არის კი მოხსნა ხსნა?

AutoSharing Option
მწვრთნელის ხვედრი მართლაც მძიმეა: როცა ამა თუ იმ გუნდში მუშაობას იწყებენ, საკუთარი პასუხისმგებლობაც კარგად უნდა გაითავისონ. ეგ კი არა, კლუბის ხელმძღვანელთა ნებისმიერი გადაწყვეტილებებისათვისაც მუდამ მზად უნდა იყვნენ; თანაც, როცა ამა თუ იმ მწვრთნელს გუნდიდან ათავისუფლებენ, კლუბების ხელმძღვანელებს, როგორც წესი, ბევრი რამ... "ავიწყდებათ"! უფრო ზუსტად, თავიანთი გუნდის წინაშე ამა თუ იმ მწვრთნელის დამსახურება ნამდვილად არ ავიწყდებათ, მაგრამ, ჩვენთან, ხომ კარგა ხანია "მოდაშია" შემოსული მწვრთნელების... "სიტუაციიდან გამომდინარე" განთავისუფლება.

ანუ, როცა გუნდი თამაშს-თამაშზე აგებს, ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, დღის წესრიგში მწვრთნელის განთავისუფლების
საკითხი დგება და ასეთ დროს, კლუბის ხელმძღვანელებს ვერც ვერავინ გაამტყუნებს. მით უფრო, ასეა ყველგან და საქართველოს ჩემპიონატი გამონაკლისი რატომ უნდა იყოს? თუმცა, ჩვენთან, ცოტა არ იყოს, უცნაურ სიტუაციებსაც ვაწყდებით: სეზონის სტარტზე (გნებავთ, შუაგულში) საკმარისია, რომ ერთ-ერთმა ამბიციურმა გუნდმა ორი მატჩი ვერ მოიგოს, მაშინათვე მწვრთნელის პასუხისმგებლობის საკითხი აქტუალური ხდება. თანაც, ქართველებს ხომ ყველაფერში "განსაკუთრებულობა" გვჩვევია, ჰოდა, ჩვენი კლუბების ხელმძღვანელებიც მართლაც "განსაკუთრებულად" უყვართ... მწვრთნელების გათავისუფლება! არ გვინდა კონკრეტული გვარების დასახელება, მაგრამ ბოლო ორ სეზონში არაერთი ფაქტი მოხდა, როცა ამა თუ იმ მწვრთნელმა გუნდიდან გათავისუფლების ამბავი ან გაზეთებიდან შეიტყო, ან კიდევ... თვითმფრინავის ტრაპზე მყოფმა! ისიც "მოდაშია", როცა გვიმტკიცებენ (გნებავთ, გვაჯერებენ), რომ ესა თუ ის მწვრთნელი ამა თუ იმ გუნდიდან კი არავის გაუთავისუფლებია, არამედ... საკუთარი სურვილით წავიდაო!


ტენდენცია გრძელდება
ზოგადი საუბარი რომ არ გაგვიგრძელდეს, ალბათ, დროა კონკრეტული ფაქტები დავასახელოთ. საქართველოს ჩემპიონატში ჯერ 14 ტურია ჩატარებული და უკვე ოთხი მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს; არადა, ვაღიაროთ, ათგუნდიანი ჩემპიონატისათვის (მით უფრო, II წრეც არ დასრულებულა) პატარა ციფრი ნამდვილად არ არის. შეგახსენებთ, რომ VI ტურის მერე ქუთაისის "ტორპედოდან" რამაზ მუმლაძე წამოვიდა, სულ მალე იგივე ბედი გაიზიარეს გოჩა ჩიქოვანმა ("სპარტაკი") და თემურ მახარაძემ ("ოლიმპი"). სულ ბოლოს კი, არ დავმალავთ და მართლაც მოულოდნელი გადადგომის შესახებ შევიტყვეთ: თბილისის "დინამოში" კახა კაჭარავას ხუთწლიანი მოღვაწეობა დასრულდა! კაჭარავას "დინამოდან" წამოსვლის ამბავზე ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ, მანამდე კი გარკვეული პარალელების გავლება გვინდა. აი, თუგინდ, წინა სეზონი გავიხსენოთ, როცა მხოლოდ და მხოლოდ სამმა მწვრთნელმა შესძლო ჩემპიონატის სტარტიდან ფინიშამდე მუშაობა: ჩვენ მიერ უკვე ნახსენებმა კახა კაჭარავამ ("დინამო"), გია გეგუჩაძემ ("ზესტაფონი") და გელა სანაიამ ("ლოკომოტივი"). დანარჩენ შვიდ გუნდში კი მწვრთნელები ისეთი "ჩქარი ტემპით" იცვლებოდნენ, ჩვენს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებს მსგავსი სისწრაფეები რომ ეჩვენებინათ, მეტი რაღა გვიჭირდა...

ჰო, წინა ჩემპიონატი მართლაც, "განსაკუთრებული" იყო: მესამე ტურიდან (!) რომ დაიწყო მწვრთნელების გაუთავებელი მოხსნა-დანიშვნები, ფაქტობრივად, სეზონის ბოლომდე გაგრძელდა. ეგ კი არა, რამდენიმე გუნდში ჩემპიონატის მსვლელობისას... სამ-სამი სამწვრთნელო გადაადგილებაც მოხდა! ბოლნისის "სიონში" სეზონი თემურ მახარაძემ დაიწყო, გიორგი ყიფშიძემ გააგრძელა და ხვიჩა ქასრაშვილმა დაასრულა; ანალოგიური სიტუაცია იყო "ვიტ ჯორჯიაში" (რამაზ მუმლაძე, მერაბ კოჭლაშვილი, გელა გომელაური) და "გაგრაშიც" (ვიქტორ კაშჩეი, კახა კარანაძე, ანატოლი პისკოვეცი) და ნუ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი ტენდენცია ამ სეზონშიც გაგრძელდეს.

არადა, ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როცა ერთი და იგივე მწვრთნელი, ამა თუ იმ გუნდში წლების განმავლობაში "გადაბმულად" რომ მუშაობდა: დავით ყიფიანი ("დინამო"), გივი ნოდია ("გორდა"), ოთარ გაბელია ("ოდიში"), რევაზ ბურკაძე ("ტორპედო"), გიგლა იმნაძე ("გურია"), თემურ მახარაძე ("სიონი", "ზესტაფონი"), რამაზ მუმლაძე ("ვიტ ჯორჯია"), ვაჟა ჩხაიძე ("მრეტები"); ეგ კი არა, ბათუმის "დინამოში" პირველი ათი (!) ჩემპიონატის განმავლობაში ორად ორი სპეციალისი მოღვაწეობდა - შოთა ჭეიშვილი და ვალერიან ჩხარტიშვილი. აღარაფერს ვამბობთ სოსო ფილიას მართლაც უნიკალურ მაჩვენებელზე, ვინც რვა (!) სეზონის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფოთის "კოლხეთს". ამ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ, უმაღლეს ლიგაში მომუშავე სპეციალისტებზე ვსაუბრობთ, თორემ ერთსა და იმავე გუნდში მთავარ მწვრთნელად მუშაობის აბსოლუტური (და, ალბათ, ძალიან დიდხანს... მოუხსნელი) რეკორდი, რაღა თქმა უნდა, ელგუჯა გუგუშვილს ეკუთვნის, ვინც უკვე... მეოთხე ათეული წელიწადია (!) თბილისის "ზოოვეტს" თავკაცობს. საერთოდაც, გვეეჭვება, მსგავსი ხანგრძლივობით რომელიმე მწვრთნელს სადმე ემუშავოს, თუ, რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მივიღებთ გი რუს ("ოსერი") და ალექს ფერგიუსონს (მანჩესტერი")...


არა-ჩვეულებრივი გუნდი
ჩვენც არაერთხელ გვითქვამს და, ალბათ, ბევრიც დაგვეთანხმება იმ შეფასებაში, თუ რას ნიშნავს თბილისის "დინამო" საერთოდ, ქართული ფეხბურთისათვის; როცა ამ გუნდზე ვინმე საუბრობს, რაღა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უდიდესი ტრადიციისა და უამრავი ტიტულის (ადგილობრივი, ყოფილი საკავშირო თუ საერთაშორისო მასშტაბით) "შეხსენებაც" ესაჭიროება; რა დრო უნდა გავიდეს, თითოეული ქართველი გულშემატკივარისათვის "დინამო"... ერთ, ჩვეულებრივ გუნდად რომ დარჩეს; მართლაც, ვეჭვობთ, ასეთი რამ ოდესმე მოხდეს, - "დინამო" ქართული ფეხბურთის განსაკუთრებული ფენომენია და ამიტომაც არის, ამ გუნდში მიმდინარე პროცესები, სხვებისგან განსხვავებით, მუდამ გამორჩეულ ყურადღებას რომ იპყრობს. კიდევ ვიმეორებთ: ნამდვილად შორს წაგვიყვანს იმ მართლაც ბუმბერაზი ფეხბურთელების ჩამოთვლა, სხვადასხვა დროს "დინამოში" რომ ბრწყინავდნენ; ან, იქნებ, ნაკლები დონის მწვრთნელები მუშაობდნენ ჩვენ ყველაზე ტიტულოვან კლუბში; რა თქმა უნდა, ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, ერთი-ორ გენიოს მწვრთნელს უსამართლოდ რომ მოექცეოდნენ-ხოლმე (თუნდაც, ანდრო ჟორდანიას მაგალითი რად ღირს), მაგრამ "დინამოში" მწვრთნელის მოწვევა-განთავისუფლება ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო და თითქმის უმეტეს შემთხვევაში, "შემთხვევით ხალხს" ამ გუნდს არავინ აკარებდა. ამის გამოც იყო, რომ საკავშირო ჩემპიონატების ისტორიაში (ანუ, 1936-დან 1989 წლის ჩათვლით) "დინამოს" მთავარ მწვრთნელად მხოლოდ ოც სპეციალისტს აქვს ნამუშევარი. აქედან, შვიდი სპეციალისტი ორჯერ ხელმძღვანელობდა "დინამოს", ხოლო ანდრო ჟორდანია და მიხეილ იაკუშინი კი, სხვადასხვა დროს... სამ-სამჯერ იყვნენ მთავარი მწვრთნელები! ხანგრძლივობის მხრივ რეკორდი კი, რაღა თქმა უნდა, ნოდარ ახალკაცს ეკუთვნის - ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი წარმატებების სულისჩამდგმელი მწვრთნელი (იმ პერიოდში ევროპაში ერთ-ერთ ავტორიტეტულ სპეციალისტად რომ იყო მიჩნეული) რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის "დინამოს"! ისტორიული "გადახვევა" კი შემთხვევით არ გაგვიკეთებია: საკავშირო ჩემპიონატში 54-წლიანი ასპარეზობის დროს "დინამოს" მხოლოდ და მხოლოდ 20 მწვრთნელი თუ ჰყავდა, აი, 1990 წლიდან საპირისპირო სურათს მივიღებთ! თავად განსაჯეთ: პირველი ეროვნული ჩემპიონატიდან მოყოლებული (ანუ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში) "დინამოში" 21-მა მწვრთნელმა იმუშავა! რა თქმა უნდა, ქვემოთ ჩამოთვლილ მწვრთნელებს სხვადასხვა ხანგრძლივობით მოუწიათ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ამბიციური და ტიტულოვანი გუნდის გაძღოლა; იმ გუნდის, წინა 20 ჩემპიონატის განმავლობაში სეზონი მესამე ადგილს ქვემოთ რომ არ დაუსრულებია. აი, ისინიც, 1990 წლიდან მოყოლებული "დინამოს" რომ ხელმძღვანელობდნენ: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, გივი ნოდია, თემურ ჩხაიძე, სერგო კუტივაძე, ვაჟა ჟვანია, ნოდარ აკობია, მურთაზ ხურცილავა, იოჰან ბოსკამპი, გია გეგუჩაძე, ოთარ კორღალიძე, ჯემალ ჩიმაკაძე, რევაზ არველაძე, გოჩა ტყებუჩავა, ივო შუშაკი, ხვიჩა ქასრაშვილი, კახა ცხადაძე, ანდრეი ჩერნიშოვი, კახა კაჭარავა, დუშან უჰრინი, რაინერ ცობელი...

სხვათა შორის, უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ სამი შემთხვევა იყო, როცა "დინამოს" მთავარ მწვრთნელს "გადაბმულად" ... ერთი სეზონის ჩატარებამ მოუწია და ასეთი ზემაქსიმალური ნდობა ივო შუშაკმა (2002-03 წლების სეზონი), დუშან უჰრინმა (2007-08) და კახა კაჭარავამ (2009-10) დაიმსახურეს...


კაჭარავას ხუთწლედი
არ დავმალავთ: მიმდინარე სეზონში თუ რომელიმე მწვრთნელის გადადგომა (გნებავთ, გათავისუფლება) იყო მოულოდნელობა, უპირველეს ყოვლისა, კახა კაჭარავაზე ითქმის! მოდი, ჯერ მხოლოდ ციფრებით "ვილაპარაკოთ". ჯერჯერობით 14 ტურია ჩატარებული და სატურნირო ცხრილში II ადგილზე მყოფი "დინამო" ერთადერთი (!) ქულით ჩამორჩება ერთპიროვნულ ლიდერს "ოლიმპს"; იმასაც შეგახსენებთ, რომ "დინამომ" უკანასკნელად თვენახევრის წინ წააგო (ბოლნისში, ადგილობრივ "სიონთან"); იმის შემდეგ 13 ქულა მოაგროვა (3 მატჩი მოიგო, 4 ფრედ დაასრულა); მაგრამ, ამ ოთხი ფრიდან, ბოლო ორმა საყაიმო ანგარიშმა ("ოლიმპთან", "ბაიასთან") "დინამოს" ხელმძღვანელობას, ალბათ, გარკვეული კითხვებიც გაუჩინა და ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მწვრთნელიც... უმუშევარი დარჩა.

ისე, ცოტა არ იყოს, უცნაური სიტუაციაც შეიქმნა: "დინამოს" ხელმძღვანელებს საჯაროდ არსად დაუფიქსირებიათ, რომ საკუთარი გუნდის მთავარი მწვრთნელი... არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაანთავისუფლეს; პირიქით, ასევე საჯაროდ მადლობაც გადაუხადეს გაწეული მუშაობისათვის (იმსახურებდა კიდეც - გ.ტ.) და ისეთი "სურათიც დაიხატა", თითქოსდა, თვითონ კაჭარავას სურდა "დინამოდან" წასვლა! არადა გვეეჭვება, რომ თბილისის "დინამოდან" ვინმე საკუთარი სურვილით მიდიოდეს; ერთადერთი, ვინც გვახსენდება, ტიტულოვანი ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი გახლდათ; ისიც კარგად გვახსოვს, არანაკლებ დიდებულმა პიროვნებამ ორი წლის წინ, ჩვენთან საუბარში სიამაყით რომ ბრძანა: ბედნიერი ვარ, ჩემს სამწვრთნელო კარიერას საქართველოს ჩემპიონის რანგში ვამთავრებო! თუმცა, უჰრინი, მართლაც გამონაკლისი შემთხვევა იყო: თითქმის ყველა მისი წინამორბედი (დავით ყიფიანის გარდა) "დინამოდან" საკუთარი სურვილით არ წასულა! ამიტომაც ვერ დავიჯერებთ, რომ ზედიზედ ორი ფრის გამო, კახა კაჭარავას "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება მოენდომებინა;

თანაც, საუბარია გუნდზე, სადაც როგორც ფეხბურთელმაც არაერთი გამორჩეული სეზონი ჩაატარა და შემდეგ უკვე როგორც მწვრთნელმაც თავი ჩინებულად წარმოაჩინა. მიზეზთა ძებნას ვერც შევუდგებით და როგორც იტყვიან-ხოლმე, არც ჩვენი საქმე არ არის; უბრალოდ, უცნაური და მოულოდნელი რომ იყო ეს გადაწყვეტილება, ამაზე ვმსჯელობთ და გვიკვირს-კიდეც; ან, იქნებ, ვინმემ "დინამოს" კრიზისზეც ისაუბროს და ამის "დამადასტურებლად", ჯერ მოქმედ ჩემპიონთან და გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტთან "ოლიმპთან", შემდეგ კი ფინანსურად შეჭირვებულ "ბაიასთან" ზედიზედ ორი ფრეც "შეგვახსენოს"?

თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, მაშინ ლუის ვან გაალიც, ფელიქს მაგათიც, რაფაელ ბენიტესიც, კლოდ პუელიც და ბერნდ შუსტერიც კარგახნის უმუშევრები უნდა იყვნენ: გადახედეთ, ამ სპეციალისტების დამოძღვრილი გუნდები (შესაბამისად - "ბაიერნი", "შალკე", "ინტერი", "ლიონი", "ბეშიქთაში") თავიანთ ჩემპიონატში რომელ ადგილზე იმყოფებიან და დასკვნის გაკეთებაც არ გაგიჭირდებათ. საბედნიეროდ, კახა კაჭარავას დიდხანს უქმობა არ მოუწევს: მართლაც სასიამოვნო და, ალბათ, ბევრისთვის მოულოდნელი ჟესტი გააკეთა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, რომელმაც "დინამოდან" განთავისუფლებულ (გნებავთ, "საკუთარი სურვილით წამოსულ") მწვრთნელს საქართველოს ერთ-ერთი ასაკობრივი ნაკრების გაძღოლა შესთავაზა.

კახა კაჭარავას სამწვრთნელო კარიერა, ფაქტობრივად, თბილისის "დინამოსთან" ასოცირდება. გერმანიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარკვეული პერიოდი თბილისის "ლოკომოტივში" ნოდარ აკობიას ეხმარებოდა. 2005 წლიდან კი "დინამოს" იმდროინდელი მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის რეკომენდაციით ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მეორე გუნდის თავკაცადაც დაინიშნა. კარგად გვახსოვს იმდროინდელი "დინამო-2", ერთი-მეორეზე პერსპექტიული ბიჭებით რომ იყო დაკომპლექტებული და იმათგან უმრავლესობამ, მოგვიანებით, სხვადასხვა დონეზე გარკვეულ წარმატებებსაც რომ მიაღწიეს: გურამ კაშიამ, მათე ვაწაძემ, უჩა ლობჟანიძემ, ნიკოლოზ ფირცხალავამ, გიორგი ლორიამ, სანდრო კობახიძემ, ირაკლი ჩირიკაშვილმა, გულვერდ თომაშვილმა, დავით თარგამაძემ. ამის შემდეგ კაჭარავა ჯერ ანდრეი ჩერნიშოვს ეხმარებოდა, რუსი სპეციალისტის წასვლის მერე კი "დინამოს" მთავარი მწვრთნელის მოვალებასაც ასრულებდა: 2006-07 წლების სეზონში ხუთ თუ ექვს შეხვედრაში უხელმძღვანელა, ვიდრე ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გაძღოლას დუშან უჰრინს შესთავაზებდნენ.

ცნობილი ჩეხი სპეციალისტის გვერდით კაჭარავამ ორი სეზონი გაატარა და არაერთხელ უთქვამს, რომ როგორც მწვრთნელმა უჰრინისგან ძალიან ბევრ რამეს სწავლობდა. ვეჭვობთ, მსგავსი რამ ყოფილიყო უჰრინის შემცვლელთან მიმართებაში: კაჭარავა ათი თვის განმავლობაში რაიონერ ცობელის ასისტენტიც გახლდათ და როცა 2009 წლის გაზაფხულზე გერმანელ სპეციალისტ კარისკენ მიუთითეს (ამ შემთხვევაში კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილება საკამათო არავისთვის უნდა ყოფილიყო), სეზონის ბოლომდე "დინამოს" გაძღოლა სწორედ მას დაევალა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტური იყო დარჩენილი და კაჭარავასაც "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხელმეორე დებიუტი ისეთი ჰქონდა, კაცი უკეთესს ვერ ინატრებდა: პირველსავე შეხვედრაში მანამდე 19-მატჩიანი წაუგებელი სერიის მქონე "ოლიმპი" დაამარცხა (2:1), შემდეგ კი სტუმრად "ზესტაფონს" დიდი ანგარიშით (4:0) მოუგო! სამწუხაროდ, იმ სეზონში "დინამო" ჩემპიონი ვერ გახდა: "ვიტ ჯორჯიას" დაწევა შეუძლებელი იყო; სამაგიეროდ, კახა კაჭარავას ხელმძღანელობით "დინამომ" მორიგი ტიტული მოიპოვა: უაღრესად დრამატულ ფინალურ მატჩში პენალტების სერიაში აჯობა "ოლიმპს" და საქართველოს თასი მოიპოვა.

რაც შეეხება გასულ სეზონს, ამ შემთხვევაში "დინამოს" ასპარეზობა არაერთგვაროვნად უნდა შეფასდეს. ჩემპიონატში გუნდი კვლავაც II ადგილზე გავიდა, თასის ფინალიც წააგო და სუპერთასის მატჩიც. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ "დინამოს" უშუალო კონკურენტებთან დადებითი ("ზესტაფონთან") ან თანაბარი ("ოლიმპთან", "ვიტ ჯორჯიასთან") ბალანსი ჰქონდა, სამაგიეროდ თავისზე ბევრად სუსტ მეტოქეებთან არაერთ "დაუგეგმავ" ქულებს ჰკარგავდა.

ცალკე საუბრის თემაა "დინამოს" სატრანსფერო პოლიტიკა: სხვა კონკურენტები რომ ყოველ ზაფხულ-ზამთარს ძლიერდებოდნენ ახალ-ახალი ფეხბურთელებით, კაჭარავას ამის ფუფუნება ნამდვილად არ ჰქონია. პირიქით - ამ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში გუნდიდან ერთი-მეორეზე უკეთესი ლამის ათეულობით ფეხბურთელი წავიდა, უმეტესობა "დინამოს" ლიდერებად რომ მიიჩნეოდა. სხვათა შორის, წინა სეზონში კაჭარავა ხშირად ენდობოდა ახალგაზრდა ფეხბურთელებს და იმავე გიორგი ლორიამ და ლევან კაკუბავამ მწვრთნელის ნდობა ნამდვილად გაამართლეს. ასევე ცალკე საუბრის თემაა კაჭარავას ხელმძღვანელობით "დინამოს" ასპარეზობა ევროტურნირებზე: სხვისი რა მოგახსენოთ და, ჩვენი აზრით, შარშანაც და წელსაც ჩვენმა ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა სავსებით ღირსეულად იასპარეზა; მით უმეტეს, არ დაგვავიწყდეს, თუ რა კონტიგენტით უხდებოდა კაჭარავას ევროპულ გუნდებთან პაექრობა...

თუმცა, მწვრთნელის ხვედრი ხომ ასეთია: გუნდი წარმატებას მიაღწევს, ესე იგი, ფეხბურთელების დამსახურებაა, აი, ოდნავი "ფეხის დაცდენის" დროს კი "მთავარი დამნაშავის" პოვნა უადვილესზე-უადვილესი საქმეა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული