რუსთავის "მეტალურგისა" და ცხინვალის "სპარტაკის" სპარინგი აუტანელ სიცხეში

AutoSharing Option
აუტანელმა სიცხემ კორექტივები სპარინგ-მატჩის ჩატარებაშიც შეიტანა: 10 ივლისს რუსთავში ადგილობრივი "მეტალურგისა" და ცხინვალის "სპარტაკის" საკონტროლო მატჩი 18 საათზე იყო დანიშნული, თუმცა ორივე გუნდის შეთანხმებით, შეხვედრა ნახევარი საათით გვიან დაიწყო.

სპარინგ-მატჩის 30 წუთით გადაწევა მცირე შეღავათი გამოდგა და, ალბათ, ამ აუტანელ რუსთავურ ხვატს უნდა დავაბრალოთ ის ფაქტი, რომ ეს საკონტროლო შეხვედრა 0:0 დამთავრდა.

შეგახსენებთ, რომ "სპარტაკი" ერთწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა უმაღლეს ლიგას, თუმცა ეს გუნდი და "მეტალურგი" გასულ სეზონში ერთმანეთს თასზე დაუპირისპირდნენ და ორი მატჩის ჯამში (1:0, 1:1) ნახევარფინალის საგზური რუსთაველებს
ერგოთ.

"მეტალურგმა" უკვე მესამე საკონტროლო მატჩი ჩაატარა ამ ზაფხულს (მანამდე ფრედ ითამაშა "გაგრასთან" და "სიონს" მოუგო), აი, "სპარტაკმა" კი მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე პირველი სპარინგ-შეხვედრა გამართა.

ახლა კი შემადგენლობებს გაგაცნობთ და წინდაწინ ვიტყვით, რომ ორივე გუნდში გარკვეული სიახლეებიც იყო:

"მეტალურგი" (I ტაიმი): ბედიაშვილი - ჯაფარიძე, გავაშელიშვილი, მახვილაძე, სუხიაშვილი - კირკიტაძე, რაზმაძე, გურ. გურეშიძე, გეწაძე - კორღალიძე, ფიფია
"მეტალურგი" (II ტაიმი): ლ. ლორია - დობროვოლსკი, კაკუბავა, ქავთარაძე, ორბელაძე - ზ. ლობჯანიძე, ვასაძე, ექვთიმიშვილი, ხაბელაშვილი - თ. კაკულია, სიხარულიძე

"სპარტაკი": ნადირაძე (72. ზუხბაია) - კვეკვესკირი, მგელაძე (46. ქურდაძე), ვ. კილასონია (46. ჭაფოძე), მეგრელიშვილი (61. ნარიმანიძე) - ბურძენაძე (46. კაკაშვილი), თ. შონია (55. თვალავაძე) - თუხარელი (60. ფანცხავა), თექთურმანიძე (46. ნანიევი), ჩაფიძე (52. კ. ხიზანეიშვილი) - მეტრეველი.

სიახლეები ვახსენეთ და ჯერ მასპინძლებზე ვთქვათ: "მეტალურგის" შემადგენლობაში მეორე ტაიმში გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები: ლუკა ლორია და თედო კაკულია, აგრეთვე, გულშემატკივრებისათვის კარგად ნაცნობი ლევან კაკუბავა.

22 წლის კაკუბავას ამ ბოლო დროს უიღბლობა დასჩემდა, არადა, სულ ცოტა ხნის წინათ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ქართველ მცველად მიიჩნეოდა. 18 წლის ასაკში თბილისის "დინამოში" ჰქონდა დებიუტი და ორი სეზონის განმავლობაში კახა კაჭარავას გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად მიიჩნეოდა. კაკუბავა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრიც გახლდათ და თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში ამხანაგურ თამაშებზეც გამოიძახა.

სამწუხაროდ, ტრავმებისგან დატანჯულ კაკუბავას, ფაქტობრივად, ორი წელიწადი გაუცდა: წინა სეზონში თბილისის "დინამოში" მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა (ბათუმის "დინამოსთან" შეცვლაზე შემოვიდა, ისიც 3 წუთით), ორჯერ "დინამო-2"-ის შემადგენლობაში გამოჩნდა პირველ ლიგაში და სულ ეს იყო. მერე დიდ ფეხბურთში დაბრუნების გარკვეული იმედიც გამოჩნდა: წინა სეზონის მეორე ეტაპიდან "ზესტაფონში", კახა კაჭარავასთან ცდილობდა ფორმის აღდგენას, მაგრამ იმერული კლუბის მაისურით არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

და აი, როგორც "მეტალურგის" პრესსამსახურში გვითხრეს, თითქმის გადაწყვეტილია, რომ კაკუბავა კარიერას რუსთავურ გუნდში გააგრძელებს.

რაც შეეხება "სპარტაკს", ვლადიმერ ხაჩიძის გუნდში არაერთმა პოტენციურმა ახალწვეულმა იასპარეზა: ნიკა კვეკვესკირმა, გიორგი თექთურმანიძემ, ვახტანგ ფანცხავამ, დავით მეგრელიშვილმა, ლაშა ჩაფიძემ და დავით ნანიევმა. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ნოვოროსიისკის "ჩერნომორეციდან" გადმოიყვანეს ცხინვალელთა გუნდში.

გარკვეული სიახლე იყო ვარლამ კილასონიას... ცენტრალურ მცველად გამოჩენა: ყველას კარგად მოეხსენება, რომ ამ 20 წლის ფეხბურთელს აქამდე ნახევარდაცვაში სხვადასხვა პოზიციაზე უწევდა თამაში.

სხვათა შორის, კილასონია, ისე, როგორც "სპარტაკის" სხვა ფეხბურთელები (ზვიად მეტრეველი, კახა კაკაშვილი, გიორგი ნარიმანიძე, პლუს ტრავმირებული დავით გელაშვილი), რუსთავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილები არიან, მაშინ, როცა "მეტალურგის" შემადგენლობაში ორად ორი ადგილობრივი მოთამაშეა (გრიგოლ ბედიაშვილი და გიორგი ქავთარაძე);

თუმცა ეს ტენდენცია არც დღეს დაწყებულა და არც გუშინ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული