რომან ფიფია: არ ვითამაშებთ იმ ქალაქში, სადაც ნორმალური მოედანი არ იქნება

AutoSharing Option
იშვიათი რესპონდენტია. ჟურნალისტებთან ისე ხშირად არ ურთიერთობს, მის ადგილას სხვა რომ გააკეთებდა.

აღიარებს კიდეც - ისედაც სამართლიანად მაფასებენ, პიარი და მასმედიაში ხშირად გამოჩენა არ მჭირდებაო...

არადა, სალაპარაკოც აქვს და თავის მოსაწონებელიც: ათი წელიწადია, თბილისის "დინამოს" დუბლი აღარ შეუსრულებია. შარშან სულაც სამეულს მიღმა დარჩა, მაგრამ სამაგიეროდ, წელს მოიგო საქართველოს ჩემპიონობაც და თასიც...

"დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან საუბრისას სკანდალურ თემებს თავი შეგნებულად ავარიდეთ, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ინტერვიუ უინტერესო გამოვიდა:

- წარმატებული ფინიშის მიუხედავად, ბოლო წლებში "დინამოსთვის" ეს ერთ-ერთი ყველაზე ძნელი ჩემპიონატი
იყო. ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ ტიტულები დაუმსახურებლად მოვიგეთ.

თუმცა ეს ჩემპიონატი უკვე ისტორიაა და ამიერიდან ახალი მიზნები გვაქვს. ევროსარბიელზე "ტურისტებად" ნამდვილად არ წავალთ და ყველა მეტოქესთან მოსაგებად ვიბრძოლებთ.

- არადა, შარშანდელი სეზონი "დინამოსთვის" კატასტროფული იყო... გარდამტეხი მომენტი მწვრთნელის შეცვლა აღმოჩნდა?
- მწვრთნელი საკვანძო ფიგურაა, მაგრამ მარტო ვერაფერს გახდება, ისევე, როგორც მხოლოდ პრეზიდენტი ან მოთამაშეები.

როგორც კი გუნდი შეიკრა და ერთ ოჯახად იქცა, შედეგიც მივიღეთ. "დინამოს" ყველა ფეხბურთელს თვალებში ვუყურებ, ვიცი მათი დამოკიდებულება. თითოეული მათგანი გრძნობს, რომ საკუთარ სახლშია და მისდამი ყველა კეთილგანწყობილია. ეს ყველაფერი შედეგზეც აისახება.

- დუშან უჰრინი ევროპელია და ალბათ, დისციპლინას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს...
- საკუთარი თავისთვის არასდროს მიმიცია მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევის უფლება. ასეთი რამ დაუშვებელია. თუმცა მეც მაქვს სიტყვის უფლება, მაგრამ არ გეგონოთ, რომ ჩემი წინადადება ყოველთვის ერთხმად გადის, დიქტატორი ხომ არ ვარ?

- რას უკავშირდება კლუბის სამომავლო გეგმები?
- ჩვენი მომავალი პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს ჩემპიონატთან. სამწუხაროდ, რამდენიმე გუნდს პრობლემები გაუჩნდა. ამ დროს კი - გუნდების რაოდენობა თვრამეტამდე უნდა გაიზარდოსო...

უკაცრავად, მაგრამ ნორმალური ინფრასტრუქტურა 12 გუნდს არა აქვს და თვრამეტს საიდან ექნება, ან ამდენი გუნდისთვის საჭირო პროფესიონალი ფეხბურთელები საიდან მოგვყავს, თვითმიზანი ხომ არ არის, ყველამ უმაღლეს ლიგაში ითამაშოს?!

მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის 12-გუნდიანი ჩემპიონატი საკმარისია. მით უმეტეს, მათ შორისაც ბევრს აქვს მოსაგვარებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები.

უკვე მოვილაპარაკეთ და ახალი სეზონიდან პრინციპულად არ ჩავალთ იმ სტადიონებზე სათამაშოდ, სადაც ელემენტარული პირობები მაინც არ იქნება - ნორმალური მოედანი, საშხაპე, გულშემატკივრებისგან დაცული პერიმეტრი და ა.შ. ამაზეა საფიქრალი და არა გუნდების რაოდენობის გაზრდაზე.

- არადა, ბოლო ხანს ყველაზე მეტს ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის გაზრდაზე ლაპარაკობენ. ვართ კი მზად ამისთვის?
- გვინდა, მაგრამ შეგვიძლია? თუ არ შეგიძლია, როგორ უნდა გინდოდეს?! უმაღლესი ლიგის გუნდს ორი მილიონი მაინც ხომ უნდა ჰქონდეს ბიუჯეტი? ამიტომაც სახელმწიფო დაფინანსება გადამწყვეტია, ოღონდ არა გუნდების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე.

თუ რაოდენობა გაიზარდა, წელს გავარდნილი გუნდები ისევ უმაღლესში დარჩებიან და რა გამოვიდა, დანარჩენ გუნდებს რიღასთვის უბრძოლიათ?!

ინტერესისა და მოტივაციის გარეშე კი ფეხბურთი არ არსებობს. თუ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ყველგან გაკეთდება, თუნდაც 22 გუნდამდე გაზარდონ...

მესმის, რომ ფეხბურთი იმ რაიონებსაც უნდა ჰქონდეთ, სადაც საფარი არ არის, მაგრამ სიტყვა ჯერ მათ უნდა ეთქმოდეთ, ვინც რაღაცას აკეთებს ფეხბურთისთვის და მერე - დანარჩენებს...

აბა, მათ მოუსმინონ, ვინც არაფერს აკეთებს და ხელს მხოლოდ მაშინ სწევს, როცა რაღაცას დაავალებენ. მათ უნდა გადაწყვიტონ, 18 უნდა იყოს თუ 27?! თუ მუნიციპალურ კლუბებს დაფინანსება აღარ ექნებათ, გაზრდის ნაცვლად, შესაძლოა, მხოლოდ 8 კლუბი დარჩეს!

ყველა ერთნაირად უნდა დაფინანსდეს და აღარ უნდა იყოს გამორჩეული გუნდები.

- "ზესტაფონის" პრეზიდენტმაც იგივე თქვა - ბიუჯეტში ჩემ მიერ გადახდილი ფულით ჩემი კონკურენტები ფინანსდებიანო... სახელმწიფო დაფინანსება როგორი უნდა იყოს, ერთჯერადი თუ პერიოდული?
- თუ გვინდა, საქართველოს ჩემპიონატს რაღაც დაეტყოს, დახმარება 3-5 წელიწადზე უნდა იყოს გათვლილი. ოღონდ ეს თანხა, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს, თორემ მოედნის გაკეთების ნაცვლად, იმ ფულით ხელფასი თუ დაარიგა და ისევ ჭაობში გვათამაშა, რა აზრი აქვს?!

მე, როგორც "დინამოს" პრეზიდენტმა, პრინციპულად დავაყენე ეს საკითხი და შევთანხმდით, რომ მომავალ სეზონში თამაშები არ ჩატარდება იმ ქალაქებში, სადაც ნორმალური მოედანი არ იქნება!

- ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ამას შესაბამისი სანქცია არ მოჰყვება?
- გადაწყვეტილება სფფ-სთან ერთად მივიღეთ და შეთანხმებას ხელი ყველა გუნდმა მოაწერა.

ითამაშონ თბილისში, გორში, ქუთაისში ან ზესტაფონში, სადაც კარგი მოედნებია. ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

თუ ბუნებრივი არა, მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი მაინც უნდა იყოს. ფეხბურთი ძვირად ღირებული სიამოვნებაა და თუ გინდა, ეს სიამოვნება გქონდეს, ფული უნდა დახარჯო!

- "იბერია სტარმა" წერილით მოგმართათ და "დინამოსთან" გაერთიანების სურვილი გამოთქვა...
- სამწუხაროა, რომ ფინანსური პრობლემების გამო გუნდს დაშლა ემუქრება... მაგრამ თუ საჭიროება იქნება, ფუტსალის კლუბის ჩამოყალიბება თავადაც შეგვიძლია. "იბერია სტარი" ვერ იქნება "დინამოს" შვილობილი, შერწყმის შემთხვევაში ისიც ხომ "დინამო" გახდება... და თუ სახელი გამოვუცვალეთ, რაღა აზრი აქვს, ამ კლუბს ხომ თავისი ისტორია აქვს?

- როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მოჰყვეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქართული კლუბის მოხვედრას?
- ქართული ფეხბურთისთვის ეს ყველა შემთხვევაში დადებითი ფაქტორი იქნება. "დინამოს" წარმატება ყველას გაუხარდება, ახალგაზრდა ფეხბურთელების მოტივაცია კი გაცილებით გაიზრდება.

გამარჯვებები თუნდაც მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, რომ ეს ბავშვები გაიზარდონ. ეს ხომ ჩვენი მომავალია, ახალი თაობა, რომელსაც ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვებები არ უნახავს...

იმედი მაქვს, დაახლოებით ხუთ წელიწადში "დინამოს" ძირითადი ბირთვი ქართული იქნება, ახალგაზრდა მოთამაშეებს ჩვენი აკადემიაც მოგვაწვდის... მაგრამ არასერიოზულია, დღეს რომ გვთავაზობენ, 21-წლამდელთა ასაკის ორი ფეხბურთელი მაინც აუცილებლად უნდა ათამაშოთო.

ახალგაზრდას მოტივაცია უნდა ჰქონდეს, არ უნდა ფიქრობდეს, რომ ყველა შემთხვევაში ათამაშებენ. ფეხბურთში მოტივაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სხვის საქმეში ნამდვილად არ ვერევი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ნაკრებიც საუკეთესო გუნდის ბაზაზე უნდა იქმნებოდეს.

საქართველოს ჩემპიონატიდან ყველაზე მეტი წარმომადგენელი იმ გუნდს უნდა ჰყავდეს, რომელიც იმ წელს ყველაზე კარგად თამაშობს.

შესაძლოა, ეს "ტორპედო" იყოს, "დინამო" ან "ჩიხურა"... თუ ყველას აჯობეს და შეთამაშებულნი არიან, რატომ არ უნდა მიიწვიო? ეროვნულ ჩემპიონატში დღესაც თამაშობენ საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები.

ჩისკო კი... საოცარი ფეხბურთელი და ადამიანია და მგონი, უკვე გაქართველდა კიდეც. პირდაპირ ამბობს - პასპორტი მომეცით და ვითამაშებ, თუ საქართველოს ნაკრებს დავჭირდებიო.

თუმცა, ჩვენი დებულებიდან გამომდინარე, თუ ხუთი წელიწადი არ უთამაშია საქართველოში, უფლება არა აქვს. კი მაგრამ, თუ თავად ფეხბურთელსაც აქვს სურვილი და ნაკრებსაც უჭირს, რა მოხდება, დებულებაში ცვლილება რომ შევიტანოთ და ნაკრებში თამაშის უფლება მივცეთ?

მით უმეტეს, ისეთი ხალხისთვის მიუციათ საქართველოს მოქალაქეობა, საერთოდ რომ არ ვიცნობთ...

- უკვე გადაწყვეტილია, ვინ დატოვებს "დინამოს"?
- დიახ, თუმცა სჯობს, ამაზე მთავარმა მწვრთნელმა ილაპარაკოს. შესაძლოა, ადამიანურად ეს მტკივნეული იყოს, მაგრამ ყოველთვის გუნდისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, მთავარი ხომ შედეგია.

იმედია, მომავალი სეზონისთვის სხვა კლუბებიც გაძლიერდებიან. ძლიერი კონკურენტები ჰაერივით გვჭირდება და ზღაპარია, თითქოს არ გაგვიხარდა გორის წარმატება.

თუ ძლიერი კონკურენტები არ გვეყოლება, ვერაფერს მივაღწევთ. "დინამოს" რაც შეეხება, დაცვაში, ნახევარდაცვასა და თავდასხმაში სამი კარგი ფეხბურთელი გვჭირდება.

ესაუბრა რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე"


ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" - მონატრებული ზეობა

ქუთაისელი ქომაგი: ფიფიას დამოკიდებულებამ "დინამოსადმი" სიყვარული გამიასმაგა

მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტმა ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა
მკითხველის კომენტარები / 5 /
ხუთი წელი-ჩვენ კი არა,ფიფას მიღებული კანონია
akhali
15:12 31-05-2013
0
ვავა-ვავა რომანი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული