გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი "სტაჟიანი" წევრისათვის (მხოლოდ ოთხი ჩემპიონატი აქვს გამოტოვებული) გასული სეზონი უდავოდ წარმატებულად უნდა შეფასდეს: "დილა" პირველად მოხვდა სამეულში და ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.

ჰო, აქამდე ხომ გუნდი, ტრადიციულად, VIII-X ადგილებზე ამთავრებდა სეზონს (ერთადერთხელ გავიდა VI ადგილზე), თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში კლუბში სასიკეთო ძვრები მოხდა და შარშან თუ საქართველოს თასის მოპოვებით გაიხარეს გორელმა გულშემატკივრებმა, ახლა უკვე ჩემპიონატში უჩვენეს საუკეთესო შედეგი.

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ XXIV ჩემპიონატის დაწყების წინ გათამაშების რეალური ფავორიტის, თბილისის "დინამოს" უპირველეს და ლამის ერთადერთ
კონკურენტად სწორედ "დილა" მიიჩნეოდა.

ასეც მოხდა: რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორის მიუხედავად, "დილამ" შეძლო და "დინამოს" მართლაც სერიოზული კონკურენცია გაუწია; თუმცა, არაერთი საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო ნიუანსების გათვალისწინებით, "დილა" ჯერ არ იყო "საჩემპიონო გუნდი", მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, გასული სეზონი, უდავოდ, წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ.

აქვე პოლიტიკური კატაკლიზმებიც უნდა ვახსენოთ: 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე "დილას" ეგრეთ წოდებული ხელშეუხებელი გუნდის სტატუსი ჰქონდა! შეგახსენებთ, რომ 2011 წლის შემოდგომიდან გორელთა გუნდის პატრონობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ითავა; მეურვეების ხელშეწყობით, გუნდი ფინანსურადაც მოძლიერდა და, რაც მთავარია, ერთიმეორეზე უკეთესი ფეხბურთელებითაც.

არანაკლები კი არა, ალბათ, გადამწყვეტი ფაქტორი იყო კლუბის მმართველ სტრუქტურაში რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მენეჯერის, მამუკა ჯუღელის გამოჩენაც!

ოფიციალურად ჯუღელს, შესაძლოა, არანაირი თანამდებობა არც ჰქონდა "დილაში", მაგრამ ყველამ იცოდა, რომ სწორედ მისი თხოვნით დაბრუნდნენ საქართველოში და გორელთა გუნდში გააგრძელა კარიერა რუსეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერთა სოლიდურმა ჯგუფმა.

არადა, ამ "პროექტს" ბევრი ეჭვის თვალით უცქერდა, თუმცა "დილამ" ევროტურნირებზეც მართლაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და მერე კი საქართველოს ჩემპიონატს მისცა ინტრიგა.

სამწუხაროდ, სწორედ ევროტურნირების გამო იყო, "დილამ" XXIV ჩემპიონატის სტარტი რომ ჩააგდო: გუნდს ორ "ფრონტზე" თამაში გაუჭირდა, თანაც, საშინაო მატჩებს თბილისში ატარებდა და 4 ტურის მერე თბილისის "დინამოს" 11 ქულით ჩამორჩებოდა.

აი, ამის მერე კი მამუკა ჯუღელმა ერთობ საინტერესო საკადრო ცვლილება მოახდინა და ჩემპიონატში ინტრიგაც გაჩნდა...

მწვრთნელ(ებ)ი და ფინანსები
...კალენდრის თანახმად, ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატების, თბილისის "დინამოსა" და "დილას" პირველი დაპირისპირება V ტურში უნდა შემდგარიყო; ამ მატჩამდე "დინამოს" ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდა, "დილას" კი - ოთხ მატჩში ერთი ქულა!

სწორედ "დინამოსთან" შედგა "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი დარასელიას დებიუტი: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა კარიერა ისრაელში გააგრძელა, იქვე დარჩა საცხოვრებლად და წამყვან ებრაულ კლუბებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტადაც მუშაობდა.

და აი, სამშობლოში დაბრუნება შესთავაზეს და აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთი პერსპექტიული მწვრთნელი გვყოლია: დარასელიას ხელმძღვანელობით, "დილამ" ის მატჩი ("დინამოსთან") ხომ მოიგო, ამას მოჰყვა ზედიზედ ათი გამარჯვება!

ჰო, მართლაც უნიკალური შედეგი იყო: ორი თვის განმავლობაში "დილამ" საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ყველა გუნდს მიჯრით მოუგო და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი ბურთი (ისიც - პენალტით) გაუშვა!

ასეთი წარმატებული სერიის "გამოძახილი" იყო სატურნირო ცხრილში შექმნილი სიტუაციაც: როცა მეორე წრის (და, საერთოდ, პირველი ეტაპის) ცენტრალური მატჩის დრო დადგა, თბილისის "დინამო" მხოლოდ 2 ქულითღა უსწრებდა "დილას". გორელ ქომაგთა სამწუხაროდ, ის შეხვედრა "დინამოს" სრული უპირატესობით წარიმართა და ანგარიშიც (3:0) რეალურად ასახავდა მოედანზე მიმდინარე მოვლენებს.

პირველი ეტაპის ბოლომდე "დილამ" კიდევ ერთი დასანანი მარცხი იწვნია, მაგრამ მეორე ეტაპის დაწყების წინ "დინამოს" მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებოდა. ამასობაში კი გუნდშიც და კლუბშიც სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა: მამუკა ჯუღელი ისევ რუსეთში დაბრუნდა, "თავისი" ფეხბურთელების ჯგუფიც თან წაიყვანა და... გიორგი დარასელიაც!

"დილას" პატრონობა კი ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უნდა ეკისრა, თუმცა პირველ ეტაპთან შედარებით, ბევრად მწირი დაფინანსება რომ იქნებოდა, ეს ცხადზე ცხადი იყო.

ამ ყველაფრის მიუხედავად, "დილამ" მაინც "გაიბრძოლა": ახალი შემადგენლობითა და ახალი მწვრთნელით, გუნდი მაინც ღირსეულ კონკურენციას უწევდა "დინამოს"; თანაც, სეზონი სრულდებოდა, როცა გაირკვა, რომ თურმე "დილაში" სერიოზული ფინანსური პრობლემები იყო და მწვრთნელ-ფეხბურთელები ორი-სამი თვის განმავლობაში უხელფასოდ თამაშობდნენ.

არადა, "დილაში" მართლაც საინტერესო მწვრთნელი მივიდა: 90-იანი წლების გამორჩეულ ლიტველ ფეხბურთელს, ვალდას ივანაუსკასს გარკვეული სამწვრთნელო გამოცდილებაც ჰქონდა მიღებული და ეს გორში გატარებულ მოკლე პერიოდშიც დაამტკიცა. სამწუხაროდ, მიზეზთა გამო თითქმის გადაწყვეტილია, რომ ივანაუსკასისა და "დილას" გზები გაიყარა; ანუ დღესდღეობით გორელთა გუნდი უმწვრთნელოდ არის დარჩენილი, - არადა, "დილას" სულ მალე ევროტურნირების მატჩები ელოდება...

მეკარე
პირველ ეტაპზე "დილას" ძირითადი მეკარე 33 წლის მარინ სკენდერი გახლდათ. სწორედ ხორვატი მეკარის დიდი დამსახურებაც იყო, პირველ ეტაპზე ყველაზე ნაკლები გოლი სწორედ "დილამ" რომ გაუშვა.

ზამთრის პაუზის დროს, თანაგუნდელთა უმეტესობის მსგავსად, "დილადან" სკენდერიც წავიდა (დანიაში აგრძელებს კარიერას) და ძირითადი მეკარის სტატუსი ისევ ბექა შეყრილაძემ დაიბრუნა. 29 წლის შეყრილაძე თავის შანსს დიდხანს ელოდა და აი, 2008-09 წლების სეზონის მერე პირველად მოხდა, თავისი გუნდის პირველი მეკარე რომ გახდა.

მცველები
პირველ ეტაპზე "დილას" ისეთი დაცვის ხაზი ჰყავდა, ერთიმეორეზე უკეთესი და გამოცდილი ფეხბურთელებით რომ იყო დაკომპლექტებული. აღარაფერს ვამბობთ კონკურენციაზე: ხშირად ყოფილა შემთხვევა, ძირითადში ისეთი ფეხბურთელები ვერ ხვდებოდნენ, როგორებიც არიან კახა ალადაშვილი და შოთა კაშია.

ჰო, "დილას" დაცვის ხაზი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა: მარჯვნივ - 33 წლის გიორგი შაშიაშვილი, მარცხნივ - 32 წლის დავით კვირკველია, ცენტრში - 31 წლის ლაშა სალუქვაძე და 29 წლის გიორგი ონიანი. არადა, პირველი ეტაპის მერე ამ ოთხეულიდან "დილაში" მხოლოდ კვირკველია დარჩა, რომელმაც მთელი სეზონი ჩვეულ დონეზე ჩაატარა და ალბათ, არც არავის გაჰკვირვებია, რომ ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მარცხენა მცველის პოზიციაზე "ლელომ" სწორედ ის მიიჩნია საუკეთესოდ.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო ბევრი მატჩი გაუცდა გუნდის ახალწვეულ გულვერდ თომაშვილს - 24 წლის უნივერსალ მცველს ხომ რამდენიმე პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში.

ნახევარდაცვა
დაცვის ხაზის არ იყოს, არანაკლებ გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობდნენ შუა ხაზშიც; თუმცა ისიც ფაქტია, რომ ხშირმა ტრავმიანობამ არ მისცა საშუალება, თავისი შესაძლებლობები სრულად გამოევლინა გუნდის პოტენციურ ლიდერს, 28 წლის გოჩა ხოჯავას.

საერთო ჯამში, ურიგო სეზონი არ ჩაუტარებია 29 წლის გოგიტა გოგუას, თუმცა ამ ფეხბურთელს უფრო მეტიც შეუძლია. გოგუამ ორივე ეტაპი ითამაშა "დილას" შემადგენლობაში, ისე, როგორც გიგა ბეჭვაიამ, გიორგი კახელიშვილმა და ზურაბ არზიანმა; თუმცა, იმავე არზიანს ტრავმებისა თუ სხვა მიზეზთა გამო ბევრი გაუცდა. არადა, ეს 25 წლის საყრდენი თავის ამპლუაში საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიგვაჩნია.

პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ სხვა გუნდებში გადავიდნენ სანდრო გურული, რომან ახალკაცი და ირაკლი კლიმიაშვილი.

სამაგიეროდ, მეორე ეტაპზე უფრო მეტი სათამაშო დროც მიეცათ და, ფაქტობრივად, ძირითადის მოთამაშეებად იქცნენ 21 წლის ლაშა გვალია და 20 წლის ლეონარდო; ძალიან საინტერესო ფეხბურთელია მიხაილ გორელიშვილი - 19 წლის მარცხენაფლანგელს ყაზანის "რუბინის" სკოლა აქვს გავლილი და ეს ბევრ მატჩში დაამტკიცა კიდეც.

მეორე ეტაპზე "დილაში" გადმოვიდა "მეტალურგის" ყოფილი ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე, ბოლო მატჩებში კი ვალდას ივანაუსკასი უკვე თამამად ენდობოდა 18 წლის გიორგი აბურჯანიას, რომელმაც უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლიც გაიტანა.

თავდასხმა
სეზონი ახალი დაწყებული იყო, "დილამ" თავისი საუკეთესო ფორვარდი (და, საერთოდაც, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი) მათე ვაწაძე რომ დაკარგა - 24 წლის თავდამსხმელი დანიურ "ორჰუსში" გადავიდა. ვაწაძის ადგილს (დარასელიაც და ივანაუსკასიც, ძირითადად, ერთფორვარდიან ტაქტიკას ანიჭებდნენ უპირატესობას) კი ხან ირაკლი მოდებაძე იკავებდა, ხან - ნათან ჟუნიორი.

სამწუხაროდ, წინა სეზონის მსგავსად, ტრავმის გამო კვლავაც ბევრი გაუცდა გიორგი ილურიძეს - არადა, ამ 21 წლის ფორვარდს კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, ისე, როგორც ბაჩანა არაბულს - ბოლო წლების ქართული ფეხბურთის ყველაზე იმედისმომცემ და ნიჭიერ ფეხბურთელს, ასევე ტრავმებმა რომ გატანჯა.

19 წლის არაბულმა მეორე ეტაპის მიწურულს ერთი მატჩი ჩაატარა ძირითადში, სამჯერ შეცვლაზე შევიდა და, ამის მიუხედავად, 5 გოლის გატანა მოახერხა! თანაც, ორ შეხვედრაში სულაც დუბლი შეასრულა...

გორის "დილას" ყველა მატჩი
I ეტაპი
I ტური დილა - ვიტ ჯორჯია 0:1
II ტური დილა - ჩიხურა 2:3
III ტური დილა - სიონი 2:3
IV ტური ზუგდიდი - დილა 0:0
V ტური დილა - დინამო (თბ) 2:0
VI ტური ზესტაფონი - დილა 0:1
VII ტური დილა - მეტალურგი 3:0
VIII ტური ტორპედო - დილა 0:1
IX ტური დილა - დინამო (ბთ) 2:0
X ტური კოლხეთი - დილა 0:3
XI ტური დილა - მერანი 2:1
XII ტური ვიტ ჯორჯია - დილა 0:2
XIII ტური ჩიხურა - დილა 0:2
XIV ტური სიონი - დილა 0:2
XV ტური დილა - ზუგდიდი 3:0
XVI ტური დინამო (თბ) - დილა 3:0
XVII ტური დილა - ზესტაფონი 1:0
XVIII ტური მეტალურგი - დილა 0:2
XIX ტური დილა - ტორპედო 0:1
XX ტური დინამო (ბთ) - დილა 1:2
XXI ტური დილა - კოლხეთი 1:0
XXII ტური მერანი - დილა 2:3
I ეტაპი: 22 მატჩი, 16 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება, ბურთები: 36-15

II ეტაპი
XXIII ტური დილა - ზესტაფონი 2:1
XXIV ტური დინამო (თბ) - დილა 0:0
XXV ტური დილა - ზუგდიდი 6:0
XXVI ტური დილა - ტორპედო 1:2
XXVII ტური ჩიხურა - დილა 1:2
XXVIII ტური ზესტაფონი - დილა 0:3
XXIX ტური დილა - დინამო (თბ) 0:1
XXX ტური ზუგდიდი - დილა 1:2
XXXI ტური ტორპედო - დილა 5:4
XXXII ტური დილა - ჩიხურა 4:0
II ეტაპი: 10 მატჩი, 6 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება, ბურთები: 24-11

სულ: 32 მატჩი, 22 მოგება, 2 ფრე, 8 წაგება, ბურთები: 60-26

გუნდი
მეკარეები: მარინ სკენდერი - 21, ბექა შეყრილაძე - 10, ზურაბ მამალაძე - 1;
მცველები: დავით კვირკველია - 29 (2), გიორგი ონიანი - 20 (3), გულვერდ თომაშვილი 19 (3), გიორგი შაშიაშვილი - 17, ლაშა სალუქვაძე - 14 (1), კახა ალადაშვილი - 14 (1), შოთა კაშია - 10, ალექსანდრე კვახაძე - 9, ნიკოლოზ ჯიშკარიანი - 6, ლაშა თოთაძე - 4, ნიკოლოზ მნათობიშვილი - 1, ილია ლომიძე - 1, ლაშა ლომიძე - 1, ვალტერ ხორგუაშვილი - 1;
ნახევარმცველები: გიორგი კახელიშვილი - 23 (3), გიგა ბეჭვაია - 23 (1), გოგიტა გოგუა - 22 (2), მიხაილ გორელიშვილი - 20 (2), ირაკლი კლიმიაშვილი - 18 (2), ლაშა გვალია - 17 (3), ზურაბ არზიანი - 17 (1), რომან ახალკაცი - 16 (4), სანდრო გურული - 15 (2), ლეონარდო - 14 (1), ირაკლი მაისურაძე - 8, გიორგი აბურჯანია - 5 (1), ვალერიან კაციტაძე - 3 (1), გიორგი მამუჩიშვილი - 1, დათა მიქაძე - 1.
თავდამსხმელები: ირაკლი მოდებაძე - 21 (11), ნათან ჟუნიორი - 21 (7), გიორგი ილურიძე - 10 (1), ბაჩანა არაბული - 4 (5), მათე ვაწაძე - 2 (2), რომან გოგინაშვილი - 2.
მწვრთნელები: თემურ შალამბერიძე (I - IV ტური), გიორგი დარასელია (V - XXII ტური), ვალდას ივანაუსკასი (XXIII - XXXII ტური).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" - მონატრებული ზეობა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული