ბათუმის "დინამოს" იუბილეზე, შეიძლება, ჟოაო პინტუ და კეტი პერი ესტუმრონ

AutoSharing Option
წლეულს ბათუმის "დინამოს" დაარსებიდან 90 წელი სრულდება. 1923 წელს ჩამოყალიბებულმა კლუბმა ქართული ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა.

მართალია, ბოლო წლებია, უმაღლესიდან პირველ ლიგაში (და პირიქით) მოგზაურობას შეეჩვია, მაგრამ ეს გუნდის წარსულს ვერ ბღალავს...

ახლახან, ბევრი ნიჭიერი მოთამაშის გამზრდელსა და საქართველოს კვალობაზე საკმაოდ ტიტულოვან ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელობა შეეცვალა. პრეზიდენტის პოსტი დატოვა სულხან გოგიბერიძემ, მის ნაცვლად კი ახალგაზრდა ოთარ ფედიჩკინი აირჩიეს.

როგორც შევიტყვეთ, კლუბი 90 წლის იუბილის აღსანიშნავად ემზადება. ბათუმელებს ამბიციური გეგმები აქვთ.

აი, რას ამბობს ბექა კვიციანი, რომელიც ამავე დროს ფუტსალის
კავშირის დამფუძნებელია და ევროპასა თუ ამერიკაში სოლიდური კავშირებიც აქვს:

"ოთარ ფედიჩკინთან მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა მაქვს. ვუთხარი, რომ მზად ვარ, ბათუმის "დინამოს" იუბილისთვის რომელიმე კლუბის ჩამოყვანაში დავეხმარო.

ბოლო დღეების განმავლობაში დაველაპარაკე რამდენიმე სერიოზული კლუბის ხელმძღვანელს, რომლებიც ბათუმში ჩამოსვლით დაინტერესდნენ. ოპერატიულად გამოგვეხმაურა ამერიკულ MLS-ში მოასპარეზე "დი-სი იუნაიტედის" უფროსობა. ჯერ კიდევ ამერიკაში ცხოვრების პერიოდიდან ამ ვაშინგტონურ კლუბთან გარკვეული ურთიერთობა მაკავშირებს.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს გერმანულ "მაინცთან", პორტუგალიურ და სხვა ცნობილ ევროპულ კლუბებთან.

ბათუმის "დინამოს" იუბილის აღნიშვნა 20 დეკემბერსაა დაგეგმილი. მაგრამ ეს მაინც სავარაუდო თარიღია, კონკრეტულ დღეს მალე დაასახელებენ. ამავე დროს, არ გამოვრიცხავ, იუბილეს წარსულში ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი ჟოაო პინტუც დაესწროს. მას ორიოდე დღის წინ დავუკავშირდი და მითხრა, რომ აუცილებლად გადახედავს სამუშაო კალენდარს და თუ მატჩი მისთვის სასურველ დღეს გაიმართება, სიამოვნებით ჩამოვა.

ველაპარაკე ასევე ცნობილ მომღერალს კეტი პერის. ისიც შემპირდა, რომ მექსიკური ტურნეს შემდეგ ბათუმში ჩამოსვლაზეც იფიქრებს.

ჯერჯერობით კი ის ვიცი, რომ 20 დეკემბერს ბათუმს საკმაოდ ძლიერი გუნდი ესტუმრება".

ამ ყველაფრის გარდა, საინტერესოა ისიც, რომ ნიჭიერი ბავშვების მოსაძიებლად, ბათუმის "დინამომ" თბილისურ საფეხბურთო სკოლა "გრანდთან" თანამშრომლობა გადაწყვიტა:

"შეხვედრა გიორგი შანიძეს ინიციატივით შედგა. ეს ახალგაზრდა კაცი სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელია და რომ იცოდეთ, უფულოდ უზარმაზარი საქმე გააკეთა. მან და მისმა თანამოაზრეებმა მოაწყვეს მოედნები და ისანი-სამგორის რაიონში მაცხოვრებელ 150 ბავშვს უფულოდ ავარჯიშებენ, სამომავლოდ კი II ლიგაში სურთ კლუბის გაყვანა.

ოთარ ფედიჩკინი და "დინამოს" ხელმძღვანელები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე როგორც საბავშვო, ისე ძირითადი გუნდების დონეზე.

სავარაუდოდ, ბათუმის "დინამოს" იუბილისთვის მზადებასაც ერთად წარმართავენ. თბილისში სასელექციო მუშაობას, "გრანდთან" ერთად, გელა შეყილაძე წარმართავს.

ამის შემდეგ საუბარი უკვე ფუტსალსაც შეეხო. ბატონმა ოთარმა თქვა, რომ იწონებს ფუტსალის კავშირის იდეას, რეგიონებში გუნდის დაფუძნების თაობაზე. არადა, საკლუბო ცხოვრების გამოცოცხლება მხოლოდ საფეხბურთო კლუბით შეუძლებელია, მასში უნდა იყოს გაერთიანებული ფუტსალის, კალათბურთის, რაგბის გუნდებიც. ეს ყველა კლუბს გააძლიერებს და მეტ მაყურებელსაც შესძენს".

მალხაზ მახარაძე, ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორი:

"საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ძალიან ბევრი საკითხი გავიარეთ და მიმაჩნია, რომ შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივა ორივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს. ეს ეხება არა მხოლოდ მოთამაშეების საკითხს, არამედ იუბილის აღნიშვნასაც".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ გამომაპაროთ კეტი პერის ჩამოსვლა:))) ისე, არ ვიცოდი, ლელო იუმორისტული გაზეთი თუ იყო:)))
ბონდო დოლაბერიძე (ფეხბურთის ხორცმეტი)
17:55 07-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული