თვის მოვლენები ქართულ ფეხბურთში (ოქტომბერი)

AutoSharing Option
სხვაგან თუ ძალიან ბევრი რამ უკეთესობისაკენ იცვლება, ქართულ ფეხბურთზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. ამიტომაც იყო, ჩვენი გაზეთის ტრადიციულ რუბრიკას სახელწოდება შევუცვალეთ და "თვის ნომინანტებს" სექტემბრიდან "თვის მოვლენები" დავარქვით. მაშინაც აღვნიშნეთ და დღესაც გავიმეორებთ: ქართულ ფეხბურთში არ არის ისეთი სიტუაცია, მხოლოდ და მხოლოდ გამორჩეულებზე რომ ვისაუბროთ. თუმცა, შევეცდებით, დამსახურებაც არავის დავუკარგოთ.

მწვრთნელ(ებ)ი
კახა კაჭარავა (დინამო), გია გიგატაძე (ტორპედო)
გასულ თვეში უმაღლესი ლიგის გუნდებს, კალენდრით გათვალისწინებული ოთხ-ოთხი მატჩის ნაცვლად, ხუთ-ხუთი შეხვედრის ჩატარებამ მოუწიათ; ისე როგორც აგვისტოსა და სექტემბერში, მაქსიმალური შედეგი ვერც ერთმა
გუნდმა ვერ აჩვენა; თუმცა ორი გუნდი მაინც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: "დინამომ" და "ტორპედომ" სხვებთან შედარებით, ყველაზე მეტი ქულა მოაგროვეს.

ამას გარდა, ოქტომბერში წაუგებლად მხოლოდ და მხოლოდ "დინამომ" და "ტორპედომ" იასპარეზეს. მაჩვენებელიც თითქმის ერთნაირი ჰქონდათ: ორი მოგება, სამი ფრე და, შესაბამისად, 9 ქულა; ერთმანეთში შეხვედრაც ფრედ დაასრულეს (1:1) და "დინამოს" უპირატესობა თავის ძველ და პრინციპულ მეტოქესთან, მხოლოდ და მხოლოდ, ბურთების უკეთეს სხვაობაში გამოიხატა. თუმცა, უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად ორივე გუნდის თავკაცი დაგვესახელებინა: კახა კაჭარავა ("დინამო") და გია გიგატაძე ("ტორპედო")!

.წელიწადნახევარზე მეტია, კახა კაჭარავა "დინამოს" მთავარი მწვრთნელია და ამ ხნის განმავლობაში "ლელოს" ტრდაციულ ნომინაციებში არაერთხელ დაგვისახელებია. ახალი რა უნდა ვთქვათ: "დინამოს" მწვრთნელობა ნებისმიერი სპეციალისტისათვის უდიდესი პატივიც არის და არანაკლები ფსიქოლოგიური ტვირთიც!

ჰო, ასეა - "დინამო" ხომ ვერასდროს გახდება "ჩვეულებრივი გუნდი"; ანუ, სხვა გუნდებისთვის მეორე თუ მესამე ადგილზე ყოფნა წარმატებად თუ შეიძლება ჩაითვალოს, "დინამოსთვის" წარუმატებლობა იქნება! ასე იყო, არის კიდეც და, ალბათ, დიდხანს გაგრძელდება, თუმცა არც იმას დავმალავთ, ამ სეზონის წინ "დინამოს" საჩემპიონო შანსებს ერთობ პესიმისტურად რომ ვაფასებდით.

ამის უმთავრესი მიზეზი კი, რაღა თქმა უნდა, ზაფხულის ერთობ პასიური "სატრანსფერო კამპანია" იყო - სეზონის დაწყებამდე გუნდი, ფაქტობრივად, ახალი ფეხბურთელებით არ გაძლიერებულა. თუმცა, უკვე ჩემპიონატის მსვლელობისას "დინამოში" რამდენიმე გამოცდილი ახალწვეული (გია კვარაცხელია, დავით მუჯირი, ირაკლი ლილუაშვილი) გამოჩნდა, ტრავმირებულმა ფეხბურთელებმაც (მათე ვაწაძე, რობერტინიო, ედნილსონი, ნიკოლოზ ფირცხალავა) ნელ-ნელა ოპტიმალური ფორმა დაიბრუნეს და "დინამომ" რამდენიმე მატჩში ისე ითამაშა, ერთგული ქომაგები როგორც ელიან.

ისე, კახა კაჭარავას, ალბათ, ჩვენზე უკეთ ეცოდინება, "დინამოს" უფრო მეტი სტაბილურობა რომ მოეთხოვება: გუნდს შეუძლია სტუმრად "ზესტაფონს" მოუგოს და ამავდროულად, ჩემპიონატის გამოკვეთილ აუტსაიდერთან ფრედ ითამაშოს! ყველაფრის მიუხედავად, ოქტომბერში "დინამოს" ასპარეზობა მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად უნდა შევაფასოთ; ეს კი, უდავოდ, მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა: თითქმის ყველა მატჩში გარკვეული საკადრო პრობლემების მიუხედავად, კონკრეტულ მეტოქესთან ოპტიმალურ შემადგენლობას რომ ირჩევდა.

აღარაფერს ვამბობთ კაჭარავას უკვე "ტრადიციადქცეულ" დამოკიდებულებას ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ, ოღონდ, უკვე სხვა საკითხია, ესა თუ ის ახალგაზრდა მოთამაშე მწვრთნელის ასეთ ნდობას როგორ გაამართლებს...

სეზონის დაწყების წინ ამ ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად უმაღლეს ლიგაში ქუთაისის "ტორპედოს" დაბრუნება მივიჩნიეთ. სამწუხაროდ, ამ უდიდესი ტრადიციების მქონე გუნდს ერთობ წარუმატებელი სტარტი გამოუვიდა; ასეთ შემთხვევებში კი, მოგეხსენებათ, საკადრო ცვლილებებიც არ დაახანებს-ხოლმე და "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ VIII ტურის წინ გუნდს ახალი მწვრთნელი წარუდგინა.

თუმცა გია გიგატაძე "საიდანღაც" ნამდვილად არ მოსულა: წინა სეზონშიც ამ გუნდში მუშაობდა ("ტორპედო" პირველ ლიგაში რომ ასპარეზობდა) და წლევანდელში კი დუბლებს თავკაცობდა. თუმცა, პირველი ლიგისა (ან, დუბლების) და უმაღლესი ლიგის გუნდების გაძღოლა ერთი და იგივე საქმე ნამდვილად არ არის; მით უფრო, რომ გია გიგატაძეს ასეთ დონეზე აქამდე არასდროს უმუშავია.

და აი, დებიუტიც ისეთი გამოვიდა, კაცი უკეთესს რომ ვერ ინატრებდა: გიგატაძის ხელმძღვანელობით "ტორპედომ" ზედიზედ 6 წაუგებელი მატჩი ჩაატარა! ამ ექვსიდან ხუთი შეხვედრა სწორედ ოქტომბერში იყო, როცა ქუთათურთა საყვარელმა გუნდმა ჩემპიონატის სამივე ფავორიტთან ("ზესტაფონთან", "დინამოსთან", "ოლიმპთან") შეხვედრებში მართლაც ჩინებული შედეგი უჩვენა: ერთი მატჩი მოიგო და ორიც ფრედ დაასრულა.

კახა კაჭარავას ფეხბურთის ქომაგების წინაშე წარდგენა თუ არ სჭირდება, აი, გია გიგატაძის შესახებ შესაძლოა ბევრს არ ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია. არადა, საფეხბურთო კარიერა ურიგო ნამდვილად არ ჰქონია: 20 წლის ასაკში მშობლიური "ტორპედოს" შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი აქვს ჩატარებული (1984 წელს); ამის შემდეგ წლების განმავლობაში საკავშირო პირველ თუ მეორე ლიგაში ასპარეზობდა და "ტორპედოს" დაცვის ხაზში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ მიიჩნეოდა. აი, ეროვნულ ჩემპიონატში კი, დაახლოებით ორასამდე მატჩი ექნება ნათამაშევი, ოღონდ, ფოთის "კოლხეთის" და ზესტაფონის "მარგვეთის" შემადგენლობაში.

სხვათა შორის, "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, გიგატაძეს გუნდის ძირითად შემადგენლობაში "რევოლუციური" ცვლილებები არ მოუხდენია: ერთი-ორი პოზიციის გარდა, ყველგან იმავე ფეხბურთელებს ეყრდნობოდა, რომლებიც თავის წინამორბედმა დააწინაურა. ამას გარდა, გია გიგატაძეს არც იმის აღნიშვნა დავიწყნია, რომ "ტორპედოს" წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ წინამორბედის, რამაზ მუმლაძის დამსახურება იყო. დაგვეთანხმებით, ქართველი მწვრთნელებისგან კოლეგებზე (მით უფრო, წინამორბედებზე) მსგავსი გამონათქვამებით განებივრებულნი ნამდვილად არა ვართ.

დაბოლოს, გასული თვის კიდევ ერთ გამორჩეულ მწვრთნელზეც: ახალგაზრდა სპეციალისტის გელა სანაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სამტრედიამ" ოქტომბერში მართლაც ჩინებულად იასპარეზა და არცთუ იოლ მეტოქეებთან პაექრობაში 8 ქულაც მოაგროვა; ისიც აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში "სამტრედიის" ორივე გამარჯვება გელა სანაიას მიერ თამაშის მსვლელობაში განხორციელებული შეცვლების შედეგი იყო...


დაბრუნებები და დებიუტები
ტენდენცია გრძელდება - აგვისტოსა და სექტემბერში ჩვენს ჩემპიონატს ორ ათეულზე მეტი ფეხბურთელი დაუბრუნდა, მანამდე წლების განმავლობაში უცხოეთის სხვადასხვა ლიგებში რომ ასპარეზობდნენ. და აი, გასულ თვეში კიდევ ერთი "დაბრუნება" შედგა: X ტურის მატჩში ("ვიტ ჯორჯია"-"ოლიმპი") რუსთაველთა გუნდის კარს 37 წლის გრიგოლ ჭანტურია იცავდა! არადა, ერთი შეხედვით, მართლაც უცნაური სიტუაცია იყო: წინა სეზონი ჭანტურიამ ქვეყნის ჩემპიონის რანგში დაასრულა და "ოლიმპის" გაჩემპიონებაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა ("ლელოს" ვერსიით სეზონის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა), მაგრამ ახალი სეზონის დაწყების წინ რუსთავულმა კლუბმა მის სამსახურზე უარი თქვა.

ეგ კი არა, არც სხვა გუნდებს გამოუჩენიათ ინტერესი და რა გასაკვირვი იქნებოდა, გამოცდილ მეკარეს კარიერის დასრულებაზე განცხადება რომ გაეკეთებინა (მით უფრო, 37 წლის ასაკში). მაგრამ, შემდეგ მოვლენები "უცნაურად" განვითარდა: ფოთში და ბოლნისში განცდილი ორი მტკივნეული მარცხის შემდეგ "ოლიმპის" ხელმძღვანელობამ... ჭანტურიას გუნდში დაბრუნება გადაწყვიტა! ჭანტურიაც დაბრუნდა, თანაც, ოთხი თვის განმავლობაში უვარჯიშებელი ფეხბურთელი მაშინათვე ძირითადში დააყენეს და დღემდე ინარჩუნებს გუნდის პირველი მეკარის სტატუსს.

არადა, ჭანტურიას გარდა "ოლიმპში" ორი გამოცდილი მეკარეა - გრიგოლ ბედიაშვილი და ზურაბ ბათიაშვილი. ისე, "ოლიმპს" დაარსების დღიდან "უცნაურობები" რომ ახასიათებს, ფაქტია: გუნდში, ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე სამი ცნობილი მეკარე ირიცხება, ამ დროს კი, სეზონის დაწყებიდან დღემდე ჩატარებული თითქმის ყველა მატჩში განაცხადში 18 ფეხბურთელის "შეგროვება" უდიდეს პრობლემას წარმოადგენს...

ოქტომბერში ერთდროულად რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმაც გამოიჩინა თავი და ზოგიერთმა "თვის სიმბოლურ ნაკრებში" მოხვედრაც დაიმსახურა. უპირველეს ყოვლისა, "დინამოს" 19 წლის გარემარბი ირაკლი ლეკვთაძე უნდა აღვნიშნოთ, ზედიზედ ორ შეხვედრაში 3 გოლი რომ გაიტანა; ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა ზუგდიდის "ბაიას" ახალგაზრდა ფეხბურთელს დათა რიგვავას, თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ბიჭი ამპლუით... მარჯვენა მცველია! 18 წლის არის "სამტრედიის" ნახევარმცველი დავით კირკიტაძე - ოქტომბერში მეტოქეთა კარში ორი გოლი რომ გაიტანა და ორივეჯერ... შეცვლაზე შემოსულმა!

ამათ გარდა, ის ფეხბურთელებიც ვახსენოთ, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლები რომ გაიტანეს: მერაბ გიგაური, ნიკოლოზ საბანაძე (ორივე - "ტორპედო"), ვალერი ბოლქვაძე ("სპარტაკი"). ისე, რახან სიტყვა მეგოლეებზე ჩამოვარდა, ირაკლი მოდებაძეც აუცილებლად უნდა ვთქვათ: რუსთავის "ოლიმპის" ფორვარდმა სექტემბერში "დაწყებული საქმე" ოქტომბერშიც გააგრძელა და მეტოქეთა კარში ყველაზე მეტი, 4 გოლი გაიტანა. საერთოდაც, ბომბარდირთა სიას სათავეში სწორედ მოდებაძე რომ უდგას, აბსოლუტურად ლოგიკურად მიგვაჩნია...


განსაკუთრებული ფაქტები
გასულ თვეში თითოეულმა ხუთ-ხუთი მატჩი ჩაატარა და, ფაქტობრივად, ტური არ ყოფილა, მსაჯებისადმი სერიოზული პრეტენზიები არ წამოსულიყო! ფაქტობრივად, უკვე მართლაც ფსიქოზური სიტუაცია შეიქმნა: ნებისმიერი შედეგით დასრულებული ნებისმიერი მატჩის შემდეგ, წაგებული თუ გამარჯვებული (?!) გუნდის წარმომადგენლები, ერთად თუ ცალცალკე, ყველას პირზე მსაჯების შეცდომები აკერია! აღარაფერს ვამბობთ ზოგიერთი გუნდის ვაი-ქომაგებზე:

არბიტრებზე ზეწოლას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ხომ არ სჯერდებიან, ახლა უკვე ჟურნალისტებზე დაიწყეს აგრესიის გამოხატვა. "თამაშგარედან გოლი გაგვიტანეს", "პენალტი არ დაგვინიშნეს", "ფეხბურთელს ყვითელი ბარათი შეგნებულად მისცეს", "მეტოქის მოთამაშე არ გააძევეს", "ორის ნაცვლად შეხვედრას ერთი წუთი დაამატეს", "გვწვავენ", "გვძირავენ", "ჩვენი წარმატება არ უნდათ", - აი, ასე გრძელდება ჩემპიონატის დასაწყისიდან და ოქტომბერში კი უკვე მართლაც უკვე ამაზრზენი ფორმა მიიღო.

ეგ კი არა, ამის მერე საგულდაგულოდ უნდა "შემოვინახოთ" კონკრეტული კლუბის ხელმძღვანელისა თუ მწვრთნელის "ადამიანური" გამონათქვამი, ვინც იტყვის, ამა თუ იმ მატჩში... საკუთარი შეცდომების გამო წავაგეთო!..

ისე, ცოტა ხნის წინ, ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ და "შეთქმულების თეორიაც" კი ვუწოდეთ; მაშინაც აღვნიშნეთ და დღესაც გავიმეორებთ: რაღა თქმა უნდა, მსაჯების მიმართ არანორმალური ზეწოლა თუ ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი აგრესია დასაგმობია. თუმცა, ასევე კვლავაც გავიმეორებთ, რომ ხანდახან, ზოგიერთი ჩვენი არბიტრის ქმედება, ცოტა არ იყოს, "უცნაურ" შთაბეჭდილებას ტოვებს.

ანუ, არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ჩემპიონატის დაწყებიდან დღემდე ზოგიერთი მსაჯის შეცდომას უნებლიეს... ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. თორემ, შეცდომები ვის არ მოსდის, - მთავარია ჩვენმა მსაჯებმა ეს შეცდომები შეგნებულად (გნებავთ, მიზანმიმართულად) არ დაუშვან...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული