ცხინვალის "სპარტაკმა" იჯევანში "ბანანცს" მოუგო

AutoSharing Option
სეზონისწინა მოსამზადებელ პერიოდს აგრძელებს ცხინვალის "სპარტაკი".

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ გუნდს სომხურ "ბანანცთან" თბილისში უნდა ეთამაშა, მაგრამ ერევნიდან შემოთვალეს, ექვსი უცხოელი ფეხბურთელი მოვიყვანეთ გასინჯვაზე, საქართველოს ვიზის გაფორმებას დრო დასჭირდება და თუ შეიძლება, აქეთ გვესტუმრეთო.

"სპარტაკმაც" გადაკვეთა საქართველო-სომხეთის საზღვარი და "ბანანცს" იჯევანში ეთამაშა - ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა 1:0 მოიგო, გოლი დავით ნანიევმა გაიტანა 77-ე წუთზე.

"სპარტაკის" სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: ს. ნანიევი - შონია, მგელაძე, კილასონია, კ. ხიზანეიშვილი - თუხარელი, კვეკვესკირი, ბურძენაძე, თექთურმანიძე - ჩაფიძე, მეტრეველი.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ჭაფოძე, კაკაშვილი,
კემუხტაშვილი, ფანცხავა, დ. ნანიევი და ქურდაძე.

როგორც "სპარტაკის" პრესსამსახურმა გვითხრა, პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. საგოლე შესაძლებლობა ჰქონდათ თორნიკე თუხარელს, ლაშა ჩაფიძეს და ზვიად მეტრეველს.

"ბანანცსაც" შეეძლო გატანა, მაგრამ სოსლან ნანიევს სამი მომენტი გაუნეიტრალებია.

"სპარტაკში" თუ მანამდე მხოლოდ შემტევი დავით ნანიევი იყო გასინჯვაზე, მას სოსლანიც დაემატა, ვინც მისი ბიძაშვილია. ორივე ნანიევი მანამდე რუსეთში, ნოვოროსიისკის "ჩერნომორეცში" თამაშობდა.

მეორე ტაიმი "სპარტაკის" უპირატესობით დაწყებულა და ხაჩიძის გუნდს არაერთი საგოლე შანსი ჰქონია. თავის გამოჩენა მართებდათ ჩაფიძეს, თუხარელსა და შეცვლაზე შესულ ვახტანგ ფანცხავას. გოლი კი ასე გავიდა - შეტევა თემურ შონიამ წამოიწყო, ნიკა კვეკვესკირმა გააგრძელა, მარცხენა ფლანგზე გადააწოდა დავით ნანიევს, რომელმაც ერთი მცველი ჩამოიცილა და მაღალ კუთხეში მოათავსა ბურთი.

სამშობლოში დაბრუნებული "სპარტაკი" 26 ივლისს აზერბაიჯანულ "გაბალას" ეთამაშება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიანაც კარგი! ქართველები და ოსები ძმები ვართ!
TaroSochi
14:51 26-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული