სიონი-მეტალურგი 2:2 - ღირსება და წესიერება

AutoSharing Option
"რა თავს იკლავთ, ჩემპიონები ხდებით?" - მატჩის ბოლოს ბოლნისელთა თავგამოდებული გულშემატკივრის ეს იმედგანწირული შეძახილი შეხვედრას საუკეთესოდ ახასიათებს.

სტუმრებს შეეძლოთ, თავი არ მოეკლათ და წაგებისთვისაც ვერავინ გაამტყუნებდა - მათ ხომ მოტივაცია აღარ აქვთ. "სიონი" კი ლიგაში დასარჩენად იბრძვის და მოგების შემთხვევაში, ბოლო ტურში საქმე კონკურენტზე უკეთ ექნებოდა.

წინასწარ ვიტყვით, რომ გუნდებმა ღირსეულად იბრძოლეს და რუსთავურ-ბოლნისური "სიამტკბილობა" სპორტულ პრინციპებზე მაღლა არ დააყენეს.

გულშემატკივარს მაინც ეჭვი ჰქონდა, რომ მეზობლები ბოლნისელებს არ გაწირავდნენ, მაგრამ სწორად ბრძანა მატჩის შემდეგ "მეტალურგის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა:

"არც
ისე დიდი ხნის წინ ბოლნისში მთავარი მწვრთნელი ვიყავი და არაერთი მეგობარი მყავს. ადამიანურად ძნელია, გაჭირვებულს არ დაეხმარო, მაგრამ ასე ქართული
ფეხბურთი რა სიბინძურეშიც აღმოჩნდა, კარგად ვხედავთ.

მეგობრები ბათუმშიც მყავს და დღეს რომ თამაშს ზერელედ მივდგომოდი, აჭარელი მეგობრები განაწყენებულნ
ი არ დამრჩებოდნენ?

ყველაფერი წარმავალია, ღირსებისა და წესიერების გარდა და არ მინდა, ვინმემ წამომაძახოს, ესა და ეს თამაში დათმეო".


Sportall.Geბოლნისელებმა კარგად დაიწყეს. აქტიური გარემარბები ცენტრალურ ნახევარმცველებთან თამაშს მშვენივრად აწყობდნენ, მწვავედ და აგრესიულადაც უტევდნენ. უჩვეულო იყო კოკა მიკუჩაძის მარცხენა გარემარბად ხილვა, თუმცა იქაც სასარგებლო იყო.

მარჯვენა ფლანგზე აქტიურობდა ირაკლი ლექვთაძე. მათი მონაწილეობით შეიქმნა პირველი სახიფათო მომენტი რუსთაველთა კართან, მაგრამ სტუმრები გრიგოლ ბედიაშვილმა გადაარჩინა.

მაგრამ მალე "მეტალურგს" მანაც ვერ უშველა: დავით სვანიძემ დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა. სველ მოედანზე ბურთმა მიმართულება შეიცვალა და - 1:0.

რუსთაველებს მრავალი პრეტენზია ჰქონდათ არბიტრი დავით ხარიტონაშვილის მისამართით. პირველ ტაიმში ლექსო ინწკირველი თავური დარტყმის შემდეგ პენალტის დანიშვნას ითხოვდა, ბოლნისელთა მცველმა ხელით ითამაშაო.

მასპინძლები მწვავედ უტევდნენ: საგოლე მომენტი შექმნეს ჯაბა უგულავამ, პაველ ჰაიდუჩეკმა, მიკუჩაძემ, დაჩი ფოფხაძემ.

რუსთაველები აქტიურობდნენ, მაგრამ "სიონის" კარს მხოლოდ ტაიმის მიწურულს დაემუქრნენ ანზორ სუხიაშვილი და ლექსო ინწკირველი.

54-ე წუთზე დაშავდა რუსთაველი დავით საჯაია და სტუმრებმა ამის გამოც გამოხატეს უკმაყოფილება, მსაჯმა ყვითელიც არ აჩვენაო.

"მეტალურგმა" ანგარიში მე-60 წუთზე გაათანაბრა: რევაზ გეწაძემ ბურთი საჯარიმოს მარცხენა კუთხესთან მიიღო და შორეულ დაბალ კუთხეში დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა - 1:1.

ბოლნისელებმა პირველი ლიგის უსიამოვნო პერსპექტივა რეალურად იგრძნეს და მთელი ძალებით შეუტიეს. მოედანზე ვითარება დაიძაბა. 76-ე წუთზე გოგი ფიფიას არბიტრმა ჯერ ყვითელი უჩვენა, რამდენიმე წამში კი მეორეც აუფრიალა და მოედნიდან გააძევა, რამაც რუსთაველები სულ გაამწარა.

ბედიაშვილის კართან რეალური მომენტები შექმნა ლექვთაძემ, მიკუჩაძე პენალტს ითხოვდა და ა.შ.

ამის მერე თამაში საკუთარ თავზე ისევ სვანიძემ აიღო და მეორე გოლი სწორედ მისი აქტიურობის შედეგად გავიდა. "სიონის" კაპიტნის უძლიერესი დარტყმა ბედიაშვილმა ნახტომში მოიგერია. კუთხურიდან გიორგი ბიბილეიშვილმა ბურთი მიკუჩაძეს გადააწოდა, რომლის ჩაწოდებაზეც ბედიაშვილი შეცდა. ლადო ახალაიამ კი დამატებაზე ბადე შეარხია - 2:1.

ბოლნისელმა გულშემატკივარმა იფიქრა, რომ საქმე გაკეთებული იყო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ვახტანგ კვარაცხელიამ მეკარესთან პირისპირ ზვიად ლობჯანიძე დატოვა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:2 და "სიონი" ბოლო ტურის წინ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სიონმა რომ მისცა 12 ქულა რუსთავი რომ ჩემპიონი გახდა ეგ არაუშავს? ეხლა აღმოაჩდათ ოლიმპის ხელმძღვანელობას ღირსებაააა?
ნიკა
13:45 13-05-2013
0
12 ქულა რომიცა სიონმა ჩემპიონი რო ხდებოდა რუსტავი ეგარაფერი ხო ეხლა გახდა ხირსების საკითხი ხოო? 12 ქულა მისცა უეჭველი ვიციიიიი
ნიკა
13:41 13-05-2013
0

სიახლეები პოპულარული