გიორგი დევდარიანი: მთელი ენერგიის ერთმანეთის წინააღმდეგ დახარჯვა არ ღირდა

AutoSharing Option
როგორც იცით, "სიონთან" ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში ევროპალიგის პლეი ოფის მონაწილე "დილა" სერიოზულად დაზარალდა - გორელებს ირაკლი მოდებაძე და გიორგი ილურიძე დაუშავდათ.

ადრეც ვწერდით, რომ მოდებაძე, რომელმაც ტვინის შერყევა მიიღო, "რაპიდთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებდა. როგორც თავად მოდებაძე ამბობს, ვარჯიშს 29 აგვისტოს საშინაო მატჩისთვის განაახლებს.

რაც შეეხება ილურიძეს, მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და უკვე ჩვეული დატვირთვით ემზადება.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ილურიძე თბილისის "დინამოსთან" 17 აგვისტოს გასამართ შეხვედრაში აუცილებლად ითამაშებს. "დილას" მთავარი მწვრთნელის გიორგი დევდარიანის თქმით, საქართველოს
ჩემპიონის წინააღმდეგ ძირითადი შემადგენლობის რომელიმე მოთამაშე დაისვენებს.

დევდარიანმა დაადასტურა, რომ ევროპალიგის პლეი-ოფში მონაწილეობის გამო, "დინამოსთან" მატჩის გადადებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა:

"ვფიქრობდით, რომ პლეი ოფის მნიშვნელოვანი თამაშების წინ, არ ღირდა, ქართულ გუნდებს მთელი ენერგია ერთმანეთის წინააღმდეგ დაგვეხარჯა. ამის შესახებ "დინამოს" ერთ-ერთ ხელმძღვანელს ველაპარაკე, მაგრამ მათ მატჩის გადადება არ ისურვეს.

ასე რომ, ფედერაციასთან დაკავშირებას აზრი არც ჰქონდა. თუმცა "დინამოს" გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

ეს ძალიან პრინციპული მატჩია და ეროვნულ ჩემპიონატში ღირსეული გამოსვლა, ქულების მაქსიმალური რაოდენობის დაგროვება და გულშემატკივრების გახარება გვსურს. ამავე დროს, ორივე გუნდისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველო ევროსარბიელზე ღირსეულად წარმოვადგინოთ.

ეს არის ჩემი და კლუბის ხელმძღვანელობის საერთო აზრი. ავსტრიელებს ღირსეული თამაში უნდა შევთავაზოთ. ამიტომ, "დინამოსთან" რომელიმე წამყვანი ფეხბურთელი არ ითამაშებს, ოღონდ, მოედანზე გასული არც ერთი მოთამაშე გამარჯვებისთვის თავს არ დაზოგავს".


პლეი ოფის პირველ შეხვედრამდე მცირე დროა დარჩენილი, გორელი ფეხბურთელები კი სხვადასხვა ფრონტზე (ჩემპიონატი, ნაკრებები) თამაშობენ.

ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, აქვს თუ არა გუნდს თანამედროვე აღდგენითი საშუალებები.

"ევროპულ კლუბებში ასეთი აღდგენითი საშუალებები ფართოდ გამოიყენება. ცხადია, ამ მხრივ ჩამოვრჩებით მათ, მაგრამ საჭირო საშუალებები ჩვენც გვაქვს.

ამის მიუხედავად, მალე ინტენსიური თამაშები დაიწყება, ფეხბურთელები ძალიან დიდ დატვირთვებს მიიღებენ და მათ საამისოდ ვამზადებთ. ამიტომ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავასაქმოთ ყველა მოთამაშე, მონაცვლეობით კი, ძირითადი ბირთვის რომელიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მივცეთ.

მთავარია, ეს გუნდის შედეგს არ დაეტყოს. სხვაგვარად, ორ ფრონტზე ძალიან გაგვიჭირდება",
- ამბობს დევდარიანი.

აქვე ვიტყვით, რომ "დილა"-"დინამოს" მატჩს ევროპალიგის პლეი ოფში გორელთა მეტოქის, ვენის "რაპიდის" წარმომადგენელიც დაესწრება, რომელიც ერთი კვირის წინ გორელებისა და ბოლნისის "სიონის" შეხვედრასაც აკვირდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის II ტურის წინ: ვამბობთ ევროპას, ვგულისხმობთ პრინციპს...
გიორგი დევდარიანი: თავისუფლების მოყვარული კაცი ვარ
მკითხველის კომენტარები / 8 /
ოცი წელიწადია ასეთი დაინტერესებული არ ვყოფილვარ ქართული ფეხბურთით. ეს ბატონ გიორგის დიდი დამსახურებაა და დიდ წარმატებას ვუსურვებ მომავალ თამაშში. ჩვენი მეტოქე ყველა შესაძლო ვარიანტიდან ყველაზე სასურველია და აუცილებლად უნდა გავიდეთ მომდევნო წრეში
ირაკლი
11:22 18-08-2013
0
ტყავაძე არაკაცია ეშIნია რო დილამ წარმატებას არ მიაღწიოს ევროპაზე... მე დინამოს ფანი ვარ ისე..
ioio
02:28 18-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული