სად არის თორნიკე გორგიაშვილი? - "ზესტაფონი" თავის ფეხბურთელს ეძებს

AutoSharing Option
ოფიციალურად, 25 წლის თორნიკე გორგიაშვილი "ზესტაფონის" ფეხბურთელია, მაგრამ გუნდში არ გამოჩენილა არც სამედიცინო შემოწმებისას და არც მას შემდეგ, რაც "ზესტაფონი" სერბმა სპეციალისტმა რატკო დოსტანიჩმა ჩაიბარა და გუნდმა ვარჯიში დაიწყო.

ყოველივე ამასთან დაკავშირებით "ზესტაფონის" პრესსამსახურს მივმართეთ და გვითხრეს, რომ გორგიაშვილის არგამოჩენის მიზეზი უცნობია და კლუბი არკვევს, თუ რაშია საქმე.

ერთი სიტყვით, საქმე გვაქვს არაორდინარულ შემთხვევასთან. დასამალი არავისთვის არის, რომ ბოლო პერიოდში თვითონ "ზესტაფონი" იყო გაურკვევლობაში, არ იყო გადაწყვეტილი, ვინ უპატრონებდა კლუბს, მაგრამ ამ დროისთვის თითქმის ყველაფერი გარკვეულია, "ზესტაფონმა" უცხოელი მწვრთნელიც მოიყვანა
და მართლაც გაუგებარია, რატომ არ ჩანს "ზესტაფონის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი.

კლუბში ისიც გვითხრეს, რომ გორგიაშვილს "ზესტაფონთან" მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.

გორგიაშვილი 2005 წელს მივიდა "ზესტაფონში", ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ და გუნდის ძირითადი შემადგენლობის საკვანძო ფეხბურთელიც გახდა. ის მაშინ დაწინაურდა, როცა "ზესტაფონს" ჯერ კიდევ გია გეგუჩაძე თავკაცობდა. მისი პროგრესი არც ნაკრების ხელმძღვანელობას გამოეპარა და ზესტაფონელი არაერთხელ იყო გამოძახებული ეროვნულ გუნდში. სამი კეპი - ასეთია თორნიკეს ნაკრებული მონაგარი.

ცხადია, სანამ ფეხბურთელის პოზიცია არ გახდება ცნობილი, დასკვნების გამოტანა ნაადრევია, თუმცა სადავო არ უნდა იყოს, რომ ფეხბურთელის გუნდში არგამოჩენა და კლუბისთვის მიზეზის არშეტყობინება ნამდვილად უცნაურია.

გორგიაშვილი ცენტრალური ნახევარმცველი გახლავთ, ოდნავ აწოწილი, მოქნილი და აგრესიული. ასეთი საყრდენი შუახაზელი ბევრი გუნდისთვის არის სანატრელი და თქმა რად უნდა, რომ სატრანსფეროდ საინტერესო ფეხბურთელია. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომელიმე გუნდს ცხოვლად სურდეს მისი აყვანა და ეს იყოს მისი გაუჩინარების მიზეზი, თუმცა კონტრაქტი ამოწურული არ აქვს "ზესტაფონთან" და ფეროელთა კლუბთან მოლაპარაკების გარეშე სხვაგან ვერ გადავა.

შესაძლოა, გორგიაშვილს ფინანსური პრეტენზიებიც ჰქონდეს "ზესტაფონთან".

მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული