ნიკა აფაქიძე: აქედან პირდაპირ უკრაინაში თამაში აბსურდია

AutoSharing Option
"ზუგდიდში" ცენტრალური მცველი ნიკა აფაქიძე დაბრუნდა, თუმცა მას ჯერ გუნდთან კონტრაქტი არ გაუფორმებია.

21 წლის მცველი, რომელსაც არაერთხელ უთამაშია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში და დღესაც ახალგაზრდულის კანდიდატია, ივნისში პოლონეთის ჩემპიონატის კლუბში - ლოძის "ვიძევში" ისინჯებოდა, შემდეგ კი ბედი უკრაინაში მოსინჯა, მაგრამ საბოლოოდ, სამშობლოში დაბრუნდა.

აფაქიძეს მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით:

- ჯერ უკრაინაში ვიყავი წასული. პოლტავას "ვორსკლას" ფარმ-კლუბთან ერთად გავიარე შეკრება და "ოლექსანდრიასთან" და "უკრაგროკომთან" ამხანაგური მატჩებიც ვითამაშე.

ამ დროს დამიკავშირდა "ვიძევის" წარმომადგენელი. გაიგო, რომ თავისუფალი აგენტი ვიყავი, ჩემი დოსიე და მატჩების ვიდეოჩანაწერები
ნახა და მწვრთნელს აჩვენა. მასაც მოვეწონე და შვიდი დღით სინჯებზე ჩასვლა შემომთავაზა. უარი ვუთხარი, რადგან უკრაინის ვარიანტი გარანტირებული მეგონა.

- პოლონეთში ხომ მაინც წახვედი?
- წავედი, რადგან გუნდის დირექტორი დამიკავშირდა. მითხრა - მხოლოდ სამედიცინო შემოწმებას გაივლი და პირდაპირ კონტრაქტს გააფორმებო. ხელშეკრულების პირობები ელექტრონული ფოსტით გამომიგზავნეს. მათ თავიდანვე ვუთხარი, რომ თუ ორ დღეში კონტრაქტს არ გავაფორმებდი, უკრაინაში დავბრუნდებოდი.

ჩავედი ვარშავაში, სასტუმროში ორი დღე დავყავი, მწვრთნელს შევხვდი და თითქოს, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. სამედიცინო შემოწმება უნდა გამევლო.

მეორე დღეს გუნდის დირექტორს ვკითხე - რა ხდება, ხელშეკრულებას როდის ვაფორმებთ-მეთქი. ორი ფეხბურთელი უნდა გავყიდოთ და სანამ ეს არ მოხდება, თანხა არ გვაქვს, შენ კი სწორედ მათ ადგილზე გვჭირდებიო.

ამან დამაბნია და გამაბრაზა. მათ ვუთხარი: ამას ვერ დავუცდი-მეთქი. დირექტორმა ჩემი გაჩერება სცადა: მწვრთნელს მოსწონხარ, მაგრამ ფინანსურ საკითხს მხოლოდ მე არ ვწყვეტ და იქნებ არ იჩქარო, მათ გაყიდვას დაელოდეო.

- ფული თუ არ ჰქონდათ, რატომ მიგიწვიეს?
- მერე გავიგე, რომ "ვიძევის" ორ ცენტრალურ მცველს წასვლა სურდა, მაგრამ კლუბმა მათში დიდი თანხა მოითხოვა და ვერ გაყიდეს. უკრაინაში დავბრუნდი, მაგრამ "ვორსკლას" მთავარი მწვრთნელი სვისტუნი გაუშვეს, მის ნაცვლად კი საჩკო დანიშნეს, რომელიც არ მიცნობდა და აღარც მივსულვარ - აზრი არ ჰქონდა.

- "ზუგდიდთან" კონტრაქტის გაფორმებას აპირებ?
- ზუგდიდში ფინანსური პრობლემებია. თუ მოგვარდება, ალბათ, ზამთრამდე დავრჩები. აქ ჩამოსვლის დღიდან "ზუგდიდში" ვვარჯიშობ. ზამთარში უფრო კონკრეტულ ვარიანტებს ველოდები.

"ვიძევის" მწვრთნელმა მითხრა, მომწონხარ და ყურადღებით დაგაკვირდებით, მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისთვის მაინც რომ ჩამოგიყვანოთო. დამაიმედეს უკრაინაშიც. ხანგრძლივი ხელშეკრულების გაფორმება ამიტომაც არ მსურს. ვნახოთ, რა იქნება.

ეს ყველაფერი მაინც კარგი გაკვეთილი იყო, რადგან დავინახე, რეალურად რა დონეზე ვარ მომზადებული და რა ნაკლი მაქვს: ახლა "ზუგდიდიდან" უკრაინის პრემიერლიგის კლუბში გადასვლა და თამაში სრული აბსურდია - პირდაპირ ვამბობ, დონის მხრივ ისეთი სხვაობაა, რომ შეუჩვევლად და მოუმზადებლად იქ თამაში ძალიან ძნელია.

მინიმუმ ექვსი თვე უნდა მოემზადო, იქაურ დატვირთვებს რომ შეეჩვიო. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პოლონეთისა და რომელიმე ევროპული ქვეყნის საშუალო დონის ჩემპიონატში თამაში უფრო ადვილია და მეტი შანსიც არის, ვიდრე უკრაინაში.

- პოლონეთში უფრო დაბალი დონის კლუბებია?
- არა, დონე პოლონეთშიც ძალიან კარგია, მაგრამ უკრაინაში გაცილებით დიდი ფიზიკური დატვირთვებია და ამ საკითხს უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ.

- ქართული კლუბები არ გიწვევენ?
- არავინ. მინდა, კარგად მოვემზადო და ზამთარში წავიდე. აქ თუ ვინმეს შენი დამატება სურს, ოთხ-ხუთწლიანზე ნაკლებ კონტრაქტს არ გთავაზობს, რაც მე არ მსურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქატო იქა,ფქვილი აქა
ჭირი იქა,ლხინი აქა......
P.S. კარგი ზღაპარი იყო!
alex
22:10 23-07-2013
0
გენაცვალე ალექს!!! კაცური კაცი!!! ან როგორ არ იღლებიან ეს ადამიანები ამდენი ტყუილების მოყოლით??? თუმცა ცხოვრება გრძელდება და მეორე სერიაც აუცილებლად იქნება.
GIO-XIII
02:16 24-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული