სასიამოვნოდ მოულოდნელი ევროპის ლიგის ბატალიებით გამოწვეული ეს გარემოება, ერთდროულად, კარგიც არის და ცუდიც.
კარგი იმიტომ, რომ სეზონს გუნდი მომზადებული ხვდება და "საშვებულებო სენი" მოხდილი აქვს; ცუდი კიდევ იმიტომ, რომ ღმერთმა ნუ ქნას და, შეიძლება, გადაღლილობამ იჩინოს თავი.
ყოველივე ეს ორიოდე კვირაში გაირკვევა, ჩვენ კი ერთგვარი "წუთშესვენება" წინა სეზონის "პლუს-მინუსების" ანალიზისთვის გამოვიყენოთ.
უკიდურესი სკეპტიკოსებიც (თუ ასეთები, საერთოდ, არიან) დამეთანხმებიან, რომ თანაფარდობის დარღვევა შეუიარაღებული თვალითაც აშკარაა "პლუსის" სასარგებლოდ! გადახრა თითქმის 180 გრადუსს უტოლდება!
"ჩიხურას" არსებობის ისტორიაში ამ მართლაც უნიკალურ, ღირსსახსოვარ მოვლენებს ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც კი არ ელოდა.
აქა-იქ ხანმოკლე ჩავარდნების გულისტკივილიც იყო, თუმცა ესეც საფეხბურთო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ენა როგორ, ან ვის მოუბრუნდება აუგის სათქმელად.
პირიქით, დიდი, სამი ძახილისნიშნიანი, სავსებით დამსახურებული მადლობა გუნდის ოჯახს - დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული ეგრეთწოდებული "აუტჩიკებით"!!! და, განსაკუთრებით, გულშემატკივარს! თუმცა, ამაზე ქვემოთ...
ქების ღირსია ყველა - სომხიშვილი თუ ლომაშვილი, ჩიკვაიძე თუ კვასხვაძე, რეხვიაშვილი თუ დეკანოიძე, კაშია თუ ქიმაძე, მწყერაშვილი, ივანაშვილი, დემეტრაშვილი, ნადირაძე, ზამბახიძე, ბოლქვაძე, კირკიტაძე, დიღმელაშვილი, ძირითადები, სათადარიგოები, წასულები, მოსულები (ბოდიში მათ, ვინც გვარით არ მიხსენებია).
გავაგრძელოთ: ნუგზარ დეკანოიძე, ბერიკა შუკაკიძე, სოსო ფრუიძე, ვახტანგ (ბელუხა) თურმანიძე, შალვა დოღაძე, იური თოდაძე, არტო ივანაშვილი, თორნიკე შალამბერიძე, ბესო ბაძგარაძე, ასაკობრივი გუნდების მწვრთნელები...
საგანგებო მადლობა ოდოს (დავით ოდიკაძეს), ვისი "რქაც კი ხნავდა" და ვინც უნიკალური ქართული სიმღერის, "ოდოიას" მუსიკალური ტემპით აკონტროლებდა მოვლენებს მინდორზე შექმნილი გარემოების მიხედვით: ხან ოდოია-ოდოია-ოდოია-ჰო-ჰო-ჰო, ხანაც ო-დო-დოია-დო!
ყველაფერ ამას გულშემატკივართა აღმავალი ამპლიტუდის ემოციებიც (ზოგჯერ უამრავი, თუმცა ესეც საფეხბურთო ცხოვრების ერთ-ერთი ატრიბუტია) დავუმატოთ და მივიღებთ ერთგვარ კანონზომიერ "იდილიას", რომლისგან თავდაღწევაც ძალიან ძნელია.
და მაინც წუთით განვიტვირთოთ სასიამოვნო ემოციებისგან და ცივი გონებით, პრაგმატული თვალით შევხედოთ აუცილებად სალიკვიდაციო ხარვეზებს, თუნდაც უნებლიე შეცდომებს!
ჭკუასა და გონიერებასთან ახლოს არ უნდა იყოს კაცი, ვისაც ეჭვი შეეპარება სოსო ფრუიძის კვალიფიკაციაში.
პირიქით, მან მაქსიმალურად გამოიყენა გუნდის ფიზიკური, ინტელექტუალური შესაძლებლობები და არსებული რეზერვების გამოწურვით საკუთარ თავსაც კი გადაახტა - სიურპრიზების კასკადი დაატრიალა ქართულ ფეხბურთში! რაც მოხდა, ისიც, ალბათ, იძულებით და სამომავლო გათვლებით იყო გამოწვეული.
მიუხედავად ყოველივე ამისა, ევროტურნირის დაწყების წინ გუნდში ამხელა ცვლილებები მაინც არაფრით მიგვაჩნია გამართლებული. კი, გასაშვების გაშვება და ახალი "სისხლის გადასხმა" საჭიროა გუნდის გაჯანსაღებისთვის, მაგრამ კირკიტაძე, დიღმელაშვილი, ბოლქვაძე? დარწმუნებული ვარ, ძველი, კარგად შეთამაშებული, დაბალანსებული გუნდის პირობებში ვერც "ვადუცი" გაგვიბედავდა ამდენს, ვერც "თუნი" და ვინ იცის...
ოცნებას კაცი არ მოუკლავს, ცვლილებები კი მერეც შეიძლებოდა, საამისო დრო კიდევ იყო. ყოველ შემთხვევაში, "შორიდან" ასე ჩანს, ხოლო "ახლოდან", ანუ შიგა "სამზარეულოდან", შეიძლება, სხვაგვარად მოჩანდეს.
მართალია, გამოცდილება, თავშეკავების უნარი, არც რეხვიაშვილს აკლია და მით უმეტეს, არც სომხიშვილს, მაგრამ, თუნდაც მათი, ყოვლად გაუმართლებელი კინკლაობა, იმაზე ხომ არ მიგვანიშნებს, რომ გუნდს მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგი სჭირდება? თუ, რა თქმა უნდა, ფინანსები ამგვარი "ფუფუნების" საშუალებას იძლევა.
დაბოლოს, გუნდის სული და გული, სისხლი და ხორცი - გულშემატკივარი! მისი მრავლობა წვიმაში (მე შენ გეტყვი და, ცელოფანის საწვიმარი ლაბადა არ იყო თავზე საყრელი, რისთვისაც მადლობა ადმინისტრაციას!) თუ პაპანაქებაში, გასვლით თუ საშინაო მატჩებში ჭეშმარიტად დაიმსახურა "ჩიხურამ".
ნურც მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მატერიალურ (გულშემატკივართა ტრანსპორტით უზრუნველყოფა) და მორალურ მხარდაჭერას დავივიწყებთ.
ამ ფონზე მართლაც პარადოქსია, რომ გუნდს, ოფიციალურად, დღემდე არ ჰყავს ფანკლუბი, რაც, რამდენადაც ვიცი, უეფას წესებით სავალდებულოა.
რა გახდა ერთი დოლისა და ერთი საყვირის შეძენა, რომ ჩვენს სტადიონებზე მაინც ვერ გადაფარონ საჩხერელთა ყიჟინა ანალოგიური "იარაღებით" აღჭურვილმა მოწინააღმდეგეთა გულშემატკივრებმა.
"მოარულ" დონეზე იმის თაობაზეც გვსმენია, რომ იგივე წესები ითვალისწინებს სპეციალური შტატის ამოქმედებას, რომელიც მოემსახურება:
- გულშემატკივართა ინფორმირებას, მისი რაოდენობის ზრდას, ზედმეტი ემოციებისგან თავის შეკავებას;
- გუნდის საზოგადოებასთან ურთიერთობას;
- სტადიონის საინფორმაციო საშუალებების გაუმჯობესებას;
- გუნდის წევრებთან, საწვრთნელ შტაბთან შეხვედრების, დისპუტების, მატჩების ვიდეოჩვენებების, საჯარო განხილვების, სხვა ღონისძიებების მომზადება-ჩატარებასა და მათ კვალობაზე საზოგადოებისგან მისაღები შენიშვნების გათვალისწინებას.
სიტყვამაც მოიტანა და, "ჩიხურა" უკვე 75 წლისაა. რატომ არ უნდა აღინიშნოს ეს მნიშვნელოვანი თარიღი მასშტაბური ზეიმით? ეს ხომ არა მარტო დღევანდელობას, "ხვალესაც" კარგად წაადგება.
იმედია, ამ "ფიქრებში" "ჩასაფრებული" კაცის პოზიციას ვერავინ დაინახავს, იმიტომ, რომ ჩემს (ჩვენს) ბუნებაში ასეთი რამ არ არსებობს. ეს ჭეშმარიტი გულშემატკივრ(ებ)ის პოზიციაა, კეთილი განწყობის პოზიცია.
ამიტომაც მ(გვ)ჯერა რომ ახალ სეზონში უფრო მძლავრად იგუგუნებს ომახიანი შეძახილი: "ჩი-ხუ-რა"! "ჩი-ხუ-რა"! "ჩი-ხუ-რა"!
პატივისცემით, ზურაბ თურმანიძე საჩხერიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"