შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველი ეტაპიც თბილისის "დინამომ" მოიგო და სწორედ მაშინ (პირველ ეტაპს როცა ვაჯამებდით) ვივარაუდეთ, რომ ამ სეზონის ტრიუმფატორი ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი უნდა გამხდარიყო.
ასეც მოხდა: "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალურ ტიტულს უკვე ოფიციალური მოჰყვა. თუმცა გუნდის ზეობა ამით არ დასრულებულა: ხუთწლიანი პაუზის მერე მოპოვებულ საქართველოს ჩემპიონობას "დინამომ" კიდევ
არადა, ბოლო ათი წლის განმავლობაში "დუბლი" ჩვენთან "დინამოს" კი არა, საერთოდ არც ერთ გუნდს არ ჰქონდა შესრულებული...
საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთადერთი თბილისის "დინამოა", ყველა გათამაშებაში რომ მიიღო მონაწილეობა; "დინამო" ასევე ერთადერთი ქართული გუნდია, ყველა იმ 24 ჩემპიონატის დაწყების წინ უმთავრეს ფავორიტად რომ მოიაზრებოდა.
გამონაკლისი, რაღა თქმა უნდა, არც ახლახან გასრულებული სეზონი იყო, რომლის დაწყების წინაც გუნდშიც და კლუბშიც სერიოზული საკადრო ცვლილებები განხორციელდა; თანაც, კლუბის მეპატრონესა და პრეზიდენტს რომან ფიფიას წინა სეზონში საკადრო საკითხებთან დაკავშირებით მწარე გამოცდილება ჰქონდა მიღებული, რომლის გამეორებასაც გამოცდილი ბიზნესმენი არაფრით დაუშვებდა.
რა თქმა უნდა, იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სეზონის დაწყების წინ თუ პირველი ეტაპის მერე განხორციელებულმა ყველა ტრანსფერმა 100 პროცენტით გაამართლაო; ბოლოს და ბოლოს, დღესაც უკვირს ბევრს, თუ რა "დამსახურებით" მოხვდნენ "დინამოში" ვლადიმერ ვოსკობოინიკოვი და ემანუელ მენდი; პატრიკ მილხრაუმის "ზესტაფონიდან" გადმოყვანაც, ცოტა არ იყოს, უცნაურად მოგვეჩვენა.
სამაგიეროდ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა ქართველმა ახალწვეულმა გაამართლა, რომ აღარაფერი ვთქვათ ახალ სამწვრთნელო შტაბზე!
სამწვრთნელო საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით. მანამდე კი ის გვინდა ვთქვათ, რომ თბილისის "დინამოს" თითოეულ წევრს მართლაც ყველანაირი პირობა ჰქონდა შექმნილი იმისათვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთზე ეფიქრა! ეს კი, რაღა თქმა უნდა, კლუბის მეპატრონისა და პრეზიდენტის, რომან ფიფიას დამსახურებაა: ამ ორწელიწადნახევრის განმავლობაში "დინამოს" აღორძინება-განვითარებისათვის სოლიდური ინვესტიციები რომ განახორციელა და აი, შედეგიც მოვიდა...
მწვრთნელი
ამ სეზონამდე უკანასკნელი საჩემპიონო ტიტული "დინამოს" 2008 წელს ჰქონდა მოგებული - იმ დროს გუნდის მთავარი მწვრთნელი ცნობილი ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი-უფროსი გახლდათ; და აი, ხუთწლიანი პაუზის მერე "დინამომ" მართლაც ტრიუმფალური სეზონი ჩაატარა და ამ წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი გუნდის ახალი მწვრთნელი, დუშან უჰრინი-უმცროსი იყო!
აი, ასე - შვილმა ჩინებულად გააგრძელა მამის ტრადიცია და საქართველოში გატარებული პირველივე სეზონი "დუბლით" დაამთავრა!
უჰრინი-უმცროსის საყვარელი ტაქტიკური განლაგება 4-4-2 იყო, ძირითად შემადგენლობაში როტაციასაც იშვიათად მიმართავდა და, რაც მთავარია, ჩეხი სპეციალისტი მაქსიმალურად იყენებდა მის ხელთ არსებულ რესურსს.
აქვე ერთი ფაქტორიც გვინდა აღვნიშნოთ: გასულ სეზონში "დინამო" მართლაც გამორჩეული შედეგიანობით გამოირჩეოდა და 13 მატჩი მოიგო სამი და მეტი ბურთის სხვაობით!
ვერაფერს ვიტყვით - დუშან უჰრინს მართლაც ჩინებული დებიუტი ჰქონდა, მაგრამ "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ჩვენზე უკეთ იცის, რომ თავის გუნდს რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება არ აწყენდა; მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგაზე (თუგინდ, საკვალიფიკაციო ეტაპებზე) ხომ საქართველოს ჩემპიონატისაგან განსხვავებული "მოთხოვნებია"...
მეკარე
ზედიზედ ოთხი სეზონია, "დინამოს" ძირითადი მეკარე გიორგი ლორია გახლავთ, წლიდან წლამდე რომ პროგრესირებს და საქართველოში სამართლიანად მიიჩნევა თავის ამპლუაში საუკეთესოდ.
ლორიამ საქართველოს ნაკრებში არსებული კონკურენციაც დაძლია და ძირითადი მეკარის სტატუსიც სამართლიანად მოიპოვა.
რაც შეეხება "დინამოში" გატარებულ გასულ სეზონს, 27 წლის მეკარისათვის ერთ-ერთი გამორჩეული იყო: გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა და კაპიტანმა თავისი არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა "დუბლის" შესრულებაში. განსაკუთრებით შთამბეჭდავად კი ლორიამ გადამწყვეტ, მეორე ეტაპზე ითამაშა: 9 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.
XXIX ტურში, გორის "დილასთან" სტუმრად ჩატარებულ მართლაც "საჩემპიონო მატჩში", ლორიამ ისე ითამაშა, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო დონის მეკარეებს რომ შეუძლიათ!..
დაცვა
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ დუშან უჰრინი ძირითად შემადგენლობაში როტაციას იშვიათად მიმართავდა და ამის დასტურად ეს ფაქტიც გამოდგება: პირველ ეტაპზე დაცვის ხაზში, ფაქტობრივად, ერთი და იგივე ოთხეული (სეთურიძე - ხიზანეიშვილი - კვარაცხელია - რეხვიაშვილი) თამაშობდა (ერთადერთი, დარკო გლიშიჩი თუ შეცვლიდა ხოლმე მარცხენა ფლანგზე გიორგი რეხვიაშვილს);
აი, მეორე ეტაპიდან კი ამ რგოლში რამდენიმე გადაადგილება ვნახეთ: რეხვიაშვილი "ჩიხურაში" გაანათხოვრეს და თავდაპირველად მის პოზიციაზე გამოცდილი პატრიკ მილხრაუმი ასპარეზობდა; თუმცა, 29 წლის გერმანელმა მალე ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე მარცხენა მცველად (თანაც, არცთუ ურიგოდ) 21 წლის დარკო გლიშიჩი ასპარეზობდა.
მძიმე ტრავმის გამო, ფაქტობრივად, მთელი მეორე ეტაპი გაუცდა ოთარ ხიზანეიშვილს და თავდაპირველად დაცვის ცენტრში მასზე არანაკლებ გამოცდილი გიორგი შაშიაშვილი თამაშობდა; თუმცა, 33 წლის შაშიაშვილიც დაშავდა და მის ნაცვლად ძირითადში ხან გამოცდილ უსტარიცს ვხედავდით, ხან კიდევ - 22 წლის გიორგი გველესიანს.
სხვათა შორის, გველესიანი თავის შანსს დიდხანს ელოდა და ეს მოთმინება ამ სეზონში დაუფასდა კიდეც!
