უმაღლესი ლიგის III ტურის წინ: ფსიქოლოგიური ევროგავლენა

AutoSharing Option
...როგორც მოსალოდნელი იყო, 25-26 აგვისტოს დანიშნული მესამე ტური არასრული იქნება და ექვსის ნაცვლად მხოლოდ 4 მატჩი ჩატარდება.

"ტორპედო"-"დილას" შეხვედრა რომ ამ უქმეებზე არ გაიმართებოდა, ადრევე ცნობილი იყო და მართლაც მისასალმებელია, რომ ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელებმაც და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმაც ასეთი კეთილი ნება გამოიჩინეს.

არადა, ეს მატჩი რომ "დანიშნულებისამებრ" ჩატარებულიყო (ანუ, 25 აგვისტოს), "დილას" ხომ, ფაქტობრივად, ერთი დღეც არ ექნებოდა ამ შეხვედრისათვის მოსამზადებლად.

მოკლედ, კარგია, რომ ყველა ზრუნავს ამა თუ იმ ქართული გუნდის ევროტურნირებზე წარმატებული ასპარეზობისათვის...

აი, რაც შეეხება მეორე გადადებულ
მატჩს, მხოლოდ 23 აგვისტოს (ისიც, დღის მეორე ნახევარში) გაცხადდა ოფიციალურად, რომ "სპარტაკთან" საშინაო შეხვედრას თბილისის "დინამო" მოგვიანებით ჩაატარებდა.

მოგეხსენებათ, "დილას" მსგავსად, "დინამოც" ევროპალიგის პლეი ოფში ასპარეზობს და კლუბს სრული უფლება ჰქონდა ეროვნული ჩემპიონატის თამაშის გადადებისათვის ოფიციალურად მიემართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის.

ისე, "ტორპედო"-"დილას" შეხვედრის გადადება თუ ყველანაირად ლოგიკურად გვეჩვენება, აი, "დინამო"-"სპარტაკის" ჩატარებას, ჩვენი აზრით, წინ არაფერი უნდა დასდგომოდა! გასაგებია, რომ ევროპალიგის პლეი ოფში "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ დინამოელებს ორი დღეღა რჩებოდათ "სპარტაკთან" შეხვედრამდე, მაგრამ, განა ევროპაში არ თამაშობენ ყოველ მესამე-მეოთხე დღეს?

თუმცა, ამ შემთხვევაში ალბათ ნაკლებად უნდა ვიფიქროთ "დინამოს" ფეხბურთელთა სავარაუდო გადაღლილობასა თუ არასათანადო ფიზიკურ კონდიციებზე. ანუ, თამაშის გადადების მიზეზი უფრო... ფსიქოლოგიური ფაქტორი უნდა იყოს: "ტოტენჰემთან" 0:5-ის მერე (თანაც, წინ კიდევ საპასუხო მატჩი როცა გელოდება), ალბათ, სწორი გადაწყვეტილებაც მიიღეს "დინამოს" ხელმძღვანელებმა...

აი, რაც შეეხება დანარჩენ ოთხ შეხვედრას, აქედან სამი მატჩი კვირა-დღეს ჩატარდება, ტურის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება კი ჩვენი ჩემპიონატისათვის, ცოტა არ იყოს, უჩვეულო დღეს - ორშაბათს გაიმართება...

დამატებითი მოტივაცია
ორი ტურის მერე ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო ქულათა მაქსიმუმის მოპოვება, სამაგიეროდ ერთდროულად ხუთ გუნდს აქვს ოთხი ქულა და სწორედ ისინიც ლიდერობენ.

რა თქა უნდა, 2 ტურის მერე "ლიდერებისა" თუ "აუტსაიდერების" ცნებები პირობითია, მაგრამ თითქმის ყველა გუნდს აქვს იმის ამბიცია, რომ პირველი ეტაპის შემდეგ ზედა ექვსეულში დაიმკვიდროს ადგილი.

ახლაც, ამ არასრული ტურის წინ, ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ იმ ხუთი "ლიდერიდან" მხოლოდ ორ გუნდს აქვს სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი: "ტორპედო", "დილა" და "დინამო" რახან ისვენებენ, ამით "ვიტ ჯორჯიასა" და "მეტალურგის" გალიდერების შანსები იზრდება!

"ვეტერინარები" VI ტურამდე ფავორიტებს არ ხვდებიან და ზურაბ ბერიძის გუნდიც ამ პერიოდში მაქსიმალურად შეეცდება "აუცილებელი ქულების" მოპოვებას. "ვიტ ჯორჯიას" წარმატებული სტარტი ბევრისთვის, შესაძლოა, მოულოდნელიც იყო, რამეთუ ეს გუნდი არ ღალატობს ბოლო წლების ტრადიციას და ძირითად აქცენტს კვლავაც ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს.

კიდევ ერთმა "პოტენციურმა" ლიდერმა, "მეტალურგმა" კი სეზონი მართლაც მშვენივრად დაიწყო: ორ გასვლით შეხვედრაში 4 ქულა მოიპოვა და ბევრის ვარაუდიც მართლდება, რის მიხედვითაც რუსთაველთა გუნდს ამ სეზონში ზედა ექვსეულში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეს.

"ტორპედოსთან" ფრედ დამთავრებული შეხვედრისა და "ჩიხურასთან" მოგების შემდეგ გელა სანაიას გუნდს ამჯერად კიდევ ერთ იმერულ კლუბთან მოუწევს დაპირისპირება, თანაც, ისეთ გუნდთან, თამაშის ხარისხით სეზონის სტარტზე თავი ბევრს რომ მოაწონა, მაგრამ ჯერჯერობით ქულა რომ ვერ აუღია!

ჰო, "ზესტაფონმა" წინა ორივე მატჩში ნამდვილად არ დატოვა ურიგო შთაბეჭდილება და ორივეჯერ დრამატულ პაექრობაში დამარცხდა; თუმცა, გამოცდილი სერბი სპეციალისტის, რატკო დოსტანიჩის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ზესტაფონის" ფეხბურთელები შეთამაშების პრობლემას, როცა იქნება, დაძლევენ და ამ გუნდთან "იოლი გასეირნება" მართლაც არავის ელოდება.

ისე, "მეტალურგი" უკვე მესამე წელიწადი ვერ ახერხებს საკუთარ მოედანზე "ზესტაფონის" დამარცხებას...

...სამტრედიაში "მეგრული დერბია". თბილისში კი 11-წლიანი პაუზის მერე ლანჩხუთის "გურია" ჩამოდის (უმაღლესი ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩებს ვგულისხმობთ); ისე, "სიონისა" და "გურიას" ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაციაც უნდა ჰქონდეთ: ამ გუნდების შეხვედრის პირდაპირი ტელერეპორტაჟი ხომ საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით გადაიცემა!..

Sportall.Ge

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გია უტვინო :)
ჩიხურა არაა თურმე ფავორიტი? "პოტენციუტი" ლიდერობისა? :)
George 2
18:54 24-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული