გიორგი ონიანი: მადლობა ღმერთს, გადავრჩი და მაიმედებენ, რომ თამაშს შევძლებ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრამ გულშემატკივართა და სპეციალისტების დიდი ინტერესი გამოიწვია.

"დინამო-არენაზე" ხალხმრავლობა არავის გაკვირვებია, მაგრამ "დინამოს" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოფენილი სურათებიდან ერთმა მაინც ძალიან გაგვაოცა: თურმე, ტრიბუნაზე ქუთაისელთა ცენტრალური მცველი გიორგი ონიანიც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს ონიანმა მძიმე ტრავმა მიიღო: ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" საქართველოს თასის მეოთხედფინალურ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" ბოლნისის "სიონს" შეხვდა.

მატჩის დამატებულ მე-4 წუთზე ქუთაისელთა მცველი მოედნიდან ორიოდე მეტრის მოშორებით აღმართული ბადის დამჭერ ბოძს შეეჯახა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გიორგის დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, პირველ კლინიკურ საავადმყოფოში
კი კისრის მე-4 და მე-5 მალების მოტეხილობა დაუდგინეს და ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩაუტარეს.

და ყველაზე დიდი საფრთხე, რომ ონიანი ვეღარ ითამაშებდა, გამოირიცხა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, ასე სწრაფად თუ მომჯობინდებოდა.

"უკვე შემიძლია სიარული და ამ შეხვედრის ნახვა იმდენად მსურდა, შინ ვეღარ გავჩერდი. ტკივილები ჯერ კიდევ მაწუხებს და იმასაც ვერ ვიტყვი, რომ სტადიონზე მისვლა არ გამჭირვებია. თამაშზე ბოლომდეც ვერ დავრჩი, რადგან სიცხეც მქონდა, მაგრამ სერიოზული პრობლემა არ მქონია.

ახლა გერმანიაში იქაურ ნეიროქირურგებთან გადავამოწმებ, სარეაბილიტაციო პერიოდი როდის დაიწყება. ჯერ ვარჯიშზე ფიქრი მაინც ნაადრევია, რადგან ძვლების შესახორცებლად დრო და მოთმინება მჭირდება - სიჩქარე არ მარგებს.

მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩი და მაიმედებენ, რომ თამაშს შევძლებ.

სანამ ძვალი არ მომაგრდება, რეაბილიტაცია და ვარჯიში არ შეიძლება. დრო ზუსტად არ ვიცი, ალბათ, საამისოდ 2 თვე მაინც მჭირდება, სრული გამოჯანმრთელებისთვის კი - 6 თვე.

ეს კი აუცილებლად უნდა ვთქვა: მადლობა ექიმებს, გოგი მაღალაშვილსა და ვახტანგ პერტაიას, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ქუთაისელ, გორელ, ზესტაფონელ და ყველა
გულშემატკივარს. მათგან უდიდეს სითბოსა და თანადგომას ვგრძნობდი", - გვითხრა ონიანმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბარსელონას" მწვრთნელი ონიანს: გიორგი, შენ გვერდით ვართ!
ექიმების პროგნოზი: გიორგი ონიანი თამაშს შეძლებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული