სადისციპლინო კომიტეტმა გორის "დილა" დააჯარიმა

AutoSharing Option
1-ელ მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა.

კომიტეტმა შემდეგი სამი საკითხი განიხილა:

1. საფეხბურთო კლუბი "დინამო" თბილისის შუამდგომლობა, კლუბის ფეხბურთელის - ჩისკოს დისკვალიფიკაციის მოხსნასთან დაკავშირებით.

2. 2013 წლის 27 აპრილს ჩატარებული გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" მატჩის დასრულების შემდეგ "დილას" მთავარი მწვრთნელის - ვალდას ივანაუსკასის მიერ პრესის საშუალებით გაკეთებული განცხადების თაობაზე.

3. 2013 წლის 27 აპრილს გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" გულშემატკივრების მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შესახებ.

აღნიშნულ საკითხებზე კომიტეტის წევრებმა დაახლოებით ორი საათი
იმსჯელეს; მოუსმინეს ვალდას ივანაუსკასსა და "დილა"-"დინამოს" მატჩის დირექტორს.

გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ კი კომიტეტის თავმჯდომარემ - ჯიმშერ ტყებუჩავამ მედიას დაკისრებული სასჯელების შესახებ პირადად ამცნო.

აქვე გეტყვით, რომ დისციპლინარებს "დილას" მთავარი მწვრთნელი არ დაუსჯიათ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.

ჯიმშერ ტყებუჩავა: "პირველ რიგში, განვიხილეთ თბილისის "დინამოს" შუამდგომლობა მათი ფეხბურთელის, ჩისკოს დისკვალიფიკაციის გაუქმების თაობაზე - იმ დისკვალიფიკაციისა, რომელიც ჩვენმა კომიტეტმა ფეხბურთელს წინა სხდომაზე დაუწესა.

ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ჩისკო კვლავ გამოტოვებს შემდეგ თამაშს. რაც შეეხება მთავარ საკითხს, ეს იყო 27 აპრილს, საქართველოს ჩემპიონატის 29-ე ტურის ცენტრალური მატჩი გორის "დილასა" და "დინამო თბილისს" შორის, სადაც გულშემატკივრებს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წესრიგის დასამყარებლად და სიტუაციის დასარეგულირებლად სტადიონზე სამართალდამცავთა დამატებითი ძალები გამოიძახეს.

ტაიმებს შორის შესვენებისას გუნდების ქომაგებს შორის იყო გარკვეული დაპირისპირება, რასაც მატჩის დასასრულს უკვე მოჰყვა ტრიბუნებიდან ნივთების სროლა.

აქედან გამომდინარე, ვინაიდან სტადიონზე უსაფრთხოების ზომები სათანადოდ არ იყო დაცული, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საფეხბურთო კლუბი გორის "დილა" დაჯარიმდეს 800 ლარით და ეს გადაწყვეტილება არ საჩივრდება."


სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული