ბოლნისის "სიონში" ივო შუშაკის მოწვევაზე ფიქრობენ

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონის" ხელმძღვანელობა უცხოელ მწვრთნელს უმიზნებსო, გავრცელდა ხმები და კონკრეტული კანდიდატურაც დასახელდა - ივო შუშაკი.

"სიონში" გასული სეზონის მეორე ეტაპისთვის რეორგანიზაცია მოხდა. კლუბის გენერალურ დირექტორად საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლადო ბურდული დაინიშნა, გუნდი ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდა და მიზანიც შეასრულა - უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. გარდა ამისა, "სიონი" საქართველოს თასის ნახევარფინალშიც გავიდა.

როგორც თითქმის ყველა ქართული გუნდი, "სიონიც" იმის მოლოდინშია, თუ რა ბიუჯეტი ექნება დამდეგი სეზონისთვის. კულუარულად ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ "სიონს" სხვა საბიუჯეტო კლუბებზე მეტი დაფინასება ვერ
ექნება, თუმცა არცთუ დუხჭირი მომავალი ელის.

შუშაკი მაშინ თავკაცობდა თბილისის "დინამოს", როცა იმ გუნდში ლადო ბურდულიც თამაშობდა. როგორც სანდო წყარომ გვითხრა, შუშაკის "სიონში" მიწვევის იდეა სწორედ ბურდულს ეკუთვნის.

შუშაკი "დინამო თბილისს" 2002-04 წლებში ხელმძღვანელობდა. ხორვატმა სპეციალისტმა "დინამოს" საქრთველოს ჩემპიონობაც მოაგებინა და თასიც, კიდევ მოსკოვში გამართული თანამეგობრობის თასიც.

შუშაკი საქართველოს ეროვნული ნაკრების დროებითი მწვრთნელიც იყო. მისი მთავარსარდლობითა და მალხაზ ასათიანის თავური გოლით ჩვენმა ნაკრებმა რუსეთს 1:0 რომ მოუგო, ეს ალბათ ყველას ახსოვს.

შუშაკისთვის უცხო არ არის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობა. საქართველოს გარდა, მწვრთნელობა მას სლოვენიასა და სომხეთშიც მოუწია.

შუშაკი ბოლოს ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა.

ამ ეტაპზე ის არ ითვლება მაღალანაზღაურებად მწვრთნელად და ვინ იცის, იქნებ "სიონის" ბიუჯეტი გასწვდეს კიდეც 64 წლის შუშაკის ჯამაგირს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ივო შუშაკი: საქართველო ჩემს გულშია და თუ ღმერთი ინებებს, აქ კიდევ ჩამოვალ სამუშაოდ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული