უდიდესი ცდუნება - ტოტალიზატორები საქართველოს II ლიგითაც დაინტერესდნენ

AutoSharing Option
ბევრი თვლის, რომ ფეხბურთში ყველაფერი ტოტალიზატორებმა არიეს. გერმანული ნაკრებისა და "ბაიერნის" ყოფილმა ლიდერმა ოლივერ კანმა ერთხელ თურმე დანანებით ამოიოხრა - ფეხბურთმა სული გაყიდაო.

ეს იყო ალბათ ყველაზე მძაფრი ფრაზა, რაც კი ფეხბურთზე ოდესმე უთქვამს. ბოლო წლების საფეხბურთო სკანდალები ისეთი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რომ "კალჩოპოლი" და მსგავსი სიახლეები აღარავის უკვირს. თვით გერმანიასა და ინგლისსაც კი შეუჩნდნენ მაქინატორები, რომლებიც უდიდესი მოგების მისაღებად, აღარაფერს ერიდებიან.

მართალს ბრძანებს უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი, რომ გამოსავალი კლუბების ბიუჯეტების გამჭვირვალობა და ფინანსური Fair Play იქნება. ამიტომ უეფამ
საგადასახადო ინსპექციის როლიც შეითავსა და კლუბების ფინანსურ საქმიანობას ამოწმებს, ხარჯებისა და შემოსავლების წარმომავლობა რომ დაასაბუთონ.

დღევანდელ ფეხბურთს ასეთი კონტროლი რომ სჭირდება, ბოლო ამბავმაც დაადასტურა - ხარკოვის "მეტალისტი" მიმდინარე ევროსეზონიდან მოკვეთეს: უკრაინულ კლუბს დაუმტკიცეს, რომ 2008 წელს ლვოვის "კარპატისთან" გარიგებული მატჩი ითამაშა.

როდესაც ასეთ გარიგებაზე მდიდარი უკრაინული კლუბი მიდის, რა გარანტია გვაქვს, რომ იგივეს არ გააკეთებენ (თუ არ აკეთებენ) ქართული კლუბებიც?

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს და პირველ ლიგებზე ტოტალიზატორების დამღუპველ ზემოქმედებაზე ბევრი თქმულა. 2011 წელს, საგანგებო ბრიფინგზე, საზოგადოებას აცნობეს, რომ გამოძიების საფუძველზე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე 5 ფეხბურთელი დააკავეს.

მაშინ შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანდა, რომ მხარეთა ძირითადი დაინტერესების საგანი ეგრეთ წოდებული ცოცხალი ფსონები იყო - ფეხბურთელები საქმის ჩამწყობს სასურველ დროს სასურველ შეცვლას, პენალტის, ყვითელი ბარათების, კუთხურებისა და აუტების "აკიდებას" პირდებოდნენ.

მას შემდეგ, რაც ეს სკანდალი გახმაურდა, მითქმა-მოთქმა დროებით შეწყდა, მაგრამ მერე ისევ დაიწყო, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი ამბები - ტოტალიზატორები უკვე ჩვენი პირველი ლიგითაც დაინტერესდნენ.

არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ყრუები არ ვართ, ყველას გვყავს ახლობელ-მეგობარი თუ უბრალოდ - ნაცნობი, რომლებიც ათასგვარ დასაჯერებელ თუ დაუჯერებელ ამბებს ჰყვებიან. ეჭვი იმაზე იბადება, რომ პირველი ლიგის ფსონებში პოპულარობით "მეტი გოლი" სარგებლობდა.

საქართველოს ჩემპიონატის II ლიგის ერთ-ერთი მონაწილე კლუბის წარმომადგენელი დაგვიკავშირდა და გვთხოვა, დავინტერესებულიყავით, რამდენად მართალი იყო, რომ ტოტალიზატორში ამიერიდან ფსონებს II ლიგის მატჩებზეც მიიღებდნენ:

"როცა კლუბების წარმომადგენლები ფედერაციაში მივედით, ხელი მოგვაწერინეს მემორანდუმზე, რომ "ფეარ პლეის" პრინციპებს დავიცავდით და საკუთარი გუნდისა და ჩემპიონატის თამაშებზე ფსონებს არ დავდებდით.

როცა მიზეზით დავინტერესდით, გვითხრეს - ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ტოტალიზატორებმა ფსონების მიღება მეორე ლიგის მატჩებზეც გადაწყვიტესო და გაგვაფრთხილეს: ზედმეტი არაფერი მოგივიდეთო.

არ ვიცი, კონკრეტულად რომელ ტოტალიზატორზეა ლაპარაკი, მაგრამ პირადად მე ამ დოკუმენტზე ხელი მომაწერინეს".


ქართული ფეხბურთის გასაბრწყინებლად სწორედ ეს "ბედნიერება" გვაკლდა! მეორე ლიგის მატჩებზე ფსონების დაშვება ქართულ ფეხბურთში მდგომარეობას თუ არ გააუარესებს, სულ მცირე, ხელს მაინც არ შეუწყობს. როცა ბოლო ათწლეულებია, საეჭვო გარიგებებს მდიდარი კლუბებიც აღარ ერიდებიან, ჩვენი მეორე ლიგის გაღლეტილ კლუბებს უდიდესი ცდუნება უჩნდებათ.

და ეს იმ დროს, როცა გვაქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო სტრუქტურები კვლავ აწარმოებენ გამოძიებას ზოგიერთი ქართული კლუბის, მოთამაშეებისა და მენეჯერების შავ-ბნელი საქმიანობის შესახებ. ამიტომ პრევენცია აუცილებელია.

იმავეს ამბობს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი არჩილ არველაძეც:

"ამ საქმით აუცილებლად დავინტერესდები.

გასაგებია, რომ თანამედროვე მსოფლიოში ფეხბურთი და ტოტალიზატორი ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებენ და ფსონების მიღებას ვერ ავკრძალავთ, მაგრამ ამაში საქართველოს II ლიგის თამაშების ჩართვა აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია.

ეს არის გაუგებარი და უცნაური "მოძრაობა" ქართული ფეხბურთის გარშემო და თუ ფეხბურთის ფედერაციას მისი აკრძალვის საშუალება აქვს, ამას აუცილებლად გავაკეთებთ".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართულ ფეხბურთს მთლად დაღუპავს ეს ამბავი
ქართულ ფეხბურთს მთლად დაღუპავს ეს ამბავი
23:44 20-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული