საინტერესოა, როგორი იქნება "მერანის" მომავალი, რამდენად ამბიციური გუნდი ეყოლება მარტვილს მომავალ სეზონში.
ამ შეკითხვებზე გუნდის მთავარ მწვრთნელ მალხაზ ჟვანიას ჯერ კონკრეტული პასუხები არ აქვს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მოვლენები კლუბისთვის სასიკეთოდ განვითარდება.
- თვის ბოლოს გვეცოდინება, როგორი ბიუჯეტი ექნება "მერანს". ვიმედოვნებთ, კლუბს ნორმალურ დაფინანსებას გამოუყოფენ და მომავალ
- სახელმწიფო დაფინანსებაზე რა ინფორმაციას ფლობთ?
- ამაზე უფრო კომპეტენტურად კლუბის ხელმძღვანელობა ისაუბრებს, თუმცა ვიცი, რომ სამთავრობო მხარდაჭერაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინათ მარტვილში საქართველოს სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი იმყოფებოდა და ვნახოთ, რა შედეგები მოჰყვება მის ვიზიტს.
როგორც ვიცი, განიხილება უმაღლესი ლიგის კლუბების რაოდენობის 16-მდე გაზრდა და ამას მხარს დავუჭერთ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სახსრები სამართლიანად გადანაწილდება და თექვსმეტივე კლუბს ნორმალური დაფინანსება ექნება.
- რით იყო გამოწვეული ის ფაქტი, რომ "მერანს", რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი რიგიანად ჩაატარა, უმაღლეს ლიგაში დარჩენა მაინც სათუო გაუხდა?
- სათანადო მოსამზადებელი პირობების არქონის გამო, ჩვენი კლუბისთვის ზამთარი ყველაზე მძიმე პერიოდია.
სწორედ ამის გამო იყო, რომ ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპისთვის შესაბამისად ვერ მოვემზადეთ. ამას გარდა, იყო განწყობის პრობლემაც - ყველას გვეგონა, რომ ქულათა საკმარისი მარაგი გვქონდა და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება აღარ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ შევცდით.
საბედნიეროდ, კრიტიკულ მომენტში მობილიზება მაინც შევძელით და ვფიქრობ, უძლიერესთა შორის დამსახურებლად დავრჩით.
გადამწყვეტ მატჩებში ბიჭებმა საბრძოლოდ განწყობა და სათანადო დონეზე თამაში შეძლეს, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.
- თქვენი გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა საბა ლომიამ ჩემპიონატის მეორე ეტაპზე შედეგიანობას მკვეთრად მოუკლო. ამას რით ახსნით?
- აქაც ისევ და ისევ ფსიქოლოგიურ ფაქტორს გამოვყოფდი. როგორც იცით, ზამთარში ლომია "ზესტაფონმა" დაიბრუნა, მაგრამ იქ კვლავ არ დაიტოვეს, რამაც საბას განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა, მან თითქოს მოტივაცია დაკარგა. მსგავსი პრობლემის წინაშე "მერანის" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დადგა.
- თვალშისაცემი იყო ისიც, რომ თქვენი გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა...
- მიზეზთა გამო, ამის აუცილებლობა მართლაც დადგა დღის წესრიგში. ბევრი ჩვენი ახალგაზრდა ამ ეტაპზე უმაღლესი ლიგის მოთხოვნებისთვის მზად არ აღმოჩნდა, მაგრამ მათი უმრავლესობა ახლო მომავალში საკუთარ შესაძლებლობებს აუცილებლად წარმოაჩენს.
- ინფრასტრუქტურული პრობლემა ახსენეთ და საინტერესოა, რა ბედი ეწევა მარტვილის სტადიონს, სადაც მოედნის საფარი არასახარბიელო მდგომარეობაშია?
- ეს პრობლემა ჩვენც ძალიან გვაწუხებს და მის გადაჭრას ყველანაირად ვცდილობთ. პროექტის მიხედვით, მომავალ სეზონამდე მარტვილის სტადიონზე თანამედროვე ხელოვნური საფარი უნდა დაიგოს და იმედია, ეს პროცესი დროულად დაიწყება და დასრულდება.
- კლუბიდან წასული ფეხბურთელების ან სავარაუდო ახალწვეულების შესახებ რაიმე თუ არის ცნობილი?
- სანამ "მერანის" ბიუჯეტი არ დადგინდება, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ჯერ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სათანადო პირობების შემთხვევაში, "მერანი" უმაღლეს ლიგაში სტატისტის როლს არ დასჯერდება და პირადად მეც დიდი სურვილი მაქვს, ამ გუნდში მუშაობა გავაგრძელო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"