მარჯვენა მცველად, უმეტესწილად, გიორგი სეთურიძე ასპარეზობდა და 28 წლის ფეხბურთელმა "დინამოში" სადებიუტო სეზონი დუბლით დაასრულა;
აი, დაცვის უპირობო ლიდერი კი, რაღა თქმა უნდა, გივი კვარაცხელია გახლდათ: 34 წლის ფეხბურთელი სეზონის დაწყების წინ "დინამოს" ერთწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა და არა მხოლოდ დაცვის რგოლის, არამედ, საერთოდ, გუნდის შეუცვლელი ფიგურა გახდა. მთელი სეზონის განმავლობაში კვარაცხელიას ხშირად ეცვლებოდნენ პარტნიორები, მაგრამ ეს მის თამაშზე უარყოფითად არ ასახულა. თანაც, დაცვითი ფუნქციების შესრულების გარდა, არც შეტევებს ივიწყებდა და, ტრადიციულად, ეფექტური გოლებითაც ანებივრებდა "დინამოს" ერთგულ ქომაგებს.
ნახევარდაცვა
...წინა სეზონში (იმდროინდელი მწვრთნელები რატომღაც ნაკლებად რომ ენდობოდნენ) მიკელ ალვარო, როგორც წესი, საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციებს ასრულებდა. აი, გასულ ჩემპიონატში კი დუშან უჰრინი 30 წლის ბასკ ფეხბურთელს ხან ნახევარდაცვის ცენტრში ამწესებდა, ხან კიდევ - მარჯვენა ფლანგზე; თუმცა, ალვაროსათვის ამას ხელი არ შეუშლია, რომ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი გამხდარიყო - 14 გოლი გაიტანა ჩემპიონატში, თანაც, ერთიმეორეზე ლამაზი და ერთი-მეორეზე გადამწყვეტ მომენტში!
ალვარომ მართლაც საოცარი სილამაზის გოლი გაუტანა "ტორპედოს" I წრეშიც და IV-შიც, თუმცა გორში "საჩემპიონო დაპირისპირებაში" რომ შეაგდო, აი, ის იყო, რაც იყო!
"დინამოს" ტრიუმფალურ სეზონში უდიდესი წვლილი შეიტანეს ცენტრალურმა ნახევარმცველებმა: გუნდის ყველაზე სტაჟიანმა წევრმა, 29 წლის ლევან ხმალაძემ (9 გოლით პირადი რეკორდი რომ დაამყარა) და 25 წლის ირაკლი ძარიამ; სეზონის ბოლოს ფორმაში შევიდა გუნდის ახალწვეული პეტერ გრაიციარი - 29 წლის სლოვაკ ნახევარმცველს ზუსტი და შორეული დარტყმებიც ეხერხება და, რაც მთავარია, სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია წარმატებით ასპარეზობა.
სეზონი კარგად დაიწყო კარლეს კოტომ, თუმცა 25 წლის ესპანელმა მარჯვენაფლანგელმა ტრავმის შემდეგ ძირითადში ადგილი ვერ დაიბრუნა.
სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, წინა სეზონთან შედარებით, უფრო და უფრო ეპიზოდურად ჩნდებოდნენ ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური; აი, 21 წლის გიორგი პაპავას კი დუშან უჰრინი დიდ ნდობას უცხადებდა და მეორე ეტაპზე თითქმის ყველა მატჩში 18-კაციან განაცხადში ჰყავდა.
დაბოლოს, ნახევარდაცვისა და, საერთოდ, გუნდის ერთ-ერთ ლიდერზეც: 26 წლის გიორგი მერებაშვილი ერთადერთია "დინამოს" შემადგენლობაში, ჩემპიონატის ყველა მატჩი რომ ჩაატარა.
თავდასხმა
"დინამომ" მეტოქეთა კარში 88 გოლი გაიტანა და აქედან ზუსტად ნახევარი ფორვარდების "დუეტმა": 24 გოლით საუკეთესო ბომბარდირობა ჩისკომ მოიპოვა, ჯაბა დვალმა კი, წინა სეზონის მსგავსად, კვლავაც 20 გოლი გაიტანა.
32 წლის ჩისკომ, საერთოდაც, ჩინებული სეზონი ჩაატარა და, ალბათ, არავის გაუკვირდა, რომ "ლელოს" ვერსიით სწორედ ის გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერი, თავდამსხმელი და, რაც მთავარია, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი!
ექვსწლიანი პაუზის მერე "დინამოში" დაბრუნებულ დვალს თავის ძველ-ახალ გარემოსთან თავდაპირველად ადაპტაციის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მერე "ჩვეულ საქმეს" შეუდგა და მეორე ეტაპზე, "ტორპედოსთან" საშინაო შეხვედრაში 28 წლის ცენტრფორვარდმა მართლაც გოლი-შედევრი შემოგვთავაზა!
სამწუხაროდ, ჩისკოსა და დვალს თავდასხმის ხაზში ღირსეული კონკურენტები არ ჰყოლიათ. არადა, ფაქტია, რომ სულ მცირე, ერთი მაღალი კლასის თავდამსხმელი "დინამოს" აუცილებლად სჭირდება...
საუკეთესო მატჩი
ჩემპიონატში "დინამომ" არაერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა, თუმცა განსაკუთრებით შთამბეჭდავი ორი გამოდგა: ჯერ ის შეხვედრა უნდა ვახსენოთ, პირველ ეტაპზე "დინამომ" თავის უშუალო კონკურენტს "დილას" ყველა კომპონენტში რომ აჯობა (3:0); თუმცა არანაკლებ ეფექტური იყო მეორე ეტაპზე "ტორპედოსთან" საშინაო გამარჯვებაც (4:0).
იმ შეხვედრაში "დინამომ" ლაღი და სანახაობრივი ფეხბურთი გვიჩვენა, თანაც სწორედ ამ მოგებით ინაღდებდა ასე ნანატრ ჩემპიონობას!
ყველაზე ცუდი მატჩი
32 მატჩი და... ორი მარცხი, - ვერაფერს ვიტყვით, მართლაც საჩემპიონო შედეგია! პირველ ეტაპზე სტუმრად "დილასთან" წაგებული მატჩი იყო "დინამოსთვის" ყველაზე უარესი გასულ სეზონში: ასევე პირველ ეტაპზე იყო არცთუ დამაჯერებელი თამაში სტუმრად "ვიტ ჯორჯიასთან", თუმცა გადამწყვეტ, მეორე ეტაპზე "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს მოტივაციისა თუ კონცენტრაციის პრობლემა აღარ შეჰქმნიათ და გუნდიც სრულიად დამსახურებულად გახდა საქართველოს ჩემპიონი.
ერთგული ქომაგები
კლუბის პრეზიდენტის დამსახურებაზე ზემოთ ვისაუბრეთ, სამწვრთნელო შტაბისა თუ თითოეული ფეხბურთელის ღვაწლზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი; თუმცა, "დინამოს" წარმატებაში სხვებმაც შეიტანეს წვლილი: დაწყებული კლუბის დირექტორატის წარმომადგენლებიდან და დიღმის საწვრთნელი ბაზის თანამშრომლებით დამთავრებული.
აღარაფერს ვამბობთ "დინამოს" მართლაც უერთგულეს ქომაგებზე: ახალგაზრდების ჯგუფი 5 წელიწადი ელოდა თავისი საყვარელი კლუბის საჩემპიონო ზეიმს და მათი მხარში დგომა მართლაც ცალკე აღნიშვნის ღირსია.
დაბოლოს, ჩვენს კოლეგასაც გვინდა მივულოცოთ: კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გიგა გვენცაძემ "დინამოსთან" ერთად მეორედ იზეიმა საქართველოს ჩემპიონობა და თასიც მეორედ აღმართა!..
თბილისის დინამოს ყველა მატჩი
I ეტაპი
I ტური მეტალურგი - დინამო 0:1
II ტური დინამო - ტორპედო 3:2
III ტური დინამო (ბთ) - დინამო 0:3
IV ტური დინამო - კოლხეთი 5:0
V ტური დილა - დინამო 2:0
VI ტური დინამო - ვიტ ჯორჯია 5:0
VII ტური ჩიხურა - დინამო 0:0
VIII ტური დინამო - სიონი 7:2
IX ტური ზუგდიდი - დინამო 1:1
X ტური მერანი - დინამო 0:4
XI ტური დინამო - ზესტაფონი 2:1
XII ტური დინამო - მეტალურგი 3:0
XIII ტური ტორპედო - დინამო 2:2
XIV ტური დინამო - დინამო (ბთ) 5:3
XV ტური კოლხეთი - დინამო 0:2
XVI ტური დინამო - დილა 3:0
XVII ტური ვიტ ჯორჯია - დინამო 1:1
XVIII ტური დინამო - ჩიხურა 5:2
XIX ტური სიონი - დინამო 0:5
XX ტური დინამო - ზუგდიდი 2:0
XXI ტური დინამო - მერანი 3:1
XXII ტური ზესტაფონი - დინამო 2:1
I ეტაპი: 22 მატჩი, 16 მოგება, 4 ფრე, 2 წაგება, ბურთები: 63-19
II ეტაპი
XXIII ტური დინამო - ზუგდიდი 3:0
XXIV ტური დინამო - დილა 0:0
XXV ტური ტორპედო - დინამო 1:1
XXVI ტური დინამო - ჩიხურა 3:0
XXVII ტური ზესტაფონი - დინამო 0:1
XXIX ტური დილა - დინამო 0:1
XXX ტური დინამო - ტორპედო 4:0
XXXI ტური ჩიხურა - დინამო 2:4
XXXII ტური დინამო - ზესტაფონი 6:1
II ეტაპი: 10 მატჩი, 8 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება, ბურთები: 25 - 4
სულ: 32 მატჩი, 24 მოგება, 6 ფრე, 2 წაგება, ბურთები: 88-23
გუნდი
მეკარეები: გიორგი ლორია - 24, თორნიკე ზარქუა - 7, კოკა სეფიაშვილი - 1;
მცველები: გივი კვარაცხელია - 31 (3), გიორგი სეთურიძე - 27, დარკო გლიშიჩი - 25, ოთარ ხიზანეიშვილი - 20, გიორგი რეხვიაშვილი - 17, გიორგი გველესიანი - 8 (1), უსტარიცი - 6 (1), არჩილ ტვილდიანი - 6 (1), პატრიკ მილხრაუმი - 5, გიორგი შაშიაშვილი - 5, დავით ხოჭოლავა - 3, ემანუელ მენდი - 1, ლევან კაკუბავა - 1;
ნახევარმცველები: გიორგი მერებაშვილი - 32 (7), ლევან ხმალაძე - 31 (9), მიკელ ალვარო - 30 (14), ირაკლი ძარია - 27, კარლეს კოტო - 17 (1), პეტერ გრაიციარი - 10 (4), ნიკა კვეკვესკირი - 8, გიორგი პაპავა - 7, ჯაბა ჯიღაური - 2, ირაკლი ლექვთაძე - 2, ლაშა პარუნაშვილი - 1;
თავდამსხმელები: ჩისკო - 28 (24), ჯაბა დვალი - 27 (20), რობერტინიო - 14 (1), ვლადიმერ ვოსკობოინიკოვი - 13 (1), დიმიტრი ტატანაშვილი - 6, ალბერტ იაგუე - 1.
მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი (I - XXXII ტური)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალეკო ამისულაშვილი და მილან ბაროში თბილისის "დინამოში"?
დიდი ცვლილებები თბილისის "დინამოში" - პირველი კარლეს კოტო წავიდა
ვოსკობოინიკოვმა, მენდიმ და მილხრაუმმა ვერ გაამართლეს...
სამაგიეროდ ტატანაშვილმა დაგლიჯა, ლივერპული იწვევს...