ნიშანდობლივია, რომ ტურის ექვსი მატჩიდან ხუთში მასპინძლებმა იმარჯვეს, ხოლო ახალ სეზონში რომ ფრეების ნაკლებობაა, ამას სატურნირო ცხრილიც ადასტურებს. თავად განსაჯეთ: ჩემპიონატის დასაწყისიდან დღემდე მხოლოდ 4 მატჩი დამთავრდა საყაიმო ანგარიშით!
თუმცა გასულ ტურში ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი ფაქტები თუ მოვლენები მოხდა: ჩემპიონატს ერთადერთი ლიდერი ჰყავს ("ჩიხურა"), "ზუგდიდმა" პირველი მატჩი მოიგო, "სპარტაკი" კვლავაც უქულოდ აგრძელებს ასპარეზობას. და, რაც მთავარია, პირველი მარცხი განიცადა თბილისის "დინამომ"!
თანაც, ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, "დინამომ"
თუმცა ლანჩხუთელთა გუნდის მონდომებულმა თამაშმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა, რომ ფეხბურთში ფინანსებისა თუ "გვარ-სახელის" გარდა, სხვაც ბევრია მნიშვნელოვანი, კერძოდ, მონდომება და გამარჯვებისკენ სწრაფვა!
ჰოდა, დაუფასდათ კიდევაც გურულებს ეს მონდომება და ძალიან, ძალიან დიდი პაუზის მერე შეძლეს ერთ დროს უპრინციპულესი მეტოქის დამარცხება. გასული ტურის მიმოხილვაც, რაღა თქმა უნდა, ამ მოვლენით უნდა დავიწყოთ...
გურულების 21-წლიანი მოლოდინი...
ტურის წინათქმაშიც ვახსენეთ, რომ პირველ სამ ჩემპიონატში (1990, 1991, 1991-92) თბილისის "დინამოს" (იმდროინდელ "იბერიას") ყველაზე რეალური კონკურენტი ლანჩხუთის "გურია" იყო. პირველ და მეორე ჩემპიონატში ოქროს მედლებზე პრეტენზიას მხოლოდ ეს ორი გუნდი აცხადებდა და ორივეგან ერთიმეორეზე უკეთესი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ.
თუმცა, ასეთი კონკურენციის მიუხედავად, "გურიამ" მხოლოდ მეხუთე ცდაზე შეძლო "დინამოს" დამარცხება: მესამე ჩემპიონატის ფინიშისკენ გიგლა იმნაძის დამოძღვრილმა "გურიამ" საშინაო შეხვედრა მოუგო რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამოს" (2:1).
იმ მატჩში მასპინძელთაგან გოლები გაიტანეს გამოცდილმა მერაბ თევზაძემ და 20 წლის გიორგი ნემსაძემ, რომელსაც იმ სეზონის დაწყების წინ (ისე, როგორც კახა გოგიჩაიშვილს) "დინამოდან" წამოსვლა მოუწია (რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილით არ მომხდარა), სტუმართაგან კი ერთადერთი გოლი ასევე 20 წლის გოჩა ჯამარაულმა გაიტანა.
აი, ეს იყო "გურიას" პირველი და... უკანასკნელი მოგება "დინამოსთან" - ამის შემდეგ ლანჩხუთელები არაერთხელ დამარცხებულან ხუთი თუ ექვსბურთიანი სხვაობით და ეგ კი არა, პრინციპული მეტოქის კარში გოლის გატანაც ენატრებოდათ.
თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული და 21-წლიანი პაუზის შემდეგ "გურიამ" კვლავ მოახერხა ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის დამარცხება!
ისე, ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი აჟიოტაჟი იქნებოდა, ეს შეხვედრა ქობულეთის ნაცვლად ლანჩხუთში რომ ჩატარებულიყო...
რა ხდება დინამოში?
..."ტოტენჰემთან" ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩის მერე "დინამოს", ასე თუ ისე, მაინც ჰქონდა "გურიასთან" შეხვედრისათვის მოსამზადებლად საჭირო მეტ-ნაკლები დრო; ანუ ჩემპიონის ამ წაგებას მთლად დაღლილობასაც ვერ დავაბრალებთ; ალბათ, ვერც იმას, რომ ქობულეთში დუშან უჰრინმა, ცოტა არ იყოს, ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოიყვანა: სხვადასხვა მიზეზით "დინამოს" ხომ გიორგი ლორია, დავით კვირკველია, უსტარიცი, ელგუჯა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია, ჩისკო და ჯაბა დვალი აკლდნენ (პლუს, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული მართლაც პერსპექტიული ნახევარმცველი გიორგი პაპავა).
ჰო, ზოგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, ზოგს - ტრავმა ჰქონდა (ჩისკო, უსტარიცი, კვირკველია); აი, დვალის არყოფნა კი დუშან უჰრინმა იმით ახსნა, რომ ბოლო წლების საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი "დინამოს" მეორე გუნდში ყოფილა გადაყვანილი!
ვერაფერს ვიტყვით, მართლაც უცნაური ფაქტია, ისე, როგორც ლონდონში, "ტოტენჰემთან" საპასუხო შეხვედრაში დვალის სათადარიგოთა სკამზე გამწესება.
დინამოელთა ჩეხ მწვრთნელს თავისი გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუკონკრეტებია: "ეს ჩვენი კლუბის შიდა სამზარეულოა", - განაცხადა "გურიასთან" მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
კი, ბატონო, იყოს "შიდა სამზარეულო", მაგრამ ისიც გვინდა უჰრინს "შევახსენოთ", რომ "დინამო" მართლაც არ არის "ჩვეულებრივი კლუბი" და, ბუნებრივიც იქნება ჟურნალისტებისა თუ გულშემატკივრების დაინტერესება გუნდში მიმდინარე პროცესების მიმართ. მით უფრო იმ ფაქტთან დაკავშირებით, როცა ეს ინტერესი ეხება გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის, საქართველოს ორგზის საუკეთესო ბომბარდირის მეორე გუნდში გადაყვანას.
და კიდევ: ახალ, 2013-14 წლების სეზონში "დინამომ" 9 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და აქედან 3 მოიგო (2 - ფარერების გუნდთან, 1 - ახალშეკოწიწებულ "ზესტაფონთან", ისიც ბოლო წამებზე), 1 ფრედ დაამთავრა და 5 წააგო! ამას გარდა, გვეეჭვება, რომ "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას (რომელმაც ამ ორწლინახევრის განმავლობაში კლუბში სოლიდური ინვესტიცია განახორციელა) გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა აკმაყოფილებდეს: სპორტული თვალსაზრისითაც (ცხრილს გახედეთ! - გ.ტ.) და გუნდში არსებული მიკროკლიმატითაც...
ლანჩხუთელთა მოტივაცია
აი, ასეა მუდმივად: "დინამოს", ფაქტობრივად, ნებისმიერი მარცხი ტურში მომხდარ ყველა დანარჩენ მოვლენას გადაწონის ხოლმე; არადა, "დინამოს" გარშემო რაც ხდება, ამით რატომ უნდა დაკნინდეს "გურიას" მწვრთნელ-ფეხბურთელთა მონდომება თუ დამსახურება?
მოდი, ჯერ მთავარ მწვრთნელზე ვთქვათ: ყველამ იცის, თუ რა მდგომარეობაში ჩაიბარა დავით მახარაძემ იმ დროისათვის, ფაქტობრივად, არარსებული "გურია"; ახლა კი, ოთხი ტურის მერე, "გურიასა" და "დინამოს"... ქულათა ერთნაირი რაოდენობა აქვთ!
...ლანჩხუთელთა შემადგენლობაში ყველა მოტივირებულად გამოიყურებოდა: ალექსანდრე კოშკაძე, თენგიზ ჩიკვილაძე და ნიკა ჯიშკარიანი ყოფილი დინამოელები არიან (და ამით ყველაფერი ნათქვამია), კამერუნელმა მარჯვენა მცველმა არნო ჩუენსუმ (გახსოვთ "სიონის" ყოფილი ცენტრფორვარდი ერიკ-რომეო ჩასემი, - იმის უმცროსი ძმა გახლავთ) სტუმრებს უამრავი პრობლემა შეუქმნა; გუნდის ახალწვეულმა ვილი ისიანმა პირველი გოლი ეფექტურად (დასწრებაზე) ხომ გაიტანა, მეორეშიც (ჯიშკარიანთან ერთად) ლომის წილი დაიდო; შეცვლაზე შემოსულმა ალექსანდრე შენგელიამ კი ამ შეხვედრის გადამწყვეტი გოლი გაიტანა (რომელიც 24 წლის ფეხბურთელისათვის უმაღლეს ლიგაში სადებიუტო იყო).
სხვა ფაქტები
ამ ტურში მხოლოდ "დინამოს" არ უთამაშია შესუსტებული შემადგენლობით: გიორგი დევდარიანის დამოძღვრილ "დილას" 5 წამყვანი ფეხბურთელი (გიორგი ილურიძე, ლაშა გვალია, ოთარ ხიზანეიშვილი, გულვერდ თომაშვილი, მიხაილ გორელიშვილი) აკლდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც შეძლო დიდი ანგარიშით (3:0) "მეტალურგის" დამარცხება.
ყოფილი კლუბის კარში დუბლი შეასრულა ირაკლი მოდებაძემ, რომელსაც გარჯა დაუფასდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს.
ტურის მეორე დუბლი კი "ვიტ ჯორჯიას" მარჯვენა გარემარბმა გიორგი კორიფაძემ შეასრულა; აღსანიშნავია, რომ "ვეტერინარებს" აქამდე არც ქულა ჰქონდათ აღებული "მერანთან" დაპირისპირებებში და არც გოლი ჰქონდათ გატანილი...
ტურის სხვა გამორჩეული ფაქტებიდან "ზუგდიდის" პირველი გამარჯვება უნდა აღვნიშნოთ, რომელიც ახალ ამპლუაში, მთავარი მწვრთნელის პოსტზე კობა წიტაიშვილისათვის სადებიუტო იყო. ამას გარდა, გვერდს ვერ ავუვლით პირველი ეგვიპტელი ფეხბურთელის გამოჩენას საქართველოს ჩემპიონატში: "ზუგდიდის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ამირ მეგაჰედის!
P.S. სანაკრებო მატჩების გამო ჩემპიონატში ახლა პაუზაა, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ სწორედ ამ პაუზის დროს შევიტყოთ რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ. ამ შემთხვევაში კი, რაღა თქმა უნდა, სამწვრთნელო გადაადგილებებს ვგულისხმობთ...
საქართველოს ჩემპიონატი. IV ტური
გურია-დინამო 2:1 - გურული ფირალები და გაძარცვული ჩემპიონი [VIDEO]
ჩიხურა-ზესტაფონი 1:0 - გამარჯვებულს არ ასამართლებენ [VIDEO]
დილა-მეტალურგი 3:0 - გორელებმა ხასიათი გამოიკეთეს [VIDEO]
სპარტაკი-ტორპედო 0:1 - მონდომებაც და ლოგიკაც [VIDEO]
ზუგდიდი-სიონი 2:1 - კობა წიტაიშვილმა სიტყვა შეასრულა
ვიტ ჯორჯია-მერანი 3:0 - რა უნდა ჩაენიშნა თემურ ქეცბაიას ასეთ თამაშში?
სატურნირო ცხრილი
ბომბარდირები:
გ. დოლიძე (დილა) 3
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 3
თ. კაპანაძე (ტორპედო) 2
ნ. საბანაძე (ტორპედო) 2
დ. კირკიტაძე (მეტალურგი) 2
ი. მოდებაძე (დილა) 2
ე. ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია) 2
გ. კორიფაძე (ვიტ ჯორჯია) 2
ლ. თოთაძე (სიონი) 2
ლ. ახალაია (სიონი) 2
გ. დათუნაიშვილი (ჩიხურა) 2
ვ. ისიანი (გურია) 2
გ. მერებაშვილი (დინამო თბ) 2
V ტური
13 სექტემბერი, პარასკევი
დინამო-ზუგდიდი
მერანი-ჩიხურა
სიონი-ვიტ ჯორჯია
ტორპედო-გურია
მეტალურგი-სპარტაკი
ზესტაფონი-დილა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"