მიმდინარე ჩემპიონატის დაწყებამდე რატი "მიოლდეში" იყო გასინჯვაზე და "ზესტაფონს" სეზონის დაწყების შემდეგ შეუერთდა. ზაზა ზამთარაძის და დავით მუჯირის ხელმძღვანელობით, 25 წლის თავდამსხმელმა პირველ წრეში 17 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
ფორმაში რომ შედიოდა, ეს ფაქტიც გამოდგება - პირველ წრეში "ზესტაფონს" "მცხეთა პარკზე" "ვიტ ჯორჯიასთან" დუბლით მოაგებინა.
მაგრამ კახა კაჭარავას დანიშვნის შემდეგ რატის საქმეები აერია და საერთოდ არ უთამაშია. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა და საბოლოოდ, გუნდის დატოვება მოუხდა.
"კაჭარავას
იმედს მაინც ვინარჩუნებდი, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, მაგრამ დრო გადიოდა, ექვს შეხვედრაში "ზესტაფონმა" მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, ანუ თავდასხმაში გვიჭირდა და ამის მიუხედავად, შემადგენლობაში ჩემი ადგილი არ მოიძებნა.
მივხვდი, რომ გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. გუნდის ხელმძღვანელობას წასვლა ვთხოვე და ილია კოკაიაც ადამიანურად მომექცა, კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გავწყვიტეთ და 19 აპრილიდან თავისუფალი ვარ.
ეგაა, ჯერ ვერც ერთ გუნდთან ვერ ვვარჯიშობ და ეს მადარდებს. ფორმიდან რომ არ ამოვვარდე, ახლა ინდივიდუალურად ვემზადები", - გვითხრა წინამძღვრიშვილმა.
რატი გულშემატკივარმა "ამერიდან" გაიცნო, სადაც გაიოზ დარსაძე ავარჯიშებდა. მაშინ გუნდში 1988 წელს დაბადებული ნიჭიერი თაობა შეკრიბეს - რევაზ თევდორაძე, დავით მჭედლიშვილი, ზურაბ გვაძაბია, გიორგი ელბაქიძე, გიორგი განუგრავა, მირზა ბჟალავა, ბექა გოცირიძე, ბესიკ ჩიმაკაძე...
თითოეული მათგანი ასაკობრივ ნაკრებებში სისტემატურად თამაშობდა. 2006 წელს "ამერმა" საქართველოს თასის ფინალში "ზესტაფონი" რატის გოლითა და საგოლე პასით დაამარცხა. მაშინ მისი ათენის "პანათინაიკოსში" გადასვლა გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ მუხლის ჯვარედინი იოგები გაუწყდა.
ნამკურნალებმა მალე ისევ იგივე ტრავმა მიიღო. ამასობაში "ამერიც" დაიშალა და რატი და რამდენიმე ამერელი "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ წაიყვანა, 18 წლისამ კი ეროვნულ ნაკრებში სამი ოფიციალური მატჩიც ჩაატარა.
წინამძღვრიშვილი მძიმე ტრავმებმა გააწამა. "ზესტაფონმა" მის ფეხზე დასაყენებლად ბევრი გააკეთა, ევროპაში ოპერაცია, სარეაბილიტაციო პროცესი... მაგრამ მოედანს დაუბრუნდა და 2010-11 წლების სეზონში "ლელომ" საუკეთესო შემცვლელად დაასახელა.
მოედანზე მისი შესვლა მოწინააღმდეგისთვის ცუდის ნიშანი იყო - ძირითადში თამაშს მოწყურებულმა თავდამსხმელმა 13 გოლი გაიტანა, ცამეტჯერვე შეცვლაზე და სეზონში ყველაზე მეტი - 4 დუბლი შეასრულა!
მაგრამ შარშან ამ დროს "ზესტაფონის" სამატჩო განაცხადშიც ვერ ხვდებოდა და ბოლოს ტრანსფერზე დააყენეს. აგენტის მეშვეობით, ნორვეგიულ "მიოლდეში" მივიდა. ამხანაგურ შეხვედრებში გოლებიც გაიტანა და ტრანსფერი გადაწყვეტილი ეგონა, მაგრამ ფეხბურთელების ყიდვა გადაიფიქრეს.
მუჯირმა და ზამთარაძემ მისი რეანიმაცია მოახერხეს და წინამძღვრიშვილმა გოლების გემო გაიხსენა, მაგრამ ახლა ისევ გუნდის ძიება მოუწევს.
ასეც ხდება, ყველა ტალანტი იმედებს არ ამართლებს, მაგრამ საქართველოში თავდამსხმელების კატასტროფული დეფიციტია და იმედი მაინც შევინარჩუნოთ, რომ 25 წლის რატი წინამძღვრიშვილს თავისი სათქმელი ბოლომდე არ უთქვამს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯერაც გამოცანა - რატი წინამძღვრიშვილის პორტრეტი
დომინოს პრინციპი - ილია კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებსო...