კვირის 1000 წვრილმანი: პოზიტივები და პლატინის სიბრძნე

AutoSharing Option
ქართული კლუბების ამბავი ისეთია, მალე არ დაწყებულა, მალე რომ დასრულდეს.

ერთი და იმავე დღეს ჯერ ეგრეთ წოდებული საბიუჯეტო კლუბები შეიკრიბნენ, მერე კი კერძოთა თავყრილობაც გაიმართა. პრობლემა კი ერთია - საფეხბურთო კლუბებს დახმარება სჭირდებათ სახელმწიფოსგან.

შუამავლობა ფედერაციამ იკისრა და საკუთარი პროექტიც წარუდგუნა კლუბებს - უნდა გამოიყოს მილიონობით ლარი და გადანაწილდეს თანაბრად კერძო თუ მუნიციპალურ კლუბებზე.

პროექტი ჯერ არავის არ დაუწუნებია, თუმცა უცნობია, თუ ვინ უნდა გადაიხადოს ეს მილიონები, სავარაუდოდ სახელმნწიფომ და ახლა გასარკვევი ისღა დარჩა, რას იზამს სახელმწიფო.

სავარაუდო თანხაც სახელდება
- 15 მილიონი ლარი ყოველწლიურად ქართული საფეხბურთო კლუბებისთვის. თუ ეს პროექტი განხორციელდება და ამ თანხის გამოყოფაც მოხერხდება, თქმა რად უნდა, ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება კერძო კლუბებისთვის და საარსებო მინიმუმის მაგვარი საბიუჯეტო - მუნიციპალური გუნდებისთვის.

ერთი სიტყვით, რაღაც კონცეფცია გამოიკვეთა და ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია, მანამდე ხომ ესეც არ იყო.

მომდევნო ნაბიჯი ალბათ კერძო და საბიუჯეტო - მუნიციპალური კლუბების კონსოლიდაცია იქნება. უამისოდ საქმე ვერ დაიქოქება.
მდიდარი და ღარიბი კლუბების ერთობა-სოლიდარობა არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში, ევროპის კლუბთა ასოციაციაში და ვფიქრობ, საქართველოშიც მოხერხედბა მსგავსი მოდელის შექმნა.

ღარიბი და მდიდარი, უფრო ლამაზად რომ ვთქვათ, დიდი და პატარა კლუბები - ყოველივე ამასთან დაკავშირებით უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ შესაშური სისადავით განაცხადა: დიდ კლუბებს პატარა კლუბები სჭირდებათ, პატარებს კიდევ დიდებიო.

სხვადასხვანაირი კლუბების თანაარსებობა არ უნდა დაემსგავსოს კლასობრივ ბრძოლას და ალბათ ჩვენთანაც ასე იქნება. აბსოლუტურად გასაგებია, რომ ამ ეტაპზე კერძო და მუნიციპალურ კლუბებს სხვადასხვა ამოცანები აქვთ და შესაბამისად, ცალ-ცალკე შეიკრიბნენ 12 მაისს, თუმცა სავსებით რეალურია კერძო და არაკერძო კლუბების ერთობა-სოლიდარობაც, რაც უფრო მეორეხარისხოვანი საკითხია - ჯერ ის ფული უნდა გამოჩნდეს, ორივე ტიპის კლუბებს რომ სჭირდებათ.

ადრეც ვთქვით, რომ კლუბების პრობლემებმა ერთმანეთთან უფრო დაახლოვეს სპორტის სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია.

კრიტიკის დრო აღარ არის, ამ ეტაპზე უფრო სხვა საქმეა საკეთებელი. ახლა ძალიან კარგად გამოჩნდება, როგორ მუშაობს ფედერაცია, როგორ აპირებს პრობლემის გადაჭრას სამინისტრო - ღმერთმანი, კარგი ტესტია.

კიდევ ერთი პოზიტივი - სამინისტრო, ანუ ხელისუფლება მენტორის პოზიციიდან აღარ ელაპარაკება ფედერაციას, თვითონ ფედერაციაც თავისუფლად მოქმედებს, თამამად აფიქსირებს პოზიციას ამა თუ იმ საკითხზე.

გაჩნდა კონსტრუქტიულობის ელემენტები. კლუბების გადარჩენა-შენარჩუნების საკითხი დიდი გამოწვევაა სახელმწიფოსთვის, ფედერაცია კი უფრო შუამდგომია ამ ყველაფერში, არ აქვს იმის ფინანსური თუ საკანონმდებლო რესურსი, რომ კლუბებს მნიშვნელოვნად შეეხიდოს.

ვისაც არხეინად აქვს საქმე, უკვე სატრანსფერო საქმიანობის მონახაზიც აქვს გაკეთებული. ვისაც კიდევ გასარკვევი აქვს რაღაც-რაღაცები, მოლოდინის რეჟიმშია, ანუ დრო ეკარგება.

ცხადია, კარსმომდგარ ევროტურნირებსა თუ მომდევნო სეზონს ყველა თანაბარ პირობებში ვერ შეხვდება, თუმცა გაურკვევლობაში მყოფი ზოგი კლუბის ხვედრი ნამდვილად არავის შეშურდება.

სხვა რა დაგვრჩენია, ცოტაც უნდა მოვიცადოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული