოსტატურ გადაცემებს ეფუძნებოდა, მაგრამ ამის იქით ისინი ვერ მიდიოდნენ, რაც, რასაკვირველია, მერანელთა მცველების დამსახურებაა.

და მაინც, ანგარიშის გათანაბრების შანსი ქარს გაატანეს იმავე ფიფიამ და შეცვლაზე შემოსულმა გეწაძემ.

მატჩს უექსცესოდ არ ჩაუვლია. პირველი გაუგებრობა 88-ე წუთზე მოხდა, როდესაც მამუკა ტორონჯაძის წინააღმდეგ ლუკა რაზმაძემ დაარღვია თამაშის წესები. ამ უკანასკნელმა მეტოქის ფეხბურთელს ფეხი სახეში მოარტყა. მთავარმა არბიტრმა თემურ ხუჭუამ თამაში უმალვე გააჩერა, ჯარიმა დანიშნა და ხელი ბარათისკენ წაიღო, თუმცა უკანასკნელ წამს ალბათ გაახსენდა, რომ ეს რაზმაძისათვის მეორე ყვითელი ბარათი იქნებოდა და გადაწყვეტილება უმალვე შეცვალა, რუსთაველთა კაპიტნის გაძევებისაგან თავი შეიკავა.

ბოლოსკენ უკვე "მეტალურგის" ფეხბურთელებმა და ხელმძღვანელობამ არ დამალეს უკმაყოფილება არბიტრის მისამართით. მათი აზრით, გავაშელიშვილის წაქცევისათვის ხუჭუას ჯარიმა უნდა დაენიშნა მოწინააღმდეგის საჯარიმოს სიახლოვეს; დამატებული სამი წუთის ნაცვლად კი ორი წუთი ათამაშა.

ვნებათაღელვა ადგილობრივი სამართალდამცავების ჩარევის შედეგად განიმუხტა.

"მერანმა" მონდომებისა და ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილს ნამდვილად იმსახურებს.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული