სამწუხაროდ, "ბაიას" კრიზისი კვლავ გრძელდება და ჯერ არავინ იცის, როდის გამოსწორდება მდგომარეობა. კალენდარულ მატჩებზე "ბაია" კვლავაც ნასესხები ფულით დადის, გაუცემელია ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და პერსონალის დავალიანებები... სიახლეების გასაგებად და გუნდში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად "ბაიას" მთავარ მწვრთნელ ელგუჯა ქომეთიანს მივმართეთ.
- რაიმე დამაიმედებელი სიახლე ხომ არ გაქვთ?
- კონკრეტულად რომ ვთქვათ, რამდენი თვეა, გუნდის წევრებს გასამრჯელო არ მიუღიათ?
- დეკემბერში სამი თვე შესრულდება, რაც ხელფასები არ დარიგებულა, პრემიებზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. ნამდვილად ვერ გავამტყუნებ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც უფულობის გამო გუნდი სეზონის მსვლელობისას დატოვეს, ხოლო იმ ბიჭების მიმართ, რომლებიც "ბაიას" ღირსებას დღემდე უსასყიდლოდ იცავენ, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. თუმცა მათაც ჰყავთ ოჯახები, მათაც სჭირდებათ საარსებო წყარო და თუ უახლოეს პერიოდში არაფერი შეიცვალა, გუნდს აუცილებლად დატოვებენ. მით უფრო, რომ ბევრმა მათგანმა უკვე მიიღო ხელსაყრელი შეთავაზება. არადა, მათ წასვლა არ სურთ, უფულობის გამო ასეთი ბრძოლისუნარიანი და მეგობრული გუნდის დაშლა დიდი საცოდაობა იქნება.
- სახელფასო დავალიანების გასტუმრებას არ გპირდებიან?
- ამას თვის ბოლოსთვის ადგილობრივი გამგეობა შეგვპირდა. რაღა თქმა უნდა, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ ეს პრობლემებს მხოლოდ ლოკალურად მოგვიგვარებს, "ბაიას" სამომავლო არსებობა კი მაინც ეჭვქვეშ დარჩება.
- სპონსორის პოვნის იმედი თუ გაქვთ?
- უპირველესად, სწორედ ამ იმედის გამო ვაგრძელებთ საწვრთნელ პროცესს. ასეთი გაჭირვების მიუხედავად, გუნდს ერთი ვარჯიშიც კი არ გასცდენია. კლუბის დაფინანსების თაობაზე კონკრეტული მოლაპარაკება არავისთან მიმდინარეობს, მაგრამ მაინც ვიმედოვნებთ, რომ "ბაიას" ინვესტორი გამოუჩნდება. ყველაფერი ალბათ, მიმდინარე წლის ბოლომდე გაირკვევა. სეზონის პირველ ნახევარს ავად თუ კარგად, ჩავამთავრებთ, შემდეგ კი ღმერთმა ქნას, გვეშველოს...
- თუ ელოდით, რომ არაერთი გამოცდილი ფეხბურთელის წასვლისა და უსახსრობის მიუხედავად, "ბაია" მეტოქეებისთვის კვლავ ანგარიშგასაწევ ძალად დარჩებოდა?
- ეს ნამდვილად არ გამკვირვებია, რადგან კარგად ვიცოდი, რომ დუბლშემადგენლობაში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავდა, რომელთაც უმაღლეს ლიგაშიც შეეძლოთ თავის გამოჩენა. მათ თამამად ვენდეთ და არც შევმცდარვართ – ამ ბიჭებმა ჩინებულად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და "ბაიას" მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებაში დაეხმარნენ. ხელშეწყობის შემთხვევაში, მათ დიდი მომავალი აქვთ. ცალკე მადლობის ღირსნი არიან ის გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებმაც გუნდი არ მიატოვეს და ახალგაზრდებს მაღალ დონეზე თამაშის მაგალითს აძლევენ.
- განვლილი მატჩებიდან რომელში ნაჩვენები თამაშის ხასისხით ხართ ყველაზე კმაყოფილი?
- ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან კარგი შედეგი იყო თბილისის "დინამოსთან" სტუმრად მიღწეული ფრე, მაგრამ ამაზე არანაკლებ მაღალ დონეზე ვითამაშეთ "სიონისა" და "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ. რახან "დინამოსთან" მატჩი ვახსენე, აქვე გულისტკივილს გამოვთქვამ იმ გავრცელებული ეჭვების გამო, რომელიც თითქოსდა ტოტალიზატორებთან დაკავშირებულ მანიპულაციებს ეხება. მჯერა, ეს ჭორები ბევრს არ დაუჯერებია, მაგრამ მაინც ძალიან საწყენია, ჩვენს მიერ დიდი ბრძოლითა და შრომით მიღწეულ შედეგს ეჭვქვეშ რომ აყენებენ. საუკეთესო შეხვედრად კი ქუთაისის "ტორპედოსთან" ჩატარებულ სათასო დაპირისპირებას დავასახელებდი. არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით. თასიდან გამოვარდნამ გული ძალიან დაგვწყვიტა, მაგრამ ჩვენი უმთავრესი საზრუნავი მაინც ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობაა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ სათანადო დაფინანსების შემთხვევაში, "ბაია" ევროთასების საგზურისთვის იბრძოლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"