მერანი-სპარტაკი 2:1 - მოგებაც და ხარისხიც

AutoSharing Option
რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სამტრედიაშიც გაისმა. მართალია, საფეხბურთო ტრადიციებით განთქმულ ქალაქს უმაღლეს ლიგაში გუნდი არ ჰყავს, თუმცა ამ მატჩმა ადგილობრივთა ყურადღება მაინც დაიმსახურა.

"მერანის" ახალშექმნილი ფანკლუბის (სხვათა შორის, შესაბამისი ატრიბუტებით) გარდა, ტრიბუნაზე მარტვილიდან ჩამოსული ქომაგიც იჯდა, რამაც მატჩს დამატებითი ელფერი შესძინა.

საბოლოო ანგარიში ნათლად ვერ ასახავს იმ რეალობას, რაც მოედანზე ხდებოდა. მარტვილელებმა მეტოქის კართან უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა მათგან მხოლოდ ორის რეალიზება მოახერხეს.

მალხაზ ჟვანიას გუნდმა თავიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა და მე-9 წუთზე გივი ქარქუზაშვილის დარტყმული ხარიხას
მოხვდა.

Sportall.Geამას მოჰყვა "სპარტაკის" გააქტიურება - ლაშა ჩაფიძე ორჯერ გავიდა ხელსაყრელ პოზიციაზე, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტემ უმტყუნა. გოლის გატანის ჩინებული შანსი ქარს გაატანა გელა ხუბუამაც.

42-ე წუთზე იმავე ხუბუას ფლანგურ ჩაწოდებას 16 წლის აკაკი შულაიამ (დებიუტანტს ყველა მონაცემი აქვს საიმისოდ, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს) შეაგება თავი და ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუქროლა კარს.

"მერანის" მცდელობამ ზუსტად სამ წუთში გამოიღო ნაყოფი - მარცხენა ფლანგზე აქტიურად მოთამაშე პაპუნა ფონიავამ თავგზა აუბნია მეტოქის მცველებს და გამჭოლი გადაცემით მოძებნა მარტოდმარტო დარჩენილი შულაია, რომელსაც ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია - 1:0.

მეორე ნახევარი, სანახაობრივი თვალსაზრისით, გაცილებით უკეთესი გამოდგა. ტაიმის უკანასკნელ წუთზე გაშვებულმა გოლმა "სპარტაკს" ნირი წაუხდინა. ცხინვალელთა მხრიდან გახშირდა შეცდომები. განსაკუთრებით, ფლანგები მოიკოჭლებდნენ, რის გამოც შულაიას, ფონიავასა და შეცვლაზე შესულ კიჭი მელიავას დიდი სივრცე ეძლეოდათ...

შოთა ბაბუნაშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ლაშა კუჭუხიძეს ანგარიშის გაზრდა მართებდა, მაგრამ მისი დარტყმული ძელს მოხვდა. მალე მასპინძლებმა მაინც მიაღწიეს საწადელს - შულაიას სოლო-რეიდს შორეულ ძელთან ჩაწოდება მოჰყვა, იქ კი ყველას ფონიავამ აჯობა და ანგარიში 2:0 გახდა.

მასპინძლები ამის შემდეგაც დიდი ძალებით უტევდნენ და საგოლე მომენტებიც მრავლად ჰქონდათ, თუმცა ან დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ, ანდა სტუმართა მეკარე თამაშობდა კარგად...

63-ე წუთზე კი კურიოზი მოხდა - საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს ფონიავამ სათამაშო ეპიზოდში ბურთი მეკარე შეროზიას გადააწოდა, რომელმაც შეუჩერებლივ მოინდომა დარტყმა, თუმცა ფეხი ააცილა და... ასე გავიდა ავტოგოლი.

"სპარტაკმა" საჩუქარი ვერ შეირგო, "მერანს" კი დარჩენილ დროშიც არაერთი რეალური შანსი ჰქონდა. გოლის გატანა შალვა კვანტალიანსა და ხუბუას შეეძლოთ... აქვე იყო საკამათო ეპიზოდიც - მელიავა "სპარტაკის" საჯარიმოში წაიქცა (თუ წააქციეს). იყო თუ არა წესის დარღვევა, სადავოა. ფიფას არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ დარღვევა არ დააფიქსირა და თამაშიც გაგრძელდა...

და მაინც, 87-ე წუთზე "სპარტაკს" მეტოქის დასჯა და დაუწერელი საფეხბურთო კანონის ამოქმედება შეეძლო - ლევან ქურდაძის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმულს "მერანის" მეკარე შესაშური რეაქციით გადაეფარა...

ამასობაში საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა. "მერანმა" პირველი გამარჯვებითა და თამაშის ხარისხით სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა სასიამოვნოდ გააკვირვა.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული