რატომ ჩამოვიდა ეგვიპტელი "ზუგდიდში"? - გარიგება პირობებისა და ვაჭრობის გარეშე

AutoSharing Option
ორი დღეა, რაც "ზუგდიდში" ეგვიპტელი ფეხბურთელი ამირ აზმი მოჰამედ მეგაჰედი ვარჯიშობს, რომელიც ბოლო წლებში საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობდა.

მას კარგად იცნობს ზუგდიდელთა მწვრთნელი კობა წიტაიშვილი. თავის დროზე ისინი ერთად თამაშობდნენ "ანორთოსისში".

"ჩვენს ქვეყანაში არეულობის გამო ეროვნული ჩემპიონატი ჩაიშალა. ამის შემდეგ კობა წიტაიშვილს თავად დავუკავშირდი და საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოვთქვი.

ჩემს შესაძლებლობაზე ყველაზე უკეთ მას მოეხსენება. სადაც მითამაშია, ყველგან ძირითად შემადგენლობაში ვიყავი.

ახლაც კარგ ფორმაში ვარ და ვფიქრობ, "ზუგდიდს" აუცილებლად დავეხმარები,"
- განაცხადა ამირ აზმიმ "ზუგდიდის" პრესსამსახურთან კომენტარში.

30 წლის
ეგვიპტელი ტანმაღალია - 190 სმ. ამპლუით საყრდენი ნახევარმცველისთვის უცხო არც ცენტრალური მცველის როლია - ბოლო პერიოდში სწორედ ამ პოზიციაზე ათამაშებდნენ.

Sportall.Geეგვიპტის ეროვნული ნაკრებში პირველად 2005 წელს მიიწვიეს, თუმცა მხოლოდ 5 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ყველაზე მეტჯერ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშა.

რაც შეეხება ამირ აზმის საკლუბო კარიერას, ის საკმაოდ შთამბეჭდავია: 2004-07 წლებში საბერძნეთის პაოკ-ის ღირსებას იცავდა, 2007-08 წლებში საუდის არაბეთის ჩემპიონატში გამოდიოდა, 2008 წელს კვიპროსული "ანორთოსისის" მაისურა მოირგო და გუნდს ჩემპიონის ტიტულის მოგებაში დაეხმარა.

იმავე წლის ივნისში აზმი თურქეთის სუპერლიგის "ჰაჩეთეფეში" (ყოფილი "არასფორი") გადავიდა, სადაც რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა: 2008 წლის სექტემბერში "ფენერბაჰჩესთან" გუნდის ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო. თუმცა გუნდი სუპერლიგიდან გავარდა, ამირ აზმი კვიპროსში დაუბრუნდა და ლარნაკას აეკ-ში ჩაირიცხა.

ამ პერიოდში გერმანული ვებგვერდი "ტრანსფერმარკტი" მის სავარაუდო ფასად 1.5 მილიონ ევროს ასახელებდა, თუმცა ახლა 30 წლის ფეხბურთელს ზუსტად 10-ჯერ ნაკლებად, 150 ათას ევროდ აფასებს.

მალე, მცირე ხნით, აზმი ისევ თურქულ კლუბში, ამჯერად "დიარბაქირში" ჩაირიცხა. მერე კი, როგორც ჩანს, მისი კარიერა დაღმა დაეშვა: ჯერ საუდის არაბეთს მიაშურა, 2011 წლიდან დღემდე კი ეგვიპტის პრემიერლიგის კლუბ "მისრ ელ მაკაშას" შემადგენლობაში თამაშობდა. იქ ცენტრალური მცველი გახლდათ.

25 აგვისტოს ეგვიპტელს მარტვილის "მერანის" წინააღმდეგ არ უთამაშია. როგორც კობა წიტაიშვილი ამბობს, ზუგდიდელთა შორის ამირ აზმი მეგაჰედის დებიუტი მე-4 ტურში, ბოლნისის "სიონთან" განმუხურში გასამართ შეხვედრაში შედგება.

საინტერესოა, რა პირობებს სთავაზობს "ზუგდიდი" ეგვიპტელს?

"შეიძლება დაუჯერებლად გეჩვენოთ, მაგრამ ამირ აზმი საქართველოში წიტაიშვილის ხათრით ჩამოვიდა, მეგობრობდნენ და თამაში ყოველგვარი პირობისა და ვაჭრობის გარეშე მოისურვა.

ეგვიპტელმა ისეთი თვისებები გამოავლინა, გაოცებული დავრჩი. კარგი მოთამაშე და კიდევ უკეთესი ადამიანი ჩანს. მისი სურვილი ფორმის შენარჩუნებაა, ჩვენი კი - გაძლიერება და ეს სურვილები ერთმანეთს დაემთხვა",
- გვითხრა "ზუგდიდის" დირექტორმა მალხაზ ჭეჟიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული