სიტუაცია: უგუნდო ქართველი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
პირველ მარტს თბილისის "დინამომ" ლევან კაკუბავას მოქმედი კონტრაქტი გაუწყვიტა. კლუბის პრესსამსახურის ოფიციალურ განცხადებაში ეწერა, რომ ეს გადაწყვეტილება 22 წლის მცველისა და "დინამოს" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაფორმდა.

ასე აღმოჩნდა წამყვანი კლუბის მიღმა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მცველი, რომელიც "დინამოს" ძირითად გუნდში 16 წლიდან თამაშობდა, მწვრთნელთა ფავორიტიც გახლდათ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებში ორი შეხვედრაც ჩაატარა.

"დინამოსთან" განშორების მიზეზი ტრავმები აღმოჩნდა: 2011 წლის შემოდგომაზე ფეხი მოიტეხა. მართალია, ფორმა აღიდგინა, მაგრამ თებერვლის დასაწყისშიც დაშავდა და ასეთ მდგომარეობაში გუნდს ვერ დაეხმარებოდა.

აღსანიშნავია, რომ ლევანმა თავად
აღიარა - "დინამოდან" ჩემი გაშვება ლოგიკური გადაწყვეტილება იყო, ასეთ მდგომარეობაში დუშან უჰრინს თავი ვერ მოვაწონეო.

მალე კაკუბავა "ზესტაფონში" გამოჩნდა, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი დატოვა:

"გუნდიდან ისე წამოვედი, კონტრაქტი არც მქონდა. კიდევ კარგი, ასე მოხდა, თორემ "ზესტაფონში" გაურკვევლობაა და არავინ იცის, მომავალი სეზონისთვის რა გუნდი იქნება.

ახლა უგუნდოდ ვარ და ჯერ კონკრეტული წინადადება არც მაქვს. არადა, ფორმა აღვიდგინე და აშკარად უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე "დინამოდან" წამოსვლის დროს",
- გვითხრა კაკუბავამ.

"ზესტაფონიდან" წამოვიდა ირაკლი ჩირიკაშვილიც, რომელიც ასევე უკონტრაქტოდ იყო და ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობდა.

კაკუბავა 22 წლისაა და ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს. შვეიცარიული "ქსამაქსის" ყოფილი წევრი, 25 წლის შემტევი ნახევარმცველი ჩირიკაშვილიც დინამოელი იყო და კახა ცხადაძის მწვრთნელობისას ძირითად შემადგენლობაში ხშირად თამაშობდა.

მათ გარდა, კიდევ ბევრი ისეთი ფეხბურთელია უგუნდოდ, რომელთაგანაც ერთი ძლიერი გუნდის დაკომპლექტებაა შესაძლებელი.

დავიწყოთ მეკარეებით: მართალია, თბილისის "დინამოს" ეკუთვნის, მაგრამ ფაქტობრივად, უგუნდოდაა მეკარე კოკა სეფიაშვილი, რომელსაც ერთი ხანობა თემურ ქეცბაია ეროვნულ ნაკრებშიც იწვევდა. მის მიერ "გაგრაში" ჩატარებული მშვენიერი სეზონის შემდეგ ეს ლოგიკურიც იყო, მაგრამ თბილისურ კლუბში გასაქანი არ მიეცა.

კონტრაქტი არც ერთ კლუბთან არ აქვს უნიჭიერეს მეკარე დავით ელგაშვილს, რომელმაც გიორგი დევდარიანის ფორმაციის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

უკანა ხაზის დაკომპლექტება ქუთაისის "ტორპედოს" მოთამაშეებით შეიძლება: გუნდს ეძებენ ქუთაისიდან გაშვებული დათა რიგვავა, ზაზა ჭელიძე, გიორგი ონიანი, გიორგი გურული. სავარაუდოდ, ახალი ნავსაყუდელის მოძებნა დასჭირდება რამდენიმე ცენტრალურ მცველს: ბიძინა ცინცაძეს, ბაქარ მირცხულავასა (კიშინიოვის "ზიმბრუ") და ნიკა აფაქიძეს ("ზუგდიდი").

ბევრი უგუნდოა ნახევარმცველებშიც: გრიგოლ დოლიძეს, გიორგი დათუნაიშვილს, ნიკა ფირცხალავასა და ვალერი ბოლქვაძეს ბევრი გუნდი სიამოვნებით აიყვანდა.

შევიტყვეთ, რომ უგუნდოდ დარჩენილი "ტორპედოს" თავდამსხმელის, გიორგი ბერიაშვილის დამატება თბილისის "დინამოს" სურს. უცნობია, განახლებულ ქუთაისურ კლუბში ვიხილავთ თუ არა ბექა ტუღუშს.

უგუნდო თავდამსხმელების სიაში მოხვდნენ კიშინიოვის "ზიმბრუდან" წამოსული ექსდინამოელი და ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი კოტე გაბაშვილი და ზესტაფონელი რატი წინამძღვრიშვილი.

ცალკე თემაა გორის "დილა" და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კლუბები, სადაც ყოველი სეზონის შემდეგ მოთამაშეები უკონტრაქტოდ რჩებიან.

უგუნდოების სიმბოლური ნაკრების პირობითი მთავარი მწვრთნელი კი გია გეგუჩაძეა, რომელიც ქუთაისის "ტორპედომ" გაუშვა და საეჭვოა, ტოლ-სწორი მემკვიდრე ჰყავდეთ.

გუნდების გასაძლიერებლად მოთამაშეებს უცხოეთში ვეძებთ იმ დროს, როდესაც ჩვენივე რესურსი ბოლომდე არც აგვითვისებია. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა თავის შანსს ელის, ჩვენს მიზერულ სახსრებს კი ხშირად საეჭვო კლასის უცხოელებზე ვხარჯავთ.

ახლა მთავარზე: ამჟამად ლაპარაკია, რომ სახელმწიფო გუნდებს დააფინანსებს და ამის ხარჯზე უმაღლეს ლიგას გააფართოებენ. არსებობს ასეთი მოსაზრება - თუ ასე მოხდება, სახელმწიფო სახსრები გუნდებმა მხოლოდ ქართველ მოთამაშეებზე უნდა დახარჯონ, ხოლო უცხოელებზე - მხოლოდ სპონსორებიდან შემოსული თანხები, თუკი ასეთს მოიძიებენ.

ეს იმიტომ არ ხდება, რომ უცხოელებს ყველა გზა ჩავუკეტოთ, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო კლუბებმა "ბიუჯეტის გუნდების" ზედმეტსახელი მოიცილონ, მენეჯმენტი გააუმჯობესონ და სპონსორების მოზიდვაზე მეტი მონდომებით იმუშაონ.

ეს ისევ მათ და ქართული ფეხბურთის განვითარებას წაადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბოლო სამი აბზაცი არის კრეტინიზმის პიკი...
ვისაც უნდა ეწყინოს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება...
Walkabout
17:11 04-06-2013
0
იგივე ბედი ეწია გიორგი ტყეშელაშვილს,რომელსაც ოპერაცია გაიკეტა და ისიც ტვიტონ,არადა კონტრაკტი კონდა იმ დროს
rero
17:54 04-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული