ტორპედო-დილა 5:4 - ქუთათურთა ბრინჯაო გოლების წვიმაში [VIDEO]

AutoSharing Option
"ტორპედოსთვის" ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანი იყო, გორელებს კი მეორე ადგილი უკვე გარანტირებული ჰქონდათ და სატურნირო თვალსაზრისით, ეს თამაში მათთვის არაფერს წყვეტდა.

ალბათ, ამიტომაც ვალდას ივანაუსკასმა გუნდი გადახალისებული შემადგენლობით ათამაშა და ასპარეზი ძირითადად ახალგაზრდებს დაუთმო, რომლებმაც თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს და მატჩის შემდეგ მასპინძელთა გულშემატკივრების მხრიდან, ტორპედოელებთან ერთად, აპლოდისმენტები მათაც დაიმსახურეს.

ასეთი სანახაობრივი და უხვგოლიანი თამაში ქუთაისში კარგა ხანია, არ გამართულა. გუნდებმა თავიდანვე გახსნილი ფეხბურთი შესთავაზეს ერთმანეთს და აქცენტი შეტევაზე აიღეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შიდაქართლელებმა თამაში საკმაოდ აქტიურად დაიწყეს. გიორგი ილურიძისა და
ბაჩანა არაბულის
გააზრებული კომბინაციის შედეგად კინაღამ ანგარიში გაიხსნა, თუმცა ქუთაისელთა გამოცდილმა კიპერმა ომარ მიგინეიშვილმა კარი დროულად დატოვა და მდგომარეობა განმუხტა.

თანდათან უპირატესობა ქუთაისელთა მხარეს გადავიდა. განსაკუთრებით, გიორგი ფანცულაიას ჩინებული თამაშია გამოსარჩევი, გრიგოლ დოლიძესთან ერთად "დილას" კარს ყველაზე მწვავედ სწორედ ის უტევდა.

Sportall.Geჯერ იყო და ფანცულაიამ სტუმართა კარის ძელი შეაზანზარა, შემდეგ კი მეტოქის საჯარიმოში ილია ლომიძეს წესების დარღვევა აიძულა და პენალტი მოინაგრა, რომელიც გიორგი კუხიანიძემ გოლად აქცია.

ორიოდე წუთში ფანცულაიამ თავადაც გაიტანა, მეტოქის საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა, ფეხებში ჩაწოლილ მეკარეს ბურთი თავზე გადაავლო და მახვილი კუთხიდან გაიტანა.

ამის შემდეგ "ტორპედოს" რა დაემართა, ძნელი სათქმელია, გუნდი მთლიანად მოიშალა. გორელებმა 10 წუთის ინტერვალში 3 გოლი მიითვალეს და სტადიონზე მყოფი მცირერიცხოვანი გულშემატკივრები სახტად დატოვეს.

ჯერ ლაშა გვალიამ დაახლოებით 28 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით ანგარიში შეამცირა, რასაც გიორგი აბურჯანიას შორეული დარტყმით ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ორივე შემთხვევაში მასპინძელთა კიპერს უკეთ თამაში მართებდა.

მესამედ ქუთათურები ქართული ფეხბურთის ერთ-ერთმა იმედისმომცემმა ფეხბურთელმა ბაჩანა არაბულმა დაამწუხრა. მან გორელიშვილის დარტყმის შემდეგ მიგინეიშვილის მიერ მოგერიებულ ბურთს თავით დაამატა და ქუთაისელები შოკში ჩააგდო.

გია გეგუჩაძის შეგირდებს მალევე შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება. თანაგუნდელებმა კუხიანიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს, თუმცა ბექა შეყრილაძემ კარი დროულად დატოვა და მისი დარტყმა მოიგერია.

გუნდებმა მეორე ტაიმიც ლაღად და აქტიურად დაიწყეს, ბურთი მოედნის ცენტრში არ ყოვნდებოდა და შეტევა შეტევაზე ვითარდებოდა. მცირეოდენი უპირატესობა ქუთაისელთა მხარეს იყო. მათგან კვლავ დოლიძე გამოირჩეოდა, რომელმაც თამაშის განახლებიდან ათიოდე წუთში გამათანაბრებელი გოლი გაიტანა - გოლი, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებდა: დოლიძე მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და მოძრაობაში ძლიერი მოჭრილი დარტყმით ბურთი გორელთა კარის ბადეში გაახვია.

ქუთაისელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა: მართლაც უნიჭიერესმა ბაჩანა არაბულმა მასპინძელთა მცველებს მასტერ-კლასი ჩაუტარა, ქუთაისელთა მთელი დაცვა მიფანტ-მოფანტა და შეტევა თავადვე დააგვირგვინა.

ტორპედოელებმა გასათანაბრებლად გაიწიეს და მშველელად კვლავ დოლიძე მოევლინათ, რომელმაც შეცვლაზე შემოსული ნიკა ფირცხალავას გადაცემის შემდეგ საჯარიმოს მისადგომებიდან მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში მოათავსა ბურთი და დუბლი გაიფორმა.

საპასუხო შეტევაში "დილას" კვლავ შეეძლო წინ გასვლა, მაგრამ არაბულის უაღრესად სახიფათო თავური დარტყმა მიგინეიშვილმა თავგანწირულ ნახტომში მოიგერია.

შეხვედრა კვლავ ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. ამასობაში ფირცხალავამ კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. მან შესანიშნავი პასით გორელთა მთელი დაცვა სტატისტის როლში დატოვა და ფანცულაია მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც დუბლით "ტორპედო" დააწინაურა.

ამ გამარჯვებით ქუთათურებმა ბრინჯაოს მედლები ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს.

მატჩის შემდეგ
ვალდას ივანაუსკასი ("დილას" მთავარი მწვრთნელი):
"საინტერესო და სანახაობრივი თამაში გამოვიდა. შემადგენლობაში ცვლილებები შევიტანეთ და ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალება მივეცით. ორივე გუნდი აგრესიული, შემტევი ფეხბურთის მიმდევარია და იმედი მაქვს, ამ სტილს მომავალშიც არ უღალატებენ.

ვულოცავ "ტორპედოს" ბრინჯაოს მედლებს; მათ და ჩვენც მოგვიწევს ევროპულ სარბიელზე ქართული ფეხბურთის პრესტიჟის დაცვა და თავი ევროთასებზეც არ უნდა შევირცხვინოთ.

რაც შეეხება "დილას" ფინანსურ მდგომარეობას, ამ მხრივ ვითარება უცვლელია, კვლავ გაურკვევლობაში ვართ. გუნდის დაშლა თუ დასუსტება ქართული ფეხბურთისთვის ძალიან ცუდი იქნება".


გურამ ასპინძელაშვილი ("ტორპედოს" მეორე მწვრთნელი):
"დღევანდელ მატჩში მთელი გუნდი ისეთი შემართებით იყო განწყობილი, მეტოქეს 6 გოლი რომ გაეტანა, ჩვენ 7-ს გავიტანდით და მაინც მოვიგებდით. ვულოცავ ბრინჯაოს მედლებს "ტორპედოს" გულშემატკივრებს და მთელ ქალაქს. მომავალი წლიდან ვეცდებით, უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ".

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული