თუმცა ავსტრიელმა სტუმარმა სახეცვლილი გუნდი იხილა - სპლიტის "ჰაიდუკთან" ნათამაშები ფეხბურთელებიდან ჩემპიონატის პირველი ტური ტრავმებისა და სხვა მიზეზების გამო მამუკა კობახიძემ, თემურ ღონღაძემ და ლაშა გვალიამ გამოტოვეს, დავით ბოლქვაძე კი მეორე ტაიმში გამოჩნდა მოედანზე.
"დილაში" ახალწვეულიც იყო - გუნდს დაუბრუნდა ირაკლი მაისურაძე, რომელმაც რუსეთში გადასვლა სამუშაო ვიზის არქონის გამო ვერ მოახერხა.
გიორგი კიკნაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ "სიონი" მოაფერიანა და წაგების მიუხედავად, ბოლნისურმა კრებულმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ბოლნისელებმა, რომლებიც ნომინალური მასპინძლები იყვნენ, თამაში ნამდვილი მასპინძლებივით დაიწყეს - აგრესიულად შეუტიეს მეტოქეს. "სიონის" მოთამაშეები ბურთს არ აყოვნებდნენ.
ძალიან დიდი სამუშაო შეასრულეს ლაშა პარუნაშვილმა და კოკა მიკუჩაძემ, რომლებიც იერიშებს სწრაფად იწყებდნენ.
"ჰაიდუკთან" ქანცგაცლილი გორელები კი თავიდან აშკარად მოშვებულები იყვნენ. "სიონმა" მე-7 წუთზე რეალური საგოლე მომენტი შექმნა. მიკუჩაძემ ბურთი კუთხურიდან ჩააწოდა, მცველებმა კი ლაშა თოთაძე უმეთვალყურეოდ დატოვეს - თავური დარტყმა მიზანს მცირე მანძილით ასცდა.
ოთხ წუთში ბოლნისელებმა ზუსტად იგივე გაიმეორეს, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ანგარიშიც გაიხსნა - მიკუჩაძის გადაცემისა და თოთაძის თავურის შემდეგ ბურთი ბადეში აღმოჩნდა - 1:0.
ამას ისიც დაემატა, რომ მე-17 წუთზე, მცველთან შეჯახებისას, "დილას" თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე დაშავდა და მოედნიდან გაიყვანეს. მოვლენებს გავუსწრებთ და გეტყვით, რომ შეხვედრის მიწურულს ტრავმის გამო გიორგი ილურიძეც შეცვალეს - მას კოჭი გადაუბრუნდა.
იმედი ვიქონიოთ, რომ "რაპიდთან" მატჩამდე გორელთა ლაზარეთში არავინ დარჩება.
გოლის შემდეგ "დილამ" დროულად მოახერხა გადაწყობა. გიორგი დევდარიანის შეგირდები გამოფხიზლდნენ და ფლანგებიდან საკმაოდ მწვავე შეტევებიც განახორციელეს.
ანგარიში ტაიმის მიწურულს გათანაბრდა. კახა ალადაშვილმა მეტოქის საჯარიმოსთან გიორგი განუგრავას აართვა ბურთი და მშვენიერი გადაცემით ილურიძე მეკარესთან პირისპირ დატოვა. მართალია, მირზა მერლანმა დარტყმულის მოგერიება შეძლო, მაგრამ იქვე გრიგოლ დოლიძე გაჩნდა - 1:1.
ტაიმის ბოლო წუთზე ძლიერი შორეული დარტყმით "დილას" დაწინაურებას მაისურაძე ცდილობდა, მაგრამ მერლანმა საიმედოდ ითამაშა.
მეორე ტაიმში წინ გასვლის შანსი პირველად "სიონს" ჰქონდა - ალეკო გოგობერიშვილმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი განუგრავა მოძებნა, რომლის უძლიერეს დარტყმას ნუკრი რევიშვილი ჩვეული სიმშვიდით გადაეღობა.
იგივე განმეორდა ზვიად ლობჟანიძის შეტევის დროსაც.
გორელები იერიშებს განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგიდან ამწვავებდნენ, სადაც ალადაშვილი და დოლიძე ძალიან ბევრს (რაც მთავარია, სასარგებლოდ) მუშაობდნენ - აშკარაა, რომ ახალ სეზონში ორივეს "მეორე სუნთქვა" გაეხსნა. მე-60 წუთზე სწორედ მათ მიერ წამოწყებული შეტევის დაგვირგვინება შეეძლო ილურიძეს, მაგრამ ბურთი კარს ასცდა.
ნელ-ნელა დაღლა ბოლნისელებსაც დაეტყოთ და 77-ე წუთზე "გატყდნენ" კიდეც. მეკარის საჯარიმოსთან ჩინებულად ითამაშა ილურიძემ, რომელმაც ზურგს უკან მყოფი მცველი უცნაური მოძრაობით ჩამოიშორა და თავისუფლად მყოფი დოლიძე შენიშნა, რომელმაც პენალტის ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა და დუბლი შეასრულა - 1:2.
ბოლნისელთა მცდელობა, ანგარიში გაეთანაბრებინათ, უშედეგო აღმოჩნდა.
"დილამ" რთული, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და აქტივში პირველი 3 ქულა ჩაიწერა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დ ი ლ ა