"არ შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს ილუზია, რომ კლუბებს ბიუჯეტიდან წელსვე დავაფინანსებთ. ასეთი რამ მე არც მითქვამს და ვერც ვიტყოდი, რადგან საამისო რესურსი არ არსებობს, ჯერჯერობით მაინც. ეს შეიძლება განხორციელდეს დროთა განმავლობაში, სპორტული ინტერესების დაცვით.
რაც შეეხება გორის "დილას" საკითხს, სპორტის სამინისტროსგან დაფინანსება არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. როგორც ადრე, კლუბს მუნიციპალიტეტი აფინანსებს.
იქიდან გამომდინარე, რომ გუნდი ევროპის ლიგაზე
ამიტომ არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ გორის "დილა" თუ ფინანსდება, იგივე თანხა სხვა კლუბებსაც უნდა დაერიცხოთ".
იხილეთ ვიდეო
ყიფიანის ეს განცხადება სხვა კლუბებს გულზე ნამდვილად არ მოეფინებოდათ, რადგან ყველას ჰქონდა და ვინძლო ახლაც აქვს იმის იმედი, რომ სახელმწიფო, "დილას" გარდა, სხვებსაც გადმოხედავს მოწყალების თვალით.
თუ კლუბები წელსვე არ დაფინანსდებიან, მაშინ რატომ დაფინანსდა მხოლოდ "დილა"? მინისტრის ლოგიკით, ეს იმიტომ მოხდა, რომ "დილა" ევროსარბიელზე თამაშობს.
რა თქმა უნდა, ამაში მართლაც არის ლოგიკა, თუმცა, "დილას" გარდა, წლეულს ევროსარბიელზე გამოსვლა კიდევ სამ ქართულ გუნდს უწევს - "დინამო თბილისს", ქუთაისის "ტორპედოს" და საჩხერის "ჩიხურას".
სამივე კლუბი კერძოა - თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, მაშინ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ სახელმწიფოს მხოლოდ მუნიციპალური კლუბების მდგომარეობა აინტერესებს, რაც უკვე არღვევს სამართლიანობის პრინციპს.
აქ ერთი ნიუანსიც იკვეთება: "დილას" ფული ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან დაერიცხება, მუნიციპალიტეტი კი სპორტის სამინისტროს სტრუქტურაში არ შედის.
მოკლედ, იურიდიულად გორის მუნიციპალიტეტი და სპორტის სამინისტრო სხვადასხვა ორგანიზაციაა, თუმცა ორივე სახელმწიფო სტრუქტურაა და ორივე სახელმწიფოს ფულს ხარჯავს.
იურიდიულად, ასევე სხვა ორგანიზაციები არიან ბოლნისის, ზუგდიდის, ბათუმისა და ფოთის მუნიციპალიტეტები, მაგრამ ისინიც სახელმწიფო სტრუქტურაში შედიან და გამოდის, რომ ამ ქალაქების საფეხბურთო კლუბებს ერთი პატრონი ჰყავთ, ერთ პატრონს კი არ უნდა ჰყავდეს რამდენიმე კლუბი უმაღლეს ლიგაში.
კაზუსების მოყვარულები მართლაც ბევრ საინტერესოს აღმოაჩენენ ქართული საკლუბო ფეხბურთის დავიდარაბაში.
"დილა" პრივილეგირებული სახელმწიფო გუნდი იყო წინა ხელისუფლების პერიოდში და როგორც ჩანს, დღესაც იგივე გრძელდება. თუ ამის კონტრარგუმენტი არსებობს, სიამოვნებით მოვისმენთ. ილუზია, რომ სახელმწიფო ყველა კლუბს თანაბრად დააფინანსებდა, მართლაც არსებობდა. კლუბები ახლა სოლიდარობას ცდილობენ, თუმცა ეს არ იქნება იოლად მისაღწევი.
ყველაზე ღონიერი ქართული კლუბი დღეს "დინამო თბილისია" და საინტერესოა, რამდენად ხისტი აღმოჩნდება მისი პოზიცია სახელმწიფოს მხრიდან გერი თუ ჯილა კლუბების არსებობის ფაქტზე. სოლიდარობას რამდენიმე კლუბის ერთიანი ფრონტი სჭირდება, თუმცა ყოჩი აქაც აუცილებელია.
არის ლაპარაკი ეროვნული ჩემპიონატის ბოიკოტზე, მაგრამ ვინც მხარს უჭერს ამ იდეას, ბოლომდე უერთგულებს კი მას? თუ ციხე შიგნიდან არ გატყდება, კლუბები აიძულებენ სახელმწიფოს, რომ მათი ინტერესები გაითვალისწინოს - ეს ყველაზე ახლოს არის ლოგიკასთან.
და რა შეუძლია ფეხბურთის ფედერაციას ამ სიტუაციაში? კითხვა აქტუალურია, მაგრამ ალბათ, არც იმის ილუზია უნდა ჰქონდეთ კლუბებს, რომ მათ ფედერაცია გამოუყოფს ორ-ორ მილიონ ლარს, რადგან თვითონ ფედერაცია იღებს დოტაციას სახელმწიფოსგან ნაკრები გუნდებისთვის.
სპორტის სამინისტროს ამ ხელმძღვანელობას მართლაც ცუდი მემკვიდრეობა ერგო, მაგრამ თუ კლუბების პრობლემა ვერ გადაიჭრა, ხელი საით უნდა გავიშვიროთ?..
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვნებათაღელვა შეთანხმებით დამთავრდა: ყველას ერთნაირი სასტარტო პირობები!
საბოტაჟი თუ სახელმწიფოსადმი კლუბების შეთავაზება?
სკანდალი: საქართველოს ჩემპიონატს 8 კლუბი განუდგა!
საჭირბოროტო საკითხი: გვინდა ისევ გერები?