ამ "ვიტ ჯორჯიაშიც" არის რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი, მაგალითად, 23 წლის ნიკა დაუშვილი, ვინც მანამდე ცხინვალის "სპარტაკის" მეკარე იყო.
მაღალი, ფეხით კარგად მოთამაშე გოლკიპერი, რომლის გადაბირებაც ერთ-ერთ ყველაზე ღონიერ ქართულ კლუბს სურდა, მაგრამ ამ ეტაპზე ტრანსფერი არ გამოვიდა - დაუშვილი ისევ "ვიტ ჯორჯიას" კარს დაიცავს.
მანამდე კი ნიკა "ლელოს" კითხვებს პასუხობს.
- წინა სეზონის ბოლოს "ვიტ
- ისეთი მობილიზაცია გაგვიკეთეს მწვრთნელებმა, რომ უკან დასახევი გზა აღარ გვქონდა. ფეხბურთელებმაც მოვინდომეთ და უმაღლეს ლიგაში დავრჩით.
- სეზონის პირველ ეტაპზე "ვიტ ჯორჯია" არ განიხილებოდა გავარდნის ერთ-ერთ კანდიდატად - მერე რა მოხდა?
- გუნდები ექვსეულებად რომ დაიყო, ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფ ბათუმის "დინამოს" ცხრა ქულით ვუსწრებდით. "ვიტ ჯორჯიამ" აქცენტი თასის გათამაშებაზე გადაიტანა და ზედიზედ ოთხი მატჩი წავაგეთ, გვიანღა გამოვფხიზლდით და ყველაფერი მაინც ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა. მწვრთნელი მერაბ კოჭლაშვილი გვაიმედებდა, რომ თასისთვის ბრძოლა შეგვეძლო.
- თასის მერვედფინალში პირველლიგელ ცხინვალის "სპარტაკთან" დამარცხდით - რას დააბრალებდი ამ მარცხს?
- ისე მოხდა, რომ ძირითადის ორი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თანაც, "სპარტაკი" მართლაც კარგი გუნდია, პირველ ლიგაში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. "სპარტაკთან" პენალტების სერიაში დავმარცხდით, ეს კი ლატარიაა.
- პენალტების სერიაში პირველი 11-მეტრიანი შენ დაარტყი და ვერ გაიტანე. მეკარე რომ გააცუდებს პენალტს, მერე ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია პენალტების მოგერიება და რატომ წახვედი ასეთ რისკზე?
- მანამდე 11-მეტრიანი გაცუდებული არ მქონდა. მაშინაც კი, როცა მეკარე არ ვიყავი, პენალტიდან ყოველთვის გამქონდა გოლი.
- როდის გადაწყვიტე მეკარეობა?
- 17 წლის ასაკში. "ოლიმპიკში" ვთამაშობდი, რეგიონალლიგაში. ჩვენი მწვრთნელი მაშინ ლევან მელიქია იყო, რომელმაც ერთ-ერთი უცხოელი მეკარის ინტერვიუ წამაკითხა, რომელმაც დაახლოებით ამ ასაკში გადაწყვიტა მეკარეობა. მელიქიამ ჩემში მეკარის მონაცემები დაინახა, თანაგუნდელებმაც დამარწმუნეს, რომ ასე აჯობებდა.
მეკარეობამდე გამთამაშებელი გახლდით. გამძლეობა მაკლდა, ბევრი სირბილი მიჭირდა, არადა, ნახევარდაცვის ცენტრში რომ თამაშობ, ეს აუცილებელია. მელიქიამაც ეგ მითხრა, გამძლეობა რომ გქონოდა, მეკარეობას არ შემოგთავაზებდიო.
- მეკარეობის დროს რაში გეხმარება ის, რომ მანამდე გამთამაშებელი იყავი?
- ათი წელი ვთამაშობდი წინ. დახმარება კი იმაში გამოიხატება, რომ კარგად ვხვდები, მეტოქე საით დაარტყამს, შემტევი ფეხბურთელის ფსიქოლოგიასაც კარგად ვიცნობ.
- დამდეგ სეზონში რა იქნება "ვიტ ჯორჯიას" მიზანი?
- გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. შედეგად, "ვიტ ჯორჯია" კიდევ უფრო ახალგაზრდული გუნდი იქნება და მინიმუმ იმისთვის ვიბრძოლებთ, რომ უმაღლეს ლიგაში დავრჩეთ.
- "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი ზურაბ ბერიძე ყოფილი მეკარეა. რა რჩევებს გაძლევს?
- ვარჯიშებზე ძალიან მომთხოვნია, გვირჩევს, მოედანზე ვილაპარაკოთ პარტნიორებთან, ანუ ყველა იმ კომპონენტზე მიგვითითებს, რაც აუცილებელია თანამედროვე მეკარისთვის. "ვიტ ჯორჯიას" მეკარეების მწვრთნელი ლევან აბაშიძეც მაღალი დონის სპეციალისტია, ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ძალიან მაგრად გვამზადებს.
- მართალია, რომ რეალური დაინტერესება იყო სხვა, გაცილებით ამბიციური გუნდიდან?
- წელიწადნახევარია, რაც "ვიტ ჯორჯიაში" ვარ და თითქმის ყველა მატჩი ვითამაშე. დაინტერესება იყო როგორც ქართული, ისე უცხოური გუნდიდან. მთავარია, კვლავ სტაბილურად ვითამაშო და დაინტერესება ისევ იქნება.
- საკუთარ ნაკლად რას მიიჩნევ?
- ვფიქრობ, რაიმე განსაკუთრებული ნაკლი არ მაქვს; ზოგადად, უნდა გავაუმჯობესო თამაში.
- საქართველოს ჩემპიონატში ვის მიიჩნევ საუკეთესო მეკარედ?
- რა თქმა უნდა, გიორგი ლორიას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ვიტ ჯორჯია" - უმაღლეს ლიგაში მძლავრი ფინიშის ხარჯზე