"მიხეილ მესხზე" ბოლნისის "სიონთან" შეხვედრამ გამოაჩინა, რომ ლანჩხუთელები ჩემპიონატის ცალსახა აუტსაიდერები არ იქნებიან, მაგრამ გუნდს სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია და ეს აშკარად ეტყობა.
"გურიას" მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე იმედოვნებს, რომ მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია...
- აშკარაა, რომ გუნდი ჩემპიონატს მოუმზადებელი შეხვდა და მოთამაშეები სასურველ კონდიციებში არ არიან...
- "სიონთან" შეხვედრაში სწორედ ამან დაგვაღალატა. ვერავინ იტყვის, რომ მეტოქე გვჯობდა. უპირატესობას ვფლობდით და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც
- ფაქტობრივად, სეზონის წინ "გურია" ორჯერ დაიშალა და თავიდან აიწყო. ასეთ პირობებში რამდენად შესაძლებელია არასტაბილურობის თავიდან აცილება?
- სანაკრებო პაუზა მაიმედებს. ფაქტობრივად, ჩემპიონატისგან ორი კვირა ვისვენებთ და ეს დრო შეკრების ორგანიზებისა და მოთამაშეთა მომზადების დონის ასაწევად უნდა გამოვიყენოთ.
- არადა, "სიონთან" შეხვედრის პირველ ტაიმში "გურიას" ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, გუნდში გარკვეული პოტენციალიც არის...
- მეც სწორედ ამას ვიმედოვნებ, რომ გამოცდილი მოთამაშეების დახმარებით ვითარებას დროულად გამოვასწორებთ, მაგრამ სეზონის ასე დაწყება მაინც ძალიან არასასურველია. გუნდები ემზადებიან და წვალობენ, ოღონდ სეზონი არ ჩააგდონ, მაგრამ შემადგენლობის ჩამოსაყალიბებლად და შესათამაშებლად მათაც გარკვეული დრო სჭირდებათ.
კიდევ კარგი, გუნდიდან წასული სამი ფეხბურთელი - შალამბერიძე, დარჩიძე და შენგელია - დაგვიბრუნდა. მერე "სიონის" სამი მოთამაშე პირველი ტურის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე დავიმატეთ და ცოტა ამოვისუნთქეთ.
- საერთოდ, უფულობა და მოუმზადებლობა ქართულ ფეხბურთს ძალიან აზარალებს. ბევრ გუნდს წელიწადში რამდენიმე თვე უცდება, ასე კი გუნდები და მოთამაშეები უკან-უკან მიდიან...
- აბსოლუტურად გეთანხმებით. ჩვენი გუნდების უმრავლესობა არასტაბილურია. ჩვენს მაგალითზე გეტყვით - როცა მოთამაშეს კარგად არ იცნობ და უვარჯიშებლად შემადგენლობაში იმიტომ აყენებ, რომ სხვა გზა არ გაქვს, ასე რა შედეგზე უნდა ვიფიქროთ?
სხვა რა გზაა, ფორმაში სათამაშო პრაქტიკის ხარჯზე უნდა შევიდეთ. წეღანაც ვთქვი - სანაკრებო პაუზისას პატარა შეკრებაც დაგვეხმარება.
- გულახდილად რომ ვთქვათ, სამი ტურის შემდეგ ყველაზე სუსტად "გურია", "ზუგდიდი" და "სპარტაკი" გამოიყურებიან. ბევრი ფიქრობს, რომ გავარდნის კანდიდატები ხართ...
- ჩვენი პრობლემა ისიც არის, რომ საშინაო შეხვედრებს ლანჩხუთში ვერ ვმართავთ. არადა, სახლის ფაქტორი "გურიასთვის" ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ლანჩხუთში თამაში მეტოქისთვის ძალიან ძნელია. ჩვენ ისეთი გულშემატკივარი გვყავს, გუნდს დიდ ძალას რომ მატებს. ახლა თბილისის "დინამოსთან" მასპინძლობის უფლებაც არ გვაქვს და ქობულეთში უნდა ვეთამაშოთ.
- სატრანსფერო პერიოდი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. კიდევ ვინმეს დამატებას ხომ არ აპირებთ?
- სამ მოთამაშეზეა ლაპარაკი. აქედან ორი აფრიკელია: ერთი განელია, მეორე - კამერუნელი. ისინი ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობენ, უახლოეს დღეებში აქ იქნებიან. ამას გარდა, ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მითხრა, რომ უკრაინიდან იჯარით "დნიპროს" თავდამსხმელის ჩამოყვანა სურს, მაგრამ ჯერ მისი სახელი, გვარი და წარსული არ ვიცი.
საერთოდ, ჯერ ძნელი სათქმელია, რის საშუალებას მოგვცემს ბიუჯეტი. კარგი ისაა, რომ "გურიას" დავალიანება სრულად გაისტუმრეს, ანუ ის პრობლემა მოგვარდა, რის გამოც კლუბში უსიამოვნო ამბები მოხდა... მოთამაშეების წასვლას ვგულისხმობ...
- ახლა ხელფასები დროულად გაიცემა?
- შეგვპირდნენ, პრობლემები აღარ იქნებაო. ეს მაიმედებს, რადგან სამუშაო გარემო ფინანსების სტაბილურობაზეა დამოკიდებული. სპონსორებთან მოლაპარაკებაც აქტიურ ფაზაშია და ვნახოთ... იქნებ ეშველოს "გურიას".
- აქამდე სპონსორებთან მოლაპარაკება, ბოლო 20 წლის განმავლობაში, მუდმივად წარუმატებელი იყო. რამდენად რეალურია, რომ ახლა მაინც მიიღოთ შედეგი?
- ადრინდელისგან განსხვავებით, ახლა "გურიას" უპირატესობა აქვს - გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა უკვე ბალანსზეა, რაც ამ 20 წლის განმავლობაში ჩხუბისა და დაპირისპირების მიზეზი იყო. ამით "გურიას" ფასი საგრძნობლად აიწევა და სწორედ ეს გვაიმედებს - ბაზა და გუნდი ერთად ინვესტორს ალბათ დააინტერესებს.
ასეთი ტრადიციების მქონე კლუბი სერიოზულ დონეზე უნდა თამაშობდეს და დიდი მიზნებისთვის იბრძოდეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"