ქუთაისის "ტორპედო" - გუნდი, რომელიც უკვე წარსულია

AutoSharing Option
მწვრთნელი, რომელიც ხელმძღვანელობის სრული ნდობით სარგებლობდა, სტაბილური შემადგენლობა და, არცთუ სოლიდური ბიუჯეტის მიუხედავად, საქმიანი გარემო - ყოველივე ამის გამო "ტორპედო" საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი იყო, თუმცა ზემოთ ნახსენები ვითარება უკვე წარსულში დარჩა.

რამდენიმე დღის წინ "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გია გეგუჩაძის წასვლის შესახებ გახდა ცნობილი, რაც პრესკონფერენციაზე მალევე დაადასტურეს მან და კლუბის ხელმძღვანელობამ.

"ტორპედოს" მესვეურებმა შემადგენლობის კიდევ უფრო გაახალგაზრდავება განიზრახეს და აქცენტი იმ თაობაზე გააკეთეს, რომელიც ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მივიდა.

გეგუჩაძის ნაცვლად, ქუთაისურ გუნდს ესპანელი სპეციალისტები გაუძღვებიან. მოკლედ,
"ტორპედოს" მომავალი ასეთია, გეგუჩაძის გუნდი კი უკვე წარსულია და გავიხსენოთ, როგორ განვლო გასული სეზონი ერთ-ერთმა ყველაზე სახელოვანმა ქართულმა კლუბმა.

შესაძლებლობის
მაქსიმუმი
შესაძლოა, მესამე ადგილი არც "ტორპედოს" გულშემატკივრებისთვის იყოს დამაკმაყოფილებელი, არც კლუბის ხელმძღვანელობისთვის და არც თავად გეგუჩაძისთვის, მაგრამ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ქუთაისური კლუბისთვის ზედიზედ მეორე ბრინჯაო მაინც წარმატებად უნდა მივიჩნიოთ. პირველ-მეორე ადგილებზე გასული კლუბები ხომ "ტორპედოზე" უფრო შეძლებულები არიან.

"ტორპედომ" ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ლიგის საგზური.

გეგუჩაძის გუნდს ნამდვილად შეეძლო, უფრო წარმატებით გამოსულიყო თასის გათამაშებაში, მაგრამ მეოთხედფინალში ბევრისთვის მოულოდნელად დამარცხდა ქვედა ექვსეულის ბინადარ ბოლნისის "სიონთან". არადა, პირველი მატჩი შინ "ტორპედოს" 3:1 ჰქონდა მოგებული, საპასუხოში კი არცთუ უძლიერესი შემადგენლობით მოთამაშე იმერლები 0:2 დამარცხდნენ.

გეხსომებათ, სწორედ იმ მატჩში კინაღამ დიდი ტრაგედია დატრიალდა - "ტორპედოს" ახალწვეული გიორგი ონიანი "ბასაზე" ღობის ბოძს დაეჯახა, ხერხემალი დაიზიანა და ბეწვზე გადაურჩა ფატალურ შედეგს.

ის ფეხბურთის თამაშს აუცილებლად გააგრძელებს. 29 წლის ონიანს არაერთი ქართული კლუბის ღირსება დაუცავს და ყველგან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ასე რომ, მისმა არყოფნამ "ტორპედოზე" ნამდვილად მოახდინა უარყოფითი ზეგავლენა.

გეგუჩაძის გუნდმა სეზონი სტაბილურად, განსაკუთრებული ჩავარდნების გარეშე განვლო და არაერთი გამოსარჩევი მატჩიც ჩაატარა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას "ტორპედოს" შემადგენლობაში მინიმალური ცვლილებები განხორციელდა, რაც ქართულ რეალობაში მეტად იშვიათი ფაქტია.

საუკეთესო მატჩი
ჩემპიონობის ერთ-ერთ რეალურ პრეტენდენტს, გორის "დილას", "ტორპედომ" სტუმრად ორივე მატჩი მოუგო (1:0 და 2:1), რაც უდავოდ გამოსარჩევი ფაქტია.

ამას გარდა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ პირველ ეტაპზე გამართული შეხვედრა - ქუთაისელებმა რუსთავში "მეტალურგი" 4:0 გაანადგურეს.

ჩემპიონატის მიწურულს "დილასთან" მიღწეული საშინაო 5:4 სულაც არ ყოფილა "ტორპედოს" საუკეთესო მატჩი, მაგრამ სეზონის ყველაზე უხვგოლიან თამაშში გამარჯვება მაინც გამოსარჩევი ამბავია.

ყველაზე ცუდი მატჩი
"სიონთან" სათასო დაპირისპირება უკვე ვახსენეთ. ამას გარდა, ქუთაისელ გულშემატკივრებს ცუდად მოაგონდებათ მარტვილში განცდილი 0:3 და თბილისში "დინამოსგან" მიღებული ოთხი უპასუხო ბურთი.

მეკარე
ომარ მიგინეიშვილის სახით, "ტორპედოს" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო კარის დარაჯი ჰყავს. 28 წლის მეკარე სტაბილურობისა და საიმედოობის განსახიერებაა და უკვე დიდი ხანია, წარმატებით იცავს ქუთათურთა კარს.

ჩემპიონატის 32-ივე შეხვედრა მან შეუცვლელად ითამაშა და მეკარეთა შორის ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ მოხვდა "ლელოს" ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

დაცვა
32 წლის გიორგი გურული და 26 წლის ზაზა ჭელიძე მუდმივად ხვდებოდნენ "ტორპედოს" სასტარტო შემადგენლობაში. საკმაო რაოდენობის მატჩები ჩაატარა 21 წლის დათა რიგვავამაც; გიორგი ონიანის არყოფნაში კი ძირითადში ფეხი 22 წლის ვაჟა ტაბატაძემ მოიკიდა.

მათ გარდა, ქუთაისელთა უკანა ხაზში ვხედავდით 21 წლის ლაშა შერგელაშვილს, თუმცა მან ცხრავე მატჩი ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ჩაატარა.

ნახევარდაცვა
სხვა რგოლების მსგავსად, ზამთარში განსაკუთრებული ცვლილებები არც "ტორპედოს" შუა ხაზში განხორციელებულა. ამ რგოლში კონკურენციის ნაკლებობა არ იგრძნობოდა და გუნდისთვის სარგებლის მოტანას ყველა ნახევარმცველი ახერხებდა.

გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა მარტვილის "მერანიდან" გადაყვანილი 23 წლის ელგუჯა გრიგალაშვილი; ჩვეულად გამოსარჩევები იყვნენ გრიგოლ დოლიძე (30 წლის), გიორგი კუხიანიძე (20 წლის), გიორგი დათუნაიშვილი (28 წლის), მერაბ გიგაური (19 წლის) და ნიკა ფირცხალავა (26 წლის).

თავდასხმა
"ტორპედოს" საუკეთესო ბომბარდირი, 10 გოლით, ნიკა საბანაძე გახდა, მაგრამ 22 წლის ფორვარდმა თავის მონაგარს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ვერაფერი შესძინა - ათივე გოლი მან 2012 წელს გაიტანა.

სამაგიეროდ, ბოლო თვეებში გამორჩეული იყო 26 წლის გიორგი ბერიაშვილი, რომელმაც ჩემპიონატი 9 გოლით დაასრულა.

"ტორპედო" ორი თავდამსხმელით თამაშობდა და წინა ხაზში როტაცია ხშირი იყო. საბანაძისა და ბერიაშვილის გარდა, თავის გამოჩენის შესაძლებლობა ხშირად ეძლეოდათ 19 წლის გიორგი ფანცულაიასა და 24 წლის ბექა ტუღუშს, რომლებმაც გუნდის წარმატებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

ქუთისის "ტორპედოს" ყველა მატჩი
I ეტაპი
I ტური ტორპედო-ზუგდიდი 1:0
II ტური დინამო (თბ)-ტორპედო 3:2
III ტური ტორპედო-ზესტაფონი 1:0
IV ტური მეტალურგი-ტორპედო 0:4
V ტური ტორპედო-მერანი 4:0
VI ტური ტორპედო-დინამო (ბთ) 5:1
VII ტური კოლხეთი-ტორპედო 1:1
VIII ტური ტორპედო-დილა 0:1
IX ტური ვიტ ჯორჯია-ტორპედო 1:3
X ტური ტორპედო-ჩიხურა 3:1
XI ტური სიონი-ტორპედო 0:2
XII ტური ზუგდიდი-ტორპედო 2:1
XIII ტური ტორპედო-დინამო (თბ) 2:2
XIV ტური ზესტაფონი-ტორპედო 1:0
XV ტური ტორპედო-მეტალურგი 1:0
XVI ტური მერანი-ტორპედო 3:0
XVII ტური დინამო (ბთ)-ტორპედო 0:2
XVIII ტური ტორპედო-კოლხეთი 2:1
XIX ტური დილა-ტორპედო 0:1
XX ტური ტორპედო-ვიტ ჯორჯია 2:0
XXI ტური ჩიხურა-ტორპედო 0:0
XXII ტური ტორპედო-სიონი 4:1
I ეტაპი: 22 მატჩი, 14 მოგება, 3 ფრე, 5 წაგება, ბურთები: 41-18

II ეტაპი
XXIII ტური ტორპედო-ჩიხურა 0:0
XXIV ტური ზესტაფონი-ტორპედო 0:0
XXV ტური ტორპედო-დინამო (თბ) 1:1
XXVI ტური დილა-ტორპედო 1:2
XXVII ტური ტორპედო-ზუგდიდი 2:0
XXVIII ტური ჩიხურა-ტორპედო 1:1
XXIX ტური ტორპედო-ზესტაფონი 1:0
XXX ტური დინამო (თბ)-ტორპედო 4:0
XXXI ტური ტორპედო-დილა 5:4
XXXII ტური ზუგდიდი-ტორპედო 1:4
II ეტაპი: 10 მატჩი, 5 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება, ბურთები: 16:12

სულ: 32 მატჩი, 19 მოგება, 7 ფრე, 6 წაგება, ბურთები: 57-30

გუნდი

მეკარე: ომარ მიგინეიშვილი - 32 მატჩი;
მცველები: გიორგი გურული - 32 მატჩი; ზაზა ჭელიძე - 30 მატჩი, 1 გოლი; დათა რიგვავა - 26 მატჩი; ვაჟა ტაბატაძე - 15 მატჩი; ალექსანდრე კვახაძე - 12 მატჩი, 1 გოლი; ლაშა შერგელაშვილი - 9 მატჩი, 2 გოლი; გიორგი ონიანი – 4 მატჩი, მამია გავაშელიშვილი – 1 მატჩი, 1 გოლი;
ნახევარმცველები: გიორგი კუხიანიძე - 31 მატჩი, 7 გოლი; ელგუჯა გრიგალაშვილი - 29 მატჩი, 6 გოლი; გიორგი დათუნაიშვილი - 26 მატჩი, 4 გოლი; გრიგოლ დოლიძე - 28 მატჩი, 5 გოლი; მერაბ გიგაური - 28 მატჩი, 1 გოლი; ნიკა ფირცხალავა - 22 მატჩი, 2 გოლი; ვალერი ბოლქვაძე - 16 მატჩი, 1 გოლი;
თავდამსხმელები: გიორგი ბერიაშვილი - 29 მატჩი, 9 გოლი; ნიკა საბანაძე - 26 მატჩი, 10 გოლი; გიორგი ფანცულაია - 21 მატჩი, 3 გოლი; ბექა ტუღუში - 23 მატჩი, 4 გოლი; ბექა კაკუშაძე – 3 მატჩი; თეიმურაზ მარკოზაშვილი – 2 მატჩი; ვახტანგ კვარაცხელია - 1 მატჩი.
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია
თბილისის "დინამო" - მონატრებული ზეობა
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი მადლობა რო ქართულ კლუბებს გვაცნობთ, განსაკუთრებით ტორპედოს. ასევე გვაინტერესებს ახალი ფეხბურთელების შესახებ. გეგუჩაძეზე ყველას გული გვწყდება, მაგრამ უკეთესის მოლოდინში ვართ
მამბა
22:21 30-05-2013
0
ევროტურნირებზე გამოდით ღირსეულად!და გამოიცვალეთ ეს საბჭოურ-რუსული სახელწოდება!აღარ არის სსრკ!გარდაიცვალა!22წელია!თუ პრობლემა გაკვთ,კითხეთ რაგბისტებს როგორ გამოიცვალეს!სირცხვილია ტორპედო და კართული კლუბი?
akhali
20:15 30-05-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული