ვიტ ჯორჯია-გურია 3:0 - ვიტელთა ახალი ჯანი: ლობ-ჯან-იძე

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯია" და ლანჩხუთის "გურია" განსხვავებულად შეხვდნენ ეროვნული ჩემპიონატის სტარტს. ზურაბ ბერიძის გუნდი გეგმაზომიერად ემზადებოდა სეზონისთვის, უმაღლეს ლიგაში აღზევებულ "გურიაში" კი გაურკვევლობა იყო - პირველი ტურის წინ გუნდი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა ფინანსური უთანხმოების გამო.

მოკლედ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, "ვიტ ჯორჯია"-"გურიის" შეხვედრაში ფავორიტი მასპინძელი იყო და ბერიძის გუნდსაც შანსი ხელიდან არ გაუშვია.

მატჩის გმირი ელგუჯა ლობჯანიძე შეიქნა - ორი გოლი გაიტანა და 11-მეტრიანიც მოინაგრა. ვიტელთა ახმახი თავდამსხმელი მართლაც სასარგებლოდ გაისარჯა.

პირველ ტაიმში მწვავე ეპიზოდები ორივე კართან იქმნებოდა, გოლი კი ასე გავიდა:
ლობჯანიძემ თავზე გადაავლო ბურთი ვალერი იობაშვილს, მახვილი კუთხიდან კი მეკარისთვის უხერხული ტრაექტორიით დაარტყა და ბურთი კარში ჩაეშვა.

Sportall.Geტაიმის ბოლოს ალექსანდრე კოშკაძის დარტყმას ერთ-ერთი ვიტჯორჯიელი მცველი გადაეღობა. "გურიის" ფეხბურთელები და ლანჩხუთელი ქომაგი 11-მეტრიანს ითხოვდნენ, არბიტრი დავით ხარიტონაშვილი კი სხვა აზრის იყო.

შესვენებამდე "გურიას" ანგარიშის გათანაბრების კარგი შესაძლებლობა ჰქონდა - კოშკაძის პასით გიგა ჭეიშვილი ნიკა დაუშვილთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმისთვის ინტრიგა თითქოს შემორჩენილი იყო, მაგრამ როცა ლობჯანიძემ იობაშვილთან ორთაბრძოლაში პენალტი გამოიმუშავა და გიორგი ჯანელიძის დარტყმით ანგარიში 2:0 გახდა, ყველაფერი იქვე დასრულდა.

ამის მერე უფრო გახსნილი თამაში წავიდა, ორივე კართან იქმნებოდა სახიფათო მომენტები. "გურია" უფრო ჩაწოდებებით ცდილობდა რაღაცას და რამდენიმე უზუსტო თავურის გარდა, ვერაფერს გამორჩა. "ვიტ ჯორჯიამ" კი კონტრშეტევაზე გამოიჭირა სტუმრები - გიორგი კორიფაძის პასით ლობჯანიძე მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში და უზადოდაც შეასრულა დარტყმა - 3:0.

"გურია" თუ რამეს ახერხებდა, ძირითადად - კოშკაძის წყალობით. გამოცდილმა შუახაზელმა მატჩის ბოლოს კარგად ჩააბზრიალა ბურთი ვიტჯორჯიელთა საჯარიმოში. ტარიელ კუკულაძემ თავური დაახვედრა, დაუშვილმა კი სასწაული ბურთი მოიგერია.

ანგარიშის შეცვლა "ვიტ ჯორჯიასაც" შეეძლო - ჯანელიძის მოხდენილი პასით შეცვლაზე შესული აკაკი წყაროზია დარჩა მიხეილ გოგუაძესთან პირისპირ, თუმცა აქედან ოდენ კუთხურს გამორჩა.

ლანჩხუთელი ქომაგი არბიტრითა და ანგარიშით უკმაყოფილო ტოვებდა "მცხეთა პარკს". მსაჯების ნამოქმედარს ფეხბურთის ფედერაცია გაარჩევს, "გურიას" კი, თუ სტაბილური სახსარი არ გამოუჩნდა და თუ ვერ გაძლიერდა, ასეთი თამაშით უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული