და რა ელის ფოთის "კოლხეთს" 2013/14 წლების სეზონში?

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" წლეულს უმაღლესი ლიგიდან გავარდა და ახალი სეზონისთვის მზადება ჯერ არ დაუწყია.

"კოლხეთი" ტრადიციული გუნდია, თუნდაც იმიტომ, რომ ფეხბურთი საქართველოში სწორედ ფოთიდან შემოვიდა. ეროვნული ჩემპიონატის პირველ შეხვედრაშიც ფოთის "კოლხეთმა" თბილისის "დინამო" 1:0 დაამარცხა...

ფოთში ძველი სტადიონი მოანგრიეს, ახალი მინდორი დააგეს, ანუ სტადიონიდან მხოლოდ მოედანი დარჩა, ტრიბუნის მშენებლობა კი იქ ჯერ არ დაუწყიათ. ფოთელებს იმედი აქვთ, რომ ახალი ტრიბუნებისთვის სამუშაოები ერთ-ორ თვეში დაიწყება, თუმცა ამის გარანტიას ჯერ ვერავინ იძლევა.

რაც შეეხება გუნდს, "კოლხეთს", წესითა და რიგით, ვარჯიში დაწყებული უნდა ჰქონდეს,
მაგრამ დავალიანება ბოლომდე გასტუმრებული არ არის. "კოლხეთში" გვითხრეს, რომ მაისის ხელფასები ნაწილობრივ დარიგებულია.

და რა ელის "კოლხეთს" 2013/14 წლების სეზონში? შევიტყვეთ, რომ "კოლხეთის" მმართველი დირექტორი თემურ ბარქაია ამასთან დაკავშირებით ქალაქის ხელმძღვანელობასთან ცდილობს მოლაპარაკებას, მაგრამ საქმე ამის იქით ჯერ არ წასულა.

"კოლხეთიდან" ოფიციალურად ჯერ მხოლოდ ერთი ფეხბურთელია წასული: დავით მეგრელიშვილი. შესაძლოა, გუნდი დატოვოს 29 წლის ცენტრალურმა მცველმა თემურ ფარულავამ და კიდევ 23 წლის ნახევარმცველმა ომარ გოგონაიამ.

სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთის კონცეპტუალურად დახმარებას 2014-15 წლების სეზონიდან აპირებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარსმომდგარ სეზონში მუნიციპალურ კლუბებს დაფინანსება არ ექნებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფოთის "კოლხეთი" - გაუფერულებული იუბილე
ეკა ბესელია: იმედი მაქვს, "კოლხეთის" იუბილეს პირველ ლიგაში არ შევხვდებით!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული