კლუბებს შეუძლიათ ჩემპიონატში მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილება 1 ივლისამდე მიიღონ

AutoSharing Option
21 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი 28 ივნისს გასამართ, სფფ-ის XXII ყრილობამდე საპროცედურო რეგლამენტის დასამტკიცებლად და სხვა საკითხების განსახილველად შეიკრიბა.

აღმასკომის სხდომის დღის წესრიგი ასეთი იყო:

1. სფფ-ის აღმასრულებელ კომიტეტში არსებული ვაკანსიის შევსების შესახებ.

2. სფფ-ის მორიგი XXII ყრილობის საპროცედურო რეგლამენტის დამტკიცების შესახებ.

3. 2013-14 წწ, სალიცენზიო შედეგების შესახებ

4. სხვადასხვა

აღმასკომის ახალი წევრების კანდიდატურები წარადგინეს - საფეხბურთო კლუბმა "დინამო თბილისმა" და ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირებმა.

ესენი არიან: "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია და ვეტერანი ფეხბურთელი სერგო კუტივაძე.

სწორედ აღმასრულებელი კომიტეტის
ვალდებულებაა არსებული ვაკანსიების შევსება. არსებული კანდიდატების დამტკიცება და აღმასკომში მიღება კი ყრილობაზე მოხდება.

ამის შემდეგ აღმასკომმა ყრილობის საპროცედურო რეგლამენტიც დაამტკიცა და 2013-14 წლების სალიცენზიო შედეგები მოისმინა.

აქვე გადაწყდა, რომ იმ გუნდების საკითხი, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ გარკვეული პრობლემები და ჩემპიონატში მათი მონაწილეობის საკითხი ჯერ კიდევ ბოლომდე გარკვეული არაა, ვადა მიეცეთ 1 ივლისამდე.

სფფ უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს დაუგზავნის წერილებს და სთხოვს მათ, კიდევ ერთხელ დაადასტურონ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობა.

კლუბებს კი, როგორც უკვე ვთქვით, საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად და დასაბუთებული პასუხის გასაცემად დრო 1 ივლისამდე აქვთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი ყრილობა პარასკევს - 28 ივნისს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიმართება.

ყრილობის შემდეგ რამდენიმე დღეში აღმასრულებელი კომიტეტი გადადებული საკითხების განსახილველად ისევ შეიკრიბება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული