ზესტაფონი-ჩიხურა 1:4 - როგორც იქნა, გაიტანა და.. წააგო

AutoSharing Option
ზესტაფონელთა წარუმატებლობას ბოლო არ უჩანს. ქვეყნის აწ უკვე ყოფილ ჩემპიონს ზედა ექვსეულში ერთი მატჩიც არ მოუგია, ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრაში კი დიდი ანგარიშით დამარცხდა.

"ჩიხურასთან" მარცხის შემდეგ ზესტაფონელები მხოლოდ იმით თუ ინუგეშებენ თავს, რომ, როგორც იქნა, ნანატრი გოლი გაიტანეს და ექვსმატჩიან უგოლო სერიას წერტილი დაუსვეს.

ზესტაფონელთა ბოლოდროინდელი გამოსვლა კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ, ამასთან, კახა კაჭარავას გუნდს უიღბლობაც დასჩემდა. იმერული დერბის წინ "ფეროელებმა" რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაკარგეს. სხვადასხვა მიზეზით ვერ ითამაშეს თორნიკე აფციაურმა, თედორე გრიგალაშვილმა, გიორგი კაჭკაჭიშვილმა და ლევან კუტალიამ.

ამას
დაემატა პირველი ტაიმის ბოლოს ალექსი ბენაშვილის გაძევებაც და 10-კაციანმა "ზესტაფონმა" მეორე ტაიმში უფრო მოტივირებული "ჩიხურას" შეჩერება ვეღარ მოახერხა...

Sportall.Geბოლომდე ოპტიმალური შემადგენლობით სტუმრებსაც არ უთამაშიათ - "ჩიხურას" რამდენიმე დღეში განმეორებითი სათასო დაპირისპირება ელის ბოლნისის "სიონთან" და სოსო ფრუიძემ რამდენიმე წამყვან მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცა.

საჩხერელებს ჩემპიონატში მესამე ადგილზე გასვლის შანსი აქვთ და ამისთვის, პირველ რიგში, "ზესტაფონი" უნდა დაემარცხებინათ. ამ ამოცანას მათ შესანიშნავად გაართვეს თავი და ახლა მესამე ადგილზე მყოფ "ტორპედოს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო და ზესტაფონელთა დიდი ანგარიშით მარცხს არაფერი მოასწავებდა. შეხვედრა მასპინძლების აქტიურობით დაიწყო. ისინი ბურთზე კონტროლის დაწესებას შეეცადნენ და საწყის წუთებში გამოუვიდათ კიდეც.

დავით რაჟამაშვილის ჩინებული რეიდის შემდეგ გურამ სამუშიამ სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მცირედით ააცილა. ვალში არც საჩხერელები დარჩნენ - გაგა ჩხეტიანმა საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესად დაარტყა და ზესტაფონელთა კიპერმა კახაბერ მეშველიანმა (უმაღლესში მეორე შეხვედრას ატარებდა) კარგ ნახტომში შეძლო ბურთის მოგერიება.

37-ე წუთზე საკუთარი საჯარიმოს ხაზზე ხელით თამაშისთვის ალექსი ბენაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და არსენ ნონიკაშვილმა ის მოედნიდან გააძევა. ზესტაფონელები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და... ანგარიში გახსნეს.

მეკარე კახა მეშველიანის გადაცემის შემდეგ მასპინძელთა კოტდივუარელი ლეგიონერი ბოტი დემელი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ზესტაფონელთა ხანგრძლივ უგოლო სერიას წერტილი დაუსვა.

მასპინძელთა რიცხვნაკლულობამ მეორე ნახევარში იჩინა თავი, რომელიც მთლიანად საჩხერელთა უპირატესობით წარიმართა. ამას სოსო ფრუიძის გადაწყვეტილებებმაც შეუწყო ხელი. მან შეტევის გასაძლიერებლად ნიკა კვასხვაძე და დავით ბოლქვაძე შეუშვა მინდორზე, მოგვიანებით კი მათ გიორგი რეხვიაშვილიც შეაშველა.

სწორედ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს მატჩის ბედი. კვასხვაძის კარგი პასის შემდეგ ჩიკვაიძე სამუშიას დაუსხლტა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გაათანაბრა.

ამას რეხვიაშვილის მოჭრილი დარტყმა და შესანიშნავი გოლი მოჰყვა.

მალე რევაზ გოცირიძის ჯერიც დადგა, რომელმაც ბოლქვაძის კუთხურის შემდეგ ზესტაფონელ მცველებს დაასწრო და თავით გაიტანა - 1:3.

დარჩენილ დროში სტუმრებმა ფეროელები კიდევ ერთხელ დაამწუხრეს: ბოლქვაძემ გამოზომილი პასით კვასხვაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა და მანაც შანსი ხელიდან არ გაუშვა.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული