დინამო თბ-ტორპედო 4:0 - ჩემპიონს რომ ეკადრება... [VIDEO]

AutoSharing Option
...საფინალო სასტვენი გაისმა თუ არა, "დინამოს" ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა საჩემპიონო ზეიმი მოაწყვეს და პირველი, რაც გააკეთეს, თავიანთი ერთგული ფანებისკენ გაემართნენ.

თუმცა დინამოელებს მადლობის გადახდა ვინ დააცადა - ფანებიც მოედანზე გადმოვიდნენ და აი, ასე, ყველამ ერთად იზეიმა მონატრებული საქართველოს ჩემპიონობა.

ჰო, ხუთი წელი ცოტა დრო ნამდვილად არ არის: 2008 წლიდან მოყოლებული, "დინამო" ვერაფრით ახერხებდა ოქროს მედლების მოპოვებას და აი, ნანატრი ჩემპიონობის დროც მოვიდა!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ისიც სიმბოლური იყო; ჩემპიონობის მომტანი 3 ქულა "დინამომ" თავის პრინციპულ მეტოქესთან, ქუთაისის "ტორპედოსთან" რომ
მოიპოვა; თანაც, უნდა ვაღიაროთ, რომ მოგებაც არის და მოგებაც: ასეთი შთამბეჭდავი მატჩი ამ სეზონში "დინამოს", ალბათ, ერთი-ორი თუ ექნებოდა.

ყოველ შემთხვევაში, მეორე ეტაპზე ჩატარებული შეხვედრებიდან ყველაზე ლაღად დინამოელები სწორედ საჩემპიონო მატჩში გამოიყურებოდნენ: ფეხბურთელებს ყველანაირი წნეხი მოხსნილი ჰქონდათ და ვინც იმ საღამოს "დინამო-არენაზე" მივიდა, ნამდვილად არ ინანებდა.

Sportall.Ge...მატჩის ბედი პირველ ტაიმშივე გადაწყდა; თანაც, ვიდრე "დინამო" პირველ გოლს გაიტანდა, მანამდეც არაერთხელ შეიძლებოდა ანგარიშის გახსნა, თუმცა გიორგი გველესიანის, გიორგი მერებაშვილის, ჯაბა დვალისა და მიკელ ალვაროს დარტყმებს ხან სიზუსტე აკლდა, ხან კი სტუმართა მეკარე ომარ მიგინეიშვილი ყოჩაღობდა.

თუმცა "ტორპედოს" მართლაც ჩინებული მეკარეც უძლური გახლდათ იმ ეპიზოდში, როდესაც ჯაბა დვალმა გოლი-შედევრი გვაჩუქა: დინამოელთა ცენტრფორვარდმა მეტოქის საჯარიმოში ეფექტური ფინტებით სამი მეურვე ჩამოიცილა და ბურთი კარში შეაგორა!

"დინამოს" ამის შემდეგაც შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ მიგინეიშვილმა მაინც შეძლო და მერებაშვილის მიერ დარტყმული რთული ბურთი მოიგერია.

პირველი ტაიმი იწურებოდა, თუმცა "დინამოს" შეტევებს ბოლო არ უჩანდა და აი, მეორე გოლიც ვიხილეთ, რის შემდეგაც, ფაქტობრივად, მატჩის ბედი გადაწყდა. და არა მხოლოდ მატჩის - მიკელ ალვაროს მორიგმა დიდოსტატურმა გოლმა (ამჯერად, ცაციათი) ხომ საქართველოს 2012-13 წლების სეზონის გამარჯვებული გამოავლინა!

...მეორე ტაიმის უდიდესი ნაწილი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა: "დინამო" თამაშს აკონტროლებდა, "ტორპედო" კი ძალიან ინერტულად გამოიყურებოდა. თავად განსაჯეთ: სტუმრებმა "დინამოს" კართან პირველი სახიფათო იერიში 62-ე წუთზე მიიტანეს, როცა შეცვლაზე შემოსულმა თემურ მარკოზაშვილმა იაქტიურა.

უფრო რეალური მომენტი სტუმართა კიდევ ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს, გიორგი ფანცულაიას შეექმნა, მაგრამ საქართველოს ნაკრებისა და "დინამოს" მეკარემ გიორგი ლორიამ იყოჩაღა და ზედიზედ მეხუთე "მშრალი" ჩაატარა. ეს ეპიზოდი 85-ე წუთზე მოხდა.

თუმცა მანამდე "დინამოს" უკვე სამბურთიანი უპირატესობა ჰქონდა: გრაიციარი - ხმალაძე - დვალის კომბინაცია ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დამთავრდა; თანაც, ეს იყო ჯაბა დვალის მეასე გოლი საქართველოს ჩემპიონატში!

მატჩის საბოლოო შედეგი კი პეტერ გრაიციარმა დააფიქსირა - საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი დაბალ კუთხეს რომ "დაუმიზნა".

მერე კი საჩემპიონო ზეიმი და შამპანური იყო...

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე ტორპედოს ფანი ვარ, მაგრამ მაინც ვთვლი რომ ბოლო წლების ზესტაფონი, როდესაც ჩემპიონი ხდებოდა უფრო შეკრული გუნდი იყო, და უფრო მეტი შანსი ქონდა ლიგის ჯგუფურზე მოსახვედრად, ვიდრე ამ დინამოს
Georgi
12:42 07-05-2013
0
მე კიდე დინამოს ფანი ვარ და გამოჩნდება ვის რა შანსები ქონდა და აქვს...
rezo
12:40 10-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული