"მეტალურგში" ბიუჯეტი მცირდება - ირაკლი ქავთარაძე რუსთავიდან წავიდა

AutoSharing Option
16 ივლისს რუსთავის "მეტალურგი" გუნდის უფროსმა ირაკლი (აკა) ქავთარაძემ დატოვა. ინფორმაცია თავად ქავთარაძემ დაგვიდასტურა.

"დიახ, "მეტალურგიდან" მართლაც წამოვედი, რადგან ბიუჯეტის შემცირება დაიწყეს, ხელფასები ყველას უმცირდებოდა და ასეთ პირობებში მუშაობას აზრი არ ჰქონდა, რადგან დიდი ამბიცია გვქონდა.

ახალ პირობებში კი არც ვიცი, გუნდი რა მიზნებს დაისახავს.

გული სწორედ ამაზე მწყდება, რადგან ეს გუნდი მართლაც წესიერებით მოვიტანეთ, ჩემი მეორე ოჯახივით იყო და ასეთ დროს იოლად ამ ნაბიჯს ვერ გა
დადგამ.

მადლობა მითხრეს გაწეული სამსახურისთვის, მაგრამ წამოსვლა ვამჯობინე - ასეთია ცხოვრება. თუმცა მინდა, ბიჭებს და "მეტალურგს" წარმატება გულწრფელად ვუსურვო",
- ამბობს ქავთარაძე.

ქავთარაძე საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტიც გახლდათ და "მეტალურგს" კლუბების არაფორმალურ გაერთიანებაში, "12-თა საბჭოში" წარმოადგენდა.

საერთოდ, რუსთაველთა აწ უკვე ყოფილი გუნდის უფროსი საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობს - მისი წესიერებისა და ადამიანებთან ურთიერთობის ამბავიც არახალია.

გასაოცარი და ძნელი ასახსნელია, "მეტალურგმა" ამით რა მოიგო - ქავთარაძე ხომ ბევრ პრობლემას სწორედ პიროვნული ავტორიტეტის ხარჯზე აგვარებდა. თუმცა ეს უკვე ჩვენი გადასაწყვეტი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ კლუბი სპორტულმა დირექტორმა კახა კოპალეიშვილმა და მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმაც დატოვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტორი ვაზელინცხებულ კომენტარებს უნდა ერიდებოდეს - დაახლოებით ისეთს, ბოლოდან მეორე და მესამე აბზაცებში რომაა. ეს მის პროფესიულ მოღვაწეობას მხოლოდ ჩრდილს აყენებს :)
versia
10:10 18-07-2013
0

სიახლეები პოპულარული