უკრაინელი ქართველი "ზესტაფონში"? - ირაკლი მესხიას ტრანსფერზე ლაპარაკობენ

AutoSharing Option
შესაძლოა, ირაკლი მესხია მალე "ზესტაფონში" ჩაირიცხოს. ის უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია, ბოლოს კი ხარკოვის "მეტალისტში" ირიცხებოდა.

ამდენად, მისი საქართველოში შესაძლო დაბრუნების ფაქტიც საკმაოდ მოულოდნელია.

"მესხიას ტრანსფერზე ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს "ზესტაფონთან" და მიმაჩნია, რომ ამ დონის მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატისთვის კარგი შენაძენი იქნება",
- გვითხრა დავით ქარაულმა, რომელიც ზამთარში გორის "დილაში" ნათან ჟუნიორისა და ლეონარდო რამოსის ჩამოყვანაში მონაწილეობდა, ფოთის "კოლხეთში" კი ასევე ბრაზილიელი როსინის ტრანსფერი განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ იანვარში კიევის "ობოლონის" (პირველი ლიგა) 19 წლის შემტევ ნახევარმცველს დონეცკის
"მეტალურგსა" და მარიუპოლის "ილიჩევეცში" იწვევდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მესხიამ არჩევანი უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, "მეტალისტის" სასარგებლოდ გააკეთა და 3-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

თუმცა მოხდა ისე, რომ უკრაინული პასპორტის მქონე ქართველმა კარიერა იქაური პრემიერლიგის აუტსაიდერ უჟგოროდის "ჰოვერლა-ზაკარპატიეში" გააგრძელა. ხარკოველებმა მესხია იქ იჯარით გაუშვეს - სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით.

საბოლოოდ, "ჰოვერლა-ზაკარპატიე" უკრაინის პრემიერლიგას დაემშვიდობა, მესხია კი "მეტალისტს" დაუბრუნდა, მაგრამ...

"მესხიას ხარკოვის "მეტალისტთან" კონტრაქტი აკავშირებდა, მაგრამ ძირითადში არ ათამაშებდნენ. ცხადია, მის ინტერესში თამაში და ფორმის შენარჩუნება იყო. ამის საშუალებას კი "მეტალისტი" არ აძლევდა და რადგან სკამზე ჯდომა არ სურდა, კლუბს კონტრაქტის გაუქმებაზე შეუთანხმდა.

საქართველოში დროებით დაბრუნებაც იმიტომ გადაწყვიტა, რომ ითამაშოს, ფორმა შეინარჩუნოს და მომზადებული იყოს",
- ამბობს ქარაული.

2012 წელს უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კუზნეცოვმა მესხია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამ შეხვედრაში ათამაშა, წლეულს კი ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი კოვალეცმაც მიიწვია.

უკრაინაში პოპულარულმა ტელეკომენტატორმა სერგეი მოროზოვმა მესხიას გამოძახება მაშინ ასე შეაფასა:

"დღეს უკრაინაში შემოქმედებითი სტილის მოთამაშეთა კატასტროფული დეფიციტია. ბურიაკები აღარ გვყავს, ამიტომ, ლოგიკურია, რომ კოვალეცმა არჩევანი მესხიაზე შეაჩერა.

ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ვალერი ლობანოვსკის სტილის მიმდევარი არ არის და "მუშა" ფეხბურთელებზე მეტად, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მოთამაშეებს ენდობა. მესხია კი თავის თაობაში ამ თვისებებით აშკარად გამორჩეულია".


გარდა შემტევი ნახევარმცველისა, მესხია თავდამსხმელის პოზიციაზეც თამაშობს. სხვათა შორის, მისით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძეც დაინტერესდა, მაგრამ უკრაინული პასპორტის გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, მოქალაქეობის შეცვლა კი დროულად ვერ მოხერხდა.

ირაკლი თბილისელია. 8 წლამდე "ირაოში" მამუკა ფანცულაიასთან ვარჯიშობდა. ამის შემდეგ მისი ოჯახი მოსკოვში გადავიდა და 4 წელი "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლაში დადიოდა.

ქართველების დეპორტაციის პერიოდში მესხიების ოჯახი თბილისში დაბრუნდა და ორი წლის განმავლობაში ირაკლი 35-ე სკოლაში, გოჩა ავსაჯანიშვილთან ემზადებოდა. 14 წლისა ის კიევის "ობოლონის" სკოლაში მიიღეს, ორ წელიწადში კი უკრაინელებმა მოქალაქეობა მისცეს და 3-წლიანი კონტრაქტიც გაუფორმეს.

2011/12 წლების სეზონში მესხია სისტემატურად თამაშობდა "ობოლონის" ძირითად შემადგენლობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
dzalian miyvarxar
daluda
21:59 17-09-2013
0
ჩემო კარგო უნიჭიერესი ხარ წარმატებებს გისურვებ არ აყვე ბოროტ ენებს და ასე განაგრძე ძალიან კარგი ხარ და სჰენთან ვართ შენები :*
cvcgsdfgds
21:58 17-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